ავტორი:

„ბლექ სი არენაზე“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

„ბლექ სი არენაზე“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოში უკვე მესამედ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ოთხი უცხოური და თექვსმეტი ქართული ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალი შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიხსნება და შემდეგ რაჭაში გადაინაცვლებს.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის განცხადებით, ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს მთელ მსოფლიოში აღიარებული უძველესი ქართული პოლიფონიის დაცვას, ქართული ფოლკლორის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის პოპულარიზაციას.

„ჩვენს ქვეყანაში წელს მესამედ იმართება ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი ტრადიციული გახდა, შეიცვალა სახელი, გაფართოვდა მასშტაბები, გასცდა შავი ზღვის არეალს. ამიერიდან იქმნება შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ფორუმები და ფესტივალები რეგულარულად იმართებოდეს საქართველოში. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს მთელ მსოფლიოში აღიარებული უძველესი ქართული პოლიფონიის დაცვას, ქართული ფოლკლორის – ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის – პოპულარიზაცია-შენარჩუნებას. ეს არის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მისია და დანიშნულება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სხვადასხვა ერის კულტურათა დაახლოება უკეთ წარმოაჩენს თითოეული მათგანის განსაკუთრებულობასა და თავისთავადობას. საქართველოში ფოლკლორი – კოლექტიური ხსოვნის ყველაზე ცოცხალი წყარო – XXI საუკუნეშიც ქმედითი და სიცოცხლისუნარიანია, ფოლკლორულ-შემოქმედებითი პროცესები დღესაც მიმდინარეობს და, ამდენად, ის ამითაც იშვიათი და გამორჩეულია.

საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყველაფერს გააკეთებს ფესტივალის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ფესტივალის მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და მათ დიპლომატიურ კორპუსებს, ქართული ფოლკლორის თაყვანისმცემლებს და გულშემატკივრებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში”,- განაცხადა გიორგი დონაძემ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება