"როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია... საქართველოს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია" - ამ სიმღერის ფონზე აწყობილი ვიდეოკლიპი აჩვენეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პარლამენტში, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში დაიწყებოდა.
სხდომა რომან გოცირიძემ გახსნა სიტყვით და კანდიდატებს მიმართა, რომ პირველი კითხვა ვიდეოს სახით იქნებოდა წარმოდგენილი და სწორედ მისი ნახვის შემდეგ გადავიდოდნენ ოპოზიციონერები შეკითხვებზე.
"ჩვენი შეკითხვა გვინდა დავიწყოთ ვიდეო შეკითხვით, რომელსაც ახლა იხილავთ ეკრანზე, ამ მწვავე შეკითხვაზე მოითხოვს პასუხს დღეს ხალხი, მოითხოვს მთელი ქვეყანა. გვიყურებს საზოგადოება და საზოგადოებას აინტერესებს პასუხი: რატომ და ვინ არის დამნაშავე?" - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამის შემდეგ გაუშვეს ეკრანზე Moku T-ს სიმღერა "გამოდი გარეთ!" და კადრები 20-21 ივნისის აქციის დარბევიდან.
VIDEO:გახარიასა და ცქიტიშვილის რეაქცია, როდესაც რომან გოცირიძემ 20 ივნისის უმძიმესი კადრები ჩაურთო
კამერამ ვიდეოს მანძილზე რამდენჯერმე დააფიქსირა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი, რომელიც მთელი ვიდეოს განმავლობაში იღიმებოდა.
მთავრობის ახალი შემადგენლობას ფრაქციების ფორმატში „ნაციონალური მოძრაობა“ უსმენს. 16:00 საათზე კი შეხვედრა დანიშნულია ფრაქცია „ევროპულ საქართველოსთან“ .