ავტორი:

რა რეფორმებს გეგმავს შსს-ში ვახტანგ გომელაური - მთავარი აქცენტები მინისტრობის კანდიდატის გამოსვლიდან

რა რეფორმებს გეგმავს შსს-ში ვახტანგ გომელაური - მთავარი აქცენტები მინისტრობის კანდიდატის გამოსვლიდან

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში განხორციელებული პროექტებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენციაა.

"სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რაც გულისხმობს საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას. ამ ეტაპისათვის საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამიჯნულია.

ასევე, საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები გამიჯნულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და გამიჯვნა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება.

დაწყებულია საუბნო მიმართულების გარდაქმნა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობად. შესაბამისად, ინერგება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს თბილისის კრიმინალურ პოლიციაში, კერძოდ მართლწესრიგის ოფიცრები უკვე მუშაობენ ვაკე-საბურთალოს რაიონში. მართლწესრიგის ოფიცრების უმთავრესი ამოცანა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობაა.

რეფორმა მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება,” - განაცხადა გომელაურმა.

  • საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა იზრდება

როგორც კანდიდატმა განაცხადა, საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, მობილური აპლიკაციის შექმნა იგეგმება, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები.

"საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამასთანავე, ჩვენ ვგეგმავთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, რათა საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტური დაფარვის არეალი მაქსიმალურად გაიზარდოს.

აღნიშნული ხელს შეუწყობს საპატრულო პოლიციის ფუნქციების გაძლიერებას, როგორც რეაგირების, ასევე პრევენციული მუშაობის კუთხით. საპატრულო პოლიციის სერვისების განვითარების მიზნით, ავამოქმედებთ ექსპრეს მომსახურების მობილურ სერვის ცენტრებს ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები“, - განაცხადა გომელაურმა.

  • ე.წ. „სისტემური განახლება"

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ უწყებაში ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი მიმდინარეობს:

"ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის შემდგომი ამაღლება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა. სისტემური განახლება მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს.

ამასთან, თითოეული ცვლილება ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა საპოლიციო საქმიანობის ხარისხი, ადამიანის უფლებები და ეფექტიანობა.

სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები შეეხება სამინისტროს ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს, როგორიცაა: კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია. რეფორმირების პროცესში ხორციელდება სისტემის სრული ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა“, - განაცხადა გომელაურმა.

დღესვე პარლამენტში მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს