ავტორი:

გარდაცვლილი 40 წლის პაციენტის მეუღლე ხუჯაძე-გოგნიაშვილის და ალადაშვილის კლინიკებს უჩივის - "ჩემი ქმრის საქმე ვერ ჩაიფარცხება, გაჩერებას არ ვაპირებ!"

გარდაცვლილი 40 წლის პაციენტის მეუღლე ხუჯაძე-გოგნიაშვილის და ალადაშვილის კლინიკებს უჩივის - "ჩემი ქმრის საქმე ვერ ჩაიფარცხება, გაჩერებას არ ვაპირებ!"

უკვე ერთი თვეა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო 40 წლის ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების ფაქტს სწავლობს. უწყებაში ამბობენ, რომ სრულყოფილი დასკვნა გარდაცვლილი პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ, დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.

ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში ცხვირის ძგიდის ოპერაციის გასაკეთებლად მისული ირაკლი კობიაშვილი ოპერაციის დაწყებამდე, ანესთეზიაზე გამოვლენილი ალერგიული რეაქციის შედეგად ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, 10 დღის შემდეგ კი გარდაიცვალა.

ირაკლი კობიაშვილი ექიმთან კონსულტაციაზე 2018 წლის დეკემბერში მეუღლესთან, ნინო გოგინაშვილთან ერთად მივიდა. ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში პაციენტს დაუსვეს ვაზომოტორული რინიტის (ძგიდის გამრუდება) დიაგნოზი და ოპერაცია დაუნიშნეს. ოპერაციამდე კობიაშვილს რამდენიმე გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა როგორც მისი მეუღლე ამბობს, ანესთეზიაზე სინჯი არ აუღიათ.

ნინო გოგინაშვილის აზრით, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება.

"არც კი ვიცოდით, რომ სინჯს არ უკეთებდნენ. ეს მე განმიმარტეს მაშინ, როცა წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ხელოვნურ კომაში ჰყავდათ. მითხრეს, რომ ანესთეზიაზე სინჯს არ აკეთებენ, რადგან პროტოკოლის და გაიდლაინის მიხედვით, თუკი ანამნეზი არ იძლევა ამის აუცილებლობას, არ არის რეკომენდებული.

თუმცა, უცნაურია რატომ არ იძლეოდა ჩემი ქმრის ისტორია ამის აუცილებლობას, როცა ექიმების კითხვაზე - აქვს თუ არა ალერგია ანესთეზიაზე, პირდაპირ უპასუხა, რომ არ იცის, რადგან 40 წლის განმავლობაში არასდროს ჰქონია შეხება არაფერთან, სადაც ანესთეზია დასჭირდებოდა. ეს პასუხი, მინიმუმ, ეჭვის საფუძველს იძლეოდა. დაგვიმალეს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც შეეძლო შეეცვალა ჩვენი გადაწყვეტილება ოპერაციის საქართველოში გაკეთებასთან დაკავშირებით" - ამბობს ნინო გოგინაშვილი.

გარდაცვლილის მეუღლე AMBEBI.GE-სთან საუბარში კიდევ ერთ მნიშნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი ამბობს, რომ ირაკლი კობიაშვილს ჰქონდა მალამპატის მე-3 ხარისხი. მალამპატი არის სასის აგებულება, რომლის კლასიფიკაცია გამოიყენება ინტუბაციის სირთულის წინასწარ შესაფასებლად. ამ დაავადების 3 და მე-4 კლასი ექიმებისთვის ნიშნავს მოსალოდნელ გართულებულ ინტუბაციას. გარდაცვლილის მეუღლე გვეუბნება რომ, საავადმყოფოდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, რეაქცია გამოიწვია ანესთეზიის მესამე კომპონენტმა, განვითარდა ხორხის უკიდურესი შეშუპება, ალერგიული შოკი, ტაქიკარდია.

"ხორხის შეშუპების შემდეგ დაიწყო ფიბრილაცია და 20 წუთის განმავლობაში გულის მუშაობა ვერ დაარეგულირეს. შემდეგ ჟანგბადის სრულყოფილად მიწოდებისთვის კიდევ 20 წუთი დაიხარჯა. თვითონ გამოიწვიეს ხელოვნური კომა. ერთადერთი, რაზეც მათ იზრუნეს, ისაა, რომ საოპერაციო მაგიდაზე არ გარდაიცვალა ადამიანი. სასიცოცხლო ფუნქციები შეუნარჩუნეს იმისთვის, რომ რეანიმაციაში გადაემისამართებინათ", - ამბობს ნინო გოგინაშვილი.

გარდაცვლილის მეუღლეს პრეტენზია აქვს ალადაშვილის კლინიკასთანაც, სადაც კომაში მყოფი პაციენტი რეანიმაციაში იწვა და სწორედ იქ გარდაიცვალა.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკას (დამფუძნებლები გიორგი გოგნიაშვილი და მიხეილ ხუჯაძე არიან). სამედიცინო დაწესებულების აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან კალინამ პირდაპირ გვითხრა, რომ კლინიკისგან ვერანაირ შეკითხვაზე ვერ მივიღებდით პასუხს. მან თქვა, რომ ამ საქმეზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

"ამ კლინიკაში არავის არ უნდა ჰკითხოთ ეგ კითხვები. სამედიცინო ექსპერტებს უნდა ჰკითხოთ. ამ ქალბატონს მიღებული აქვს ყველა კითხვაზე პასუხი. მე ვერ გავაკეთებ ამ ფაქტზე ვერანაირ კომენტარს" - გვითხრა ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

იკვეთება თუ არა მოკვლევის შედეგად სამედიცინო დაწესებულებების გადაცდომები და დარღვევები, რომლებსაც შეიძლებოდა პაცინტის გარდაცვალება გამოეწვია, ამაზე რეგულირების სააგენტოში არ გვიპასუხეს, თუმცა გვითხრეს, რომ დასკვნა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"პაცინტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების საქმის შესწავლა დავიწყეთ 2 აგვისტოს. ამ დაწესებულებიდან სამედიცინო დოკუმენტაცია მოპოვებულია სრულად, განხილულია და გაგზავნილია სამედიცინო უნივერსიტეტში სარეცენზიოდ. ანესთეზია-რეანიმატოლოგიისა და ოტოლარინგოროლოგიის მიმართულებით არის გაგზავნილი მასალები სარეცენზიოდ. სპეციალისტებმა უნდა განიხილონ ეს დოკუმენტები. ზუსტ ვადას ვერ გეტყვით, მაგრამ, საშუალოდ ერთ თვეში გვექნება სრული და საბოლოო დასკვნა.

რამ გამოიწვია გარდაცვალება - ასეთი მიზეზობრივი კავშირის დადგენის კომპეტენცია ჩვენ არ გვაქვს, ამის კომპეტენცი აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, რაც სამწუხაროდ, თავის დროზე არ ჩატარებულა. თუმცა, მოკვლევის შედეგად როგორც ხუჯაძე-გოგნიაშვილის, ისე ალადაშვილის სახელობის კლინიკებში გამოვლინდა სანებართო პირობების ზოგიერთი მოთხოვნის დარღვევები. კონკრეტულად ვერ მოგცემთ ინფორმაციას, რადგან ეს არ არის საჯარო ინფორმაცია.

ორივე დაწესებულება ფლობს სტაციონარული საქმიანობის ნებართვას და სანებართვო მოწმობის დანართებს იმ საქმიანობებში, რასაც ახორციელებენ, მაგრამ მთავრობის დადგენილებებში არის გაწერილი რიგი მოთხოვნები, რომლებიც სააგენტოს მიერ მოწმდება როგორც გეგმიურად, ისე განმცხადებლის მომართვის საფუძველზე.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემოწმება დაიწყო განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე. სასამართლოს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია სამართალდარღვევის თაობაზე და საქალაქო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას. თუ სასამართლო გადაწყვეტს, შესაბამისი ფინანსური სანქციები ამოქმედდება ამ დაწესებულებების მიმართ" - გვითხრა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელმა ინგა პაიჭაძემ.

გარდაცვლილი ირაკლი კობიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ რეგულირების სააგენტოს დასკვნის გამოქვეყნებისთანავე მიმართავს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით და სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს.

"სხვადასხვა საერთაშორისო კლინიკების და პროფესიონალების ალტერნატიული დასკვნები მაქვს უკვე, რომლის მიხედვითაც ასეთი გართულებები არ უნდა დაწყებულიყო. იქ იყო კონკრეტული მაჩვენებლები, რისი გათვალისწინების შემთხვევაშიც ექიმები მზად იქნებოდნენ გართულებებისთვის და შესაბამისად იმოქმედებდნენ.

ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში ეს პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. ორი წლის წინ იქ გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი ჩიყვის ოპერაციის დროს. თავის დროზე ამაზე ახმაურდა მედია, დაიწერა სტატიები, თუმცა დღეს რომ ეცადოთ ამ მასალების მოძიებას, ვერაფერს იპოვით, რადგან ააღებინეს ეს სტატიები. გასაგებია ხომ, რასთან გვიწევს ბრძოლა? საკმაოდ აქვთ გავლენები მათ.

ჩვენს შემთხვევაში შეცდომებია დაშვებული როგორც მენეჯმენტის ნაწილში, ასევე, უშუალოდ ექიმების პროფესიონალიზმის კუთხითაც. ადამიანის გარდაცვალება უკვე სტატისტიკაა, მაგრამ ჩემი ქმრის საქმე ვერ ჩაიფარცხება, რადგან მივმართავ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, თუ საჭირო გახდა საერთაშორისო სასამართლოებსაც. გაჩერებას არ ვაპირებ!" - ამბობს ნინო გოგნიაშვილი.

რეგულირების სააგენტოს მიერ 2 სექტემბერს ირაკლი კობიაშვილის საქმის ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, ალადაშვილის კლინიკასა და ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკებში გამოვლინდა სანაბართვო წესების მოთხოვნათა მთელი რიგი დარღვევები. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უწყებამ ალადაშვილის კლინიკა 1000 ლარით დააჯარიმა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, დარღვევების გამოსასწორებლად კლინიკას განესაზღვრა გონივრული ვადა მიმდინარე წლის 12 ოქტომბერიამდე.

რაც შეეხება ხუჯაძე- გოგნიაშვილის კლინიკის მიმართ ფინანსური სანქციების ამოქმედებას, ამის შესახებ საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 5 სექტემბერს არის ჩანიშნული.

"ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით - ვართ სოციალური აფეთქების წინაშე" - რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე

"ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით" - გამყრელიძის თქმით, COVID ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე მზადაა

"კლინიკაში რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, გაჩუმების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს" - პაციენტების გარდაცვალების საქმეები და ექიმისთვის ორი თვით შეჩერებული საქმიანობა