დრამატურგი და მწერალი თამარ ბართაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცნობილი სპორტული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელის წერილს აქვეყნებს, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაუტოვა შვილიშვილს.
ბართაია წერს, რომ წერილი მას ჯუღელის შვილიშვილმა, ლიკამ აჩვენა. აი, რას წერს დრამატურგი "ფეისბუქის" პირად გვერდზე:
"დილას ლიკუნას წერილი დამხვდა, ბაბუ გარდაიცვალაო. ჩვენ სულ ერთი ქუჩა გვყოფს და უამრავი რამ გვაკავშირებს. ლიკუნა მარტო დამხვდა, რაღაც სხვანარად ძლიერი, არ მომჩვენებია. აივანზე დავსხედით. იცი ნუგზარს წერილი დაუტოვებიაო, მითხრა და ხელნაწერი გამომიტანა. არ წავაკითხე, ვიცოდი თავს ვერ შევიკავებდი... გამომიგზავნეთქო. იქვე გადაუღო ხელნაწერს ფოტო და ჩამიგდო...
მშვიდობით ძია ნუგზარ და მადლობა პირადად ჩემგან იმისათვის, რომ ლიკუნა არასოდეს ყოფილა სევდიანი ობოლი ბავშვი. მადლობა იმ სითბოსთვის რამაც რემკას შემდეგ თქვენს სახლში გადმოინაცვლა. მადლობა, მადლობა ყველაფრისთვის..." - წერს ბართაია და ნუგზარ ჯუღელის წერილს აქვეყნებს.
"მე წავედი უსასრულობაში... უმორჩილესად გთხოვთ არ დაიბნეთ, რადგან ყოველთვის მზად ვიყავი ამისათვის. მიხარია რომ ვიყავი ქართველი და ჩემს ერს აქვს სიტყვა გარდაცვალება, ე.ი. ოდნავ შევიცვალე, ჩემი სული კი განაგრძობს თავის სვლას ულევ სამყაროში...
ძალიან გთხოვთ, სიკვდილს შეხედეთ ჩემი თვალებით, როგორც გარდაქმნას და გარდაცვალებას. ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს, ვერ მოვესწარი თავისუფლებას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას, დადგება დღე, როცა ჩემი კოპწია ქვეყანა, ბედნიერი, თავისუფალი იქნება. ჩემი შვილიშვილები მოესწრებიან ამას!
ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის! მე წავედი იქ, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ჩემნაირია, აქ ხომ ძალზედ ცოტანი დარჩით", - ვკითხულობთ ჯუღელის წერილში.
ცნობილი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მსახიობი და ტელედიქტორი საქართველოს პირველ არხზე 50 წელზე მეტხანს მუშაობდა და სპორტული კომენტატორი გახლდათ.
2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიც.