ავტორი:

"ივანიშვილი ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ნეგატივი მასზე გადაიტანოს" - ექსპერტები სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ

"ივანიშვილი ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ნეგატივი მასზე გადაიტანოს" - ექსპერტები სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ

ხისტი პოლიტიკა და ძლიერი ხელი - ასე აფასებენ პოლიტოლოგები არჩევნებამდე 14 თვით ადრე ჩამოყალიბებულ მინისტრთა კაბინეტს, რომელსაც სათავეში გიორგი გახარია ჩაუდგება.

პრემიერის პოსტზე წარდგენისას, ყოფილმა შს მინისტრმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და მთავრობაში ცვლილებებიც დაანონსა. მინისტთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ ორ სამინისტროს შეეხება: შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს - ირაკლი ღარიბაშვილი. დანარჩენები მინისტრები პოსტებს შეინარჩუნებენ.

მაშინ როცა, უკვე 2 თვეზე მეტია პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება, ბიძინა ივანიშვილმა შს მინისტრს 20-21 ივნისის აქციის დარბევაზე არა თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ააღებინა, არამედ პირიქით დააწინაურა, რადგან როგორც თავად აღნიშნა "გახარიამ პრემიერობა დაიმსახურა".

პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ მმართველი ძალა "ძლიერი ხელის" გატარებას იწყებს და ამით საკუთარ ამომრჩეველს მოხაზავს 2020 წლის არჩევნებისთვის. ხათუნა ლაგაზიძეს გახარიას არჩევასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია აქვს:

"როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებამ“ ძლიერი ხელის პოლიტიკა აირჩია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ვერსია თუ რატომ გაკეთდა აქცენტი გახარიაზე. ეს გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პარალელურად იქნა მიღებული. "ოცნებამ" დაინახა, რომ როგორც კი დაანონსდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რამდენიმე ფინანსურმა ჯგუფმა გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის სურვილია. გაჩნდა რამდენიმე ტელევიზიის გახსნის პერსპექტივა.

შესაბამისად, "ოცნებამ" დაინახა, რომ პროპორციულით ჩატარებული არჩევნები 2020 წელს ხელისუფლებასთან დამშვიდობებას ნიშნავდა ამიტომ ჩათვალა, რომ ძლიერი ხელის პოლიტიკა აუცილებელია ხელისუფლებაში დასარჩენად. ძლიერი ხელის პოლიტიკა ნიშნავს ოპონენტებისა და პარტიის წევრებისთვის იმის ჩვენებას რომ, ჩვენ კი არ ვსუსტდებით და ვიშლებით, არამედ პირიქით. ასევე ეს ნიშნავს მომხრეებისთვის იმის ჩვენებას, რომ - ჩვენ ვუბრუნდებით იმ ღირებულებებს, რითაც 2012 წელს მოვედით.

მეორე ვერსიას რაც შეეხება, თუ გავიხსენებთ იმას, რაზეც ადრე საუბრობდნენ, რომ გახარია არ იყო ავტორი „გავრილოვის ღამის“, ასეთ შემთხვევაში მასზე ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა როგორც ადამიანზე, რომელიც აფექტურ პირობებში არ მოქმედებს და კრიზისულ სიტუაციებში შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ გახარია მართლაც არ არის 20-21 ივნისის ღამის ავტორი.

ივანიშვილმა დაინახა რომ კატაკლიზმებით სავსე 2020 წელს, გახარია შეძლებს კრიზისულ სიტუაციებში აფექტურ მდგომარეობაში არ მიიღოს გადაწყვეტილებები“, - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ლაგაზიძე.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებამ“ მიითვალა საკუთარი ამომრჩეველი და დაუპირისპირდა საზოგადოების მეორე ნაწილს.

"ბუნებრივია "ოცნებამ" იცის, რომ გახარია რომც გაეშვა თანამდებობიდან, საზოგადოების იმ ნაწილის გულს, ვინც მისი წინააღმდეგია, მაინც ვერ მოიგებდა. შესაბამისად, გათვლა არ გაკეთდა საზოგადოების მკეთრად ოპოზიციურ ნაწილზე. გათვლა გაკეთდა და შემოიხაზა ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელზეც „ოცნება“ იმუშავებს 2020 წლისთვის.

ეს არის ის სეგმენტი, რომელმაც "ოცნებას" ხმა მისცა 2012 წლის არჩევნებზე ოღონდ არა მთლიან ნაწილზე, რადგან მას ძალიან ბევრი ამომრჩეველი გამოეცალა.

მოკლედ, ამ ცვლილებებით ორი რამ გავიგეთ: ეს არის ამომრჩევლის საკუთარი სეგმენტის მოხაზვა და ის სეგმენტი, რომელზეც "ოცნება" არ იმუშავებს და მეორე - ის რომ "ოცნება" დაადგა ძლიერი ხელის პოლიტიკას. „ოცნება“ მაქსიმალურად ეცდება, ახალი პოლიტიკური მოთამაშეები არ შემოუშვას ველზე და დატოვოს ამომრჩეველი არსებული პოლიტიკური ძალების ამარა. ასეთ შემთხვევაში მოგება გაუიოლდება ძველი კომბინაციით - "ნაციონალური" რევანში ან "ოცნება" - გვითხრა ლაგაზიძემ.

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით კი, ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი და მისი მთავარი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება იქნება.

"არ ვთვლი, რომ დამსახურების გამო დაინიშნა გახარია, ეს გადაწყვეტილება არჩევნების გამო იქნა მიღებული. ეს არის წინასარჩევნო მინისტრთა კაბინეტი და ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება.

ფაქტია, რომ მთავარი თემა, მთავარი ტექნოლოგია იქნება უცვლელი, შუას გაკრეფა, უზრუნველყოფა იმის, რომ არ გაჩნდეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ისევ ის მარტივი ნარატივი, რომ ვართ ჩვენ და არის "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც არის მტერი და ვინც ჩვენთან არ არის, ყველა მტერია, ანუ "ნაციონალური მოძრაობაა" - ეს იქნება მთავარი სქემა წინასაარჩევნოდ.

გასაგებია, რომ, ერთი მხრივ, გახარიამ აკრიფა ნეგატივი, მაგრამ, მეორე მხრივ, შუას გაკრეფისთვის, ასე ვთქვათ, ანტიგმირის ჩანაცვლებისთვის კრიტიკული ელექტორატისთვის, ის არის ოპტიმალური ფიგურა ბიძინა ივანიშვილისთვის. ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად. წყალი რომ აიმღვრევა და თუ მოხერხდა ეს შუას გაკრეფა და ორპოლუსიანობის შენარჩუნება, ამ შემთხვევაში ის თვლის, რომ შანსი, ის მოგებული დარჩეს ამ სიტუაციიდან, არის მაღალი, მაგრამ მთელ ნეგატივს შეისრუტავს გახარია და თვითონ დარჩება "თეთრ სახლში", ამის იმედი აქვს" - განუცხადა ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის თქმით, დღეს უბრალოდ გახარიას ლეგიტიმაცია მოხდა, თორემ არაფორმლურად, ის დიდი ხანია მთავრობის მეთაურია.

"ეს გუშინ პრაქტიკულად ბახტაძემაც აღიარა. აღნიშნა, რომ გაზაფხულიდან აპირებდა წასვლას, წამსველი ადამიანი კი არც არაფერს წყვეტს და არაფერს აკეთებს. შესაბამისად მოლოდინის რეჟიმში იყო და დაემსგავსა კიდეც ე.წ გამოძახებით პრემიერ-მინისტრს.

პრაქტიკულად, ჩვენ მივიღეთ ძალოვან უწყებებში, თავდაცვის სამინისტროში, პრემიერ-მინისტრად კიდევ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე იყო. ეს იქნება საარჩევნო კამპანიისთვის გამზადებული ცვლილებები - "ოცნება" ამ შემადგენლობით ჩაატარებს არჩევნებს და არა მგონია, ამან სიმშვიდე და სტაბილურობა მოგვიტანოს" - უთხრა AMBEBI.GE-ს ჭიჭინაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები