"ბახტაძეს დაეუფლა განცდა, რომ რაღაც მისია შეასრულა და ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი საინტერესო კითხვა, რომელიც დღეს მას ჟურნალისტებმა შეიძლება დაუსვან: რა მისია ჰგონია რომ შეასრულა?" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის გადადგომის საკითხზე კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისივე თქმით, მამუკა ბახტაძემ პრემიერობის პერიოდში ისიც კი ვერ მოახერხა, რომ საზოგადოებას მისი სახელი და გვარი დამახსოვრებოდა.
„საქართველოს ისტორიაში პირველი პრემიერია, რომელიც ისე მოვიდა და ისე წავიდა, რომ მისი სახელის და გვარის დამახსოვრება მოსახლეობამ ზუსტად ვერ მოახერხა. თავისთავად, მისი წასვლა არამგონია რაიმე საინტერესოს შემცველი იყოს, ამას დიდი დანანებით ვამბობ, რადგან მაინც ჩემი ქვეყნის პრემიერია.
რაც შეეხება გახარიას მოსვლას პრემიერის პოსტზე, არ მგონია, რომ მარტივი იყოს ამ გადაწყვეტილების საპარლამენტო უმრავლესობაში გატანა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ყველა შემთხვევაში გამარჯვებულის თამაშს თამაშობს. ულტიმატუმის ენით ესაუბრება საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას.
გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში ისინი ყველა ერთად თანამონაწილეები ხდებიან 20 ივნისის მოვლენების, პანკისში განვითარებული მოვლენების, მაჩალიკაშვილის და სარალიძის საქმეების, ხოლო თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, მაშინ ქვეყანა მივა საპარლამენტო არჩევნებამდე.
არცერთი ვერსია არ არის ქვეყნისთვის კარგი, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებული გამოვა. როგორც ჩანს, გუნდში არ არის თანხმობა, კონსენსუსი და საერთო აზრი - სწორედ ამით არის განპირობებული ის განცხადებები, რომ ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ნაწილს ხვალ გავიგებთ, ნაწილს ზეგ და იმის მერე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.