ავტორი:

"ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ" - როგორ ხედავს ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ის მომავალს და რას პასუხობს მას ნიკა გვარამია

"ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ" - როგორ ხედავს ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ის მომავალს და რას პასუხობს მას ნიკა გვარამია

თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი იმნაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ წარადგინა.

როგორც იმნაიშვილმა აღნიშნა, ისინი დგანან არჩევანის ზღვარზე, მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება.

"უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ეს „ნიუსრუმი“ არის ცარიელი, მაგრამ როდესაც ჩვენ აქ შემოვედით, დაგვხვდა ტელევიზიის 800-მდე თანამშრომელი. თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ. ისინი ემოციური ზეწოლის გამო არიან ამ მდგომარეობაში - დგანან არჩევანის ზღვარზე, მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება", - განაცხადა იმნაიშვილმა.

როგორც იმნაიშვილმა აღნიშნა, „უპირველეს ყოვლისა, ამ გუნდმა გამარჯვება ცენზურაზე უნდა მოიპოვოს განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან, თუ მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული ცენზურა“.

„მე 14 წლის წინ მომიწია საქართველოს დატოვება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ოჯახთან ერთად. ჩემთვის გასაგებია, რამდენად მძიმეა ჟურნალისტისთვის წავიდეს იმ ტელეკომპანიიდან, რომელიც მისთვის არ არის მხოლოდ სამსახური და ეს არის ოჯახი. ეს არის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. გამიმართლა, რომ 14 წლის განმავლობაში და დღესაც ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან მედიასაშუალებაზე და ამ 14 წლის მანძილზე ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა, როგორც საოპერაციო და ჟურნალისტური სტანდარტი, ასევე, უპრეცედენტო გარანტია სარედაქციო დამოუკიდებლობის, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არის, რომ შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო-ხელშეკრულება, იყოს გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება.

„ეს იქნება კონტრაქტი არხის მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის. ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს საშუალებას, დაიცვან თავისი თავი და სარედაქციო დამოუკიდებლობა. ძალიან გულუბრყვილობა იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება ერთჯერადი პროცესი, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის ყოველდღიური პროცესი. „რუსთავი 2“ იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ გამარჯვებიდან ძალიან მალე, ხალხსაც და მფლობელებსაც ეს ტელევიზია წაართვეს. თუ ჩვენი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, მე მაქვს ამბიცია „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების და გამარჯვებული თანამშრომლების ტელევიზია. გამარჯვება უპირველეს ყოვლისა, ამ გუნდმა ცენზურაზე უნდა მოიპოვოს განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან, თუ მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული ცენზურა. ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ის ასევე დაიკავებს ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

„რუსთავი 2“-ის კარი ღიაა ყველასთვის, პროფესიონალებისთვის, ვინც წლები მუშაობდა და მართლა უნდა, რომ ეს არხი იყოს მაღალპროფესიული, დამოუკიდებლი, მიუკერძოებელი და კრიტიკული ტელევიზია. საზოგადოებას ვუბრუნდებით პოზიტიური სიახლით, რომელიც ძალიან კარგად მიიღო პირველ რიგში "რუსთავი 2“-ის გუნდმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ერთგულნი არიან ამ არხის. ამ ადამიანების რიცხვი არის ძალიან დიდი, დაახლოებით, 800 ადამიანი. 800 თანამშრომელი დღეს ისევ „რუსთავი 2“-ის გუნდია. დღეს მე ამ ადამიანებს წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, ის არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი კრიტიკულობით და შეუპოვრობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას, რომელიც იძულებული გახდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა. ეს პიროვნება, პროფესიონალი არის, ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დიდი ხანია მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში, ტელეკომპანია BBC-ში. კარგა ხანია ირაკლისთან გვაქვს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ჩადგომოდა ტელევიზიის როგორც საინფორმაციო, ასევე პროდაქშენის ნაწილს. მისი მონაწილეობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. ირაკლისთან ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მისმა მოსვლამ ადამიანებს დიდი იმედი მისცა და მასთან ერთად ჩვენ მზად ვართ ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ ეს ტელეკომპანია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ჩვენი ტელეკომპანია კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა შექმნილი ვითარებიდან და მაყურებლისთვის ის ისევ იქნება ნომერ პირველი არხი საქართველოში“, - განაცხადა სალიამ.

ვინ სად აპირებს დაბრუნებას, რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი, ვინ მჭირდება და ვინ იმუშავებს ჩემთან, - ამის შესახებ „რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ირაკლი იმნაიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც ტელეკომპანიიდან წავიდნენ, ისევ დაბრუნება სურთ.

გვრამიამ აღნიშნა, რომ ის "მთავარ არხზე" იტოვებს მათ, ვინც "მისთვის საინტერესოა".

"ვინ სად დაბრუნდება, ამაზე პასუხი არ მაქვს. არავის ჰქონია ჩემთან საუბარი იმაზე, რომ "რუსთავი 2“- ზე დაბრუნდებოდა და თუ ვინმე დაბრუნდება, იხილავთ. მე ვიცი, ჩემთან ვინ იმუშავებს და ვინ იქნება. ვინ სად აპირებს დაბრუნებას რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი, ვინ მჭირდება და ვინ იმუშავებს ჩემთან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილის დანიშნვნის საკითხზე კომენტირებისას კი განაცხადა, რომ ირაკლი იმნაიშვილს იცნობს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს, რადგან ეს არაკორექტული იქნება. "წარმატებას ვუსურვებ-თქო ვერ ვიტყვი, რადგან ბიძინა ივანიშვილის არხს წარმატებებს ვერ ვუსურვებ“, - აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, მისი თქმით, დღეს დილიდან კონტარქტების დადებაზე მუშაობს. „კონტრაქტს ვუდებ იმათ, ვინც ჩემთვის საინტერესოა, ყველას არა, რა თქმა უნდა. ვიღაცა სხვაგან მიდის, სხვა ტელევიზიაში, ვინც ჩემთვის საინტერესოა, ამ ტელევიზიაში იქნება“, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

მედიაში არსებული ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილებოდა, თუმცა, თავად შუბლაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას მედიაში, კერძოდ „რუსთავი2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც შუბლაძე განმარტავს, მან მხოლოდ შემოთავაზება მიიღო. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ასევე განიხილებოდა ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურაც.

საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება

"რა მჭირს, დედა, გთხოვ, აქ არ დამტოვო" - მარიამის მძიმე დიაგნოზი, რომელსაც პატარა მხოლოდ საზოგადოების თანადგომით გაუმკლავდება

ე.წ. კომენდანტის საათი ერთი საათით შემცირდა