არსებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ჟურნალისტებს ხვდება.
აღსანიშნავია, რომ 21:00 საათიანი „კურიერის“ მსგავსად, ეთერში „კურიერი“ არ გასულა არც დილით, 09:00 საათზე. ამასთან, ახალი ამბები ტელეკომპანიის საიტზე უკვე 14 საათია, არ დადებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, 12:00 საათზე განცხადების გაკეთებას გეგმავენ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები. ტელევიზიის არც მენეჯმენტს და არც თანამშრომლებს მედიასთან კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.
"კურიერის" წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი მაყურებელს გუშინ პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.
მანამდე კი არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ "რუსთავი 2"-ის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის - საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლებულია.