ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო და სოციალური ქსელების საშუალებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ადამიანების კრაზანებისაგან დაკბენისა და მასთან დაკავშირებული არასასურველი შედეგების შესახებ.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გოდერძი გოდერძიშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიაწოდა მასალა "ფრთხილად, კრაზანები", რომელშიც მითითებულია რეკომენდაციები კრაზანებისგან და მათი დაკბენისგან თავის დასაცავად:
"დასავლეთ საქართველოში, უკანასნელი ორი წლის მანძილზე შეინიშნება კრაზანების ინტენსიური გამრავლება. 2018 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომელ ლ. ბალიშვილთან ერთობლივად ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ ჩვეულებრივმა კრაზანამ მთლიანად გაანადგურა 60 სკა ფუტკარი სოფ. ქვაყუდეში (ყოფილი გოროვანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი). ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საჩხერის, ჭიათურის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ ტერიტორიებზე ევროპული დიდი კრაზანის გავრცელების შესახებ და მათგან დაკბენის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე მოშლით ადამიანის დაღუპვაზეც.
კრაზანებისგან დაკბენილი ადამიანების დაღუპვა წარსულშიც იყო აღნიშნული დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში (ვ. სტეფანიშვილი). ჩვენი ორგანიზაციის („ქეა საერთაშორისო კავკასიაში“) და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კრაზანების რიცხოვნობა საგრძნობლადაა შემცირებული კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რაიონებში (აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი) სამაგიეროდ, მათი პოპულაცია ძლიერაა მომატებული სამეგრელოს სხვა ტერიტორიებსა და იმერეთის მთისწინებში.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წელსაც დაფიქსირდა ონავარას (გიგანტური კრაზანა) დაკბენის შემდგომ ადამიანების გარდაცვალება. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რეგიონებიდან კრაზანების მიგრაცია მოხდა მის მომიჯნავე წინა მთებში. მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ გიგანტური კრაზანის მასობრივი გამრავლება შეინიშნება დუშეთის რაიონის სოფლებში, თბილისშიც, ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიებზე, გიგანტური კრაზანის ინტენსიური ფრენის მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ცნობილია, რომ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ნამდვილი კრაზანების (Vespoidae) ოჯახის სამი სახეობა:
მათთვის დამახასიათებელია შემდეგი მორფოლოგიური თავისებურებანი:
კრაზანები მორფოლოგიურად აშკარად განსხვავდებიან მასთან ახლო მდგომ ფუტკრებისა და ჭიანჭველებისაგანაც, მათთვის დამახასიათებელი კიდული მუცლით და მყვირალა გამაფრთხილებელი შეფერილობით. კრაზანების ნესტარიც განსხვავდება ფუტკრის ნესტრისაგან. იგი გლუვია, ყოველგვარი ნაჭდევების გარეშე და დაკბენის შემდგომ ადვილად ამოდის თბილსისხლიანების კანიდან.
ფუტკრის ნესტარი კი ნაჭდევებიანია, რის გამოც მას უკან ამოძრობის საშუალებას არ ეძლევა. იგი შხამის გამომყოფ ჯირკვალთან ერთად ამოიგლიჯება მუცლის ბოლოდან და დანესტრილ ქსოვილში რჩება, ისე, რომ თანამოყოლილი კუნთები განაგრობს ამ ჯირკვალზე ზეწოლას და შხამის გამოყოფას. ამდენად ფუტკრის ნაკბენზე დანის პირის გადასმა და ნესტრის ამოღება ამცირებს ნაკბენში შხამის ჩაღვრას, ხოლო თვით ნესტრის ნაკბენში ჩარჩენა საბოლოოდ იწვევს ფუტკრის დაღუპვას. ფუტკრისგან განსხვავებით კრაზანას შეუძლია რამდენჯერმე დაკბინოს ადამიანი და თვითონ უვნებელი დარჩეს.
სამივე სახეობის კრაზანა იკვებება ყვავილების მტვრითა და ნექტარით, მწიფე ნაყოფებით, მწერებით, ასევე მათი მატლებით, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა მწერების რიცხოვნობის რეგულაციაში. ამ საქმეში, განსაკუთრებით დიდ როლს ონავარა (დიდი/გიგანტური კრაზანა) ასრულებს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეფუტკრეობას.
კრაზანა კლავს ფუტკარს, იწოვს ფუტკრიდან ნექტარს, მკვდარი ფუტკარი მიაქვს ბუდეში და კვებავს ბარტყებს. კრაზანები ძარცვავენ ფუტკრების დასუსტებულ ოჯახებს. ისინი სერიოზულად აზიანებენ სიმწიფეში შესულ ნაყოფს (ხილი, ყურძები,). ღრღნიან ახალგაზრდა მცენარეებს. ხის ნაღრღნი ფქვილის შეწებებით მიიღება ქაღალდის მსგავსი მასა, რომელითაც აკეთებენ ფიჭისებურ ბუდეებს. ბუდეები ექვსკუთხედია, მასში დებენ კვერცხს და გამოჰყავთ მატლი.
ბუდეს კრაზანები აგებენ შენობა-ნაგებობების სხვენში, აივნების კუთხეებში, შიფერის ან ფიცრის/ფანერის გადახურვების ქვეშ. ტყეში ბუდეებს აკეთებენ ხექცეულებსა და ზეხმელებში, დაფუტუროებულ კუნძებში, ფუღუროებში, მიწაში.
ონავარას (ევროპული კრაზანა (Vespa crabro)) ბუდე ჩვეულებრივ რამდენიმე იარუსადაა განლაგებული, რომელიც ქაღალდის ბურთს ან ქვის ლოდსა ჰგავს. ზომით ხშირად ფეხბურთის ბურთის ზომისაა, მაგრამ ძლიერ კოლონიებში იგი შეიძლება 1 მ-ზე მეტი სიმაღლისაც იყოს. ონავარას ოჯახი დედლების, მამლების და მუშა კრაზანებისაგან შედგება. გვიან შემოდგომაზე და ზამთარში, მუშა და მამალი კრაზანები იღუპებიან. სხვადასხვა ყინვისგან დაცულ ადგილებში იზამთრებენ მხოლოდ მდედრი კრაზანები.
გაზაფხულზე, აპრილის დასაწყისში აქტიურდებიან, იწყებენ ბუდის შენებას და კვერცხდებას. უკვე ზაფხულში გამოჩეკილი დედლები ე.წ. დამფუძნებლები არიან. აკეთებენ დამოუკიდებელ ბუდეს და იწყებენ ახალი კოლონიების დაარსებას, რა დროსაც შეინიშნება მათი რაოდენობის მკვეთრი მატება და განსაკუთრებული აქტიურობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ კრაზანები და მით უმეტეს გიგანტური კრაზანა განსაკუთრებული თავგამოდებით იცავენ ბუდეს და კვების ადგილებს.
არის მოსაზრება, რომ კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რაიონებიდან, კრაზანების სხვა ტერიტორიებზე მიგრაციის გამშვები მექანიზმი აზიური ფაროსანას (Halyomorfa halys) წინააღმდეგ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ჩატარებული ინსექტიციდების ტოტალური შესხურება (დეზინსექცია) იყოს. კერძოდ, კრაზანები დააფრთხო სადეზინდექციოდ გამოყენებულმა პრეპარატებმა, რის გამოც მათი რიცხოვნება მკვეთრად გაიზარდა დასავლეთ საქართველოს მთისწინებში, ანუ ნისლით დამუშავებული ადგილები მათთვის "საცხოვრებლად“ მიუღებელი გახადა და მათ დაიწყეს განსახლება (მიგრაცია) სუფთა, შემასხურებელი ტექნიკისათვის ნაკლებად მისადგომ და დეზინსექცია ჩაუტარებელ ადგილებში.
სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებამ ასევე შეუწყო ხელი გიგანტური კრაზანას აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლასა და თბილისში ადაპტირება/გამრავლების პროცესს. რაც ავტომატურად ზრდის კრაზანების მიერ მოსახლეობის დაკბენის რისკს.
ჩვეულებრივ კრაზანას, გიგანტურისგან განსხვავებით გარდა იმისა, რომ მცირე რაოდენობის შხამი აქვს, ასევე აქვს ძალზედ მოკლე ნესტარი, რომელიც დანესტრისას ხელების დაკოჟრილ კანში ვერ აღწევს. გიგანტურ კრაზანას ფუტკართან შედარებით ხუთჯერ მეტი შხამი აქვს, რის გამოც მისი დანესტვრა ადამიანში სერიოზულ და მტკივნეულ დასიებას განაპირობებს. არის მოსაზრება, რომ ევროპული კრაზანას (ონავარა) მიერ ადამიანის ერთდროულად სამჯერ დანესტრისას შეიძლება ლეტალური გამოსავალი დადგეს.
დანესტრილ ადამინს, თუ აღენიშნება ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები (პირში ე.წ. მეტალის გემო, გონების დაკარგვა, წნევის მკეთრად დაცემა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება და სხვა) პირველ რიგში, აუცილებელია, თავიდან აცილებულ იქნას ანაფილოქსიური შოკის განვითარება. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწიენებით ვენაში/კუნთში უნდა გაკეთდეს ადრენალინი (ან ანალოგი). დექსამეტაზონი რომელსაც ადამიანები ხშირად იყენებენ, ყოველთვის არაა ეფექტური.
სუპრასტინის აბების მიღება რეკომენდებულია დაკბენის შემდგომ მსუბუქად გამოხატული ალერგიული მოვლენებისას. ამათან ერთად, ჭრილობაში ინფექციის შეჭრის პრევენციისთვის აუცილებელია ნაკბენი ადგილის ანტისეპტიკით დამუშავება.
კრაზანების დაფიქსირებისას დაკბენის პრევენციისა და შესაბამისად არასასურველი მოვლენების განვითარებისგან თავდასაცავად აუცილებელია მათი რაოდენობის შემცირება ყველა ხელმისაწდომი მეთოდით. თუ არ არის ხანძრის გაჩენის საშიშროება, ეფექტურია ტრადიციული მეთოდი, ღამით ჩირაღდნებით ბუდის გამოწვა. კრაზანები სიბნელეში მიფრინავენ ცეცხლისკენ, ეწვებათ ფრთები და ვეღარ ფრენენ, თუმცა ფრთებდამწვარი კრაზანების კბენისგან თავდასაცავად მაინც სიფრთხილეა საჭირო.
შეიძლება მათი განადგურება სხვადასხვა ქიმიური ინსექტიციდებით, სასხურებლის ძლიერი ჭავლით. სინთეზური პირეტროიდების ან ნეონიკოიტოდების ან/და მათი ნარევების გაამოყენებით (ალპაკი, ალპგორი, ანტიგო, აქტარა, აცე, ბესტ-ალფა, ბინგო, დელტატრინი, ზონდერი, ტალსტარი და სხვა). ძალზედ ეფექტურია საფუტკრეებში და სახლებშიც მარტივი ტიპის მისატყუარი მწერმჭერი ხაფანგების გამოყენება.
თეთრ გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლს (1-2 ლიტრიანი), მოაჭერით ბოთლის1/3 და გადმობრუნებული თავით დაბლა ჩადგით ბოთლში, ან ბოთლის სახურავში გააკეთეთ კრაზანის სიგანის შესატყვის ნახვრეტი - 2-2,5 მმ. გიგანტური კრაზანას წინააღმდეგ გამოიყენება მხოლოდ თავახდილი ბოთლი, რადგან სხვა შემთხვევაში იგი ნახვრეტში ვერ ეტევა და ამის გამო ასეთი მწერსაჭერის გაკეთებას აზრი არ აქვს. ბოთლში ჩაასხით 200-300 გ ოდნავ ამჟავებული (ამჟავებულს ფუტკარი არ ეტანება) ტკბილი სიროფი და დადგით სკების სიახლოვეს. კრაზანა შეძვრება ბოთლში და უკან ვეღარ ამოდის.
ასევე ეფექტურია, პლასტმასის თვითნაკეთ მისატყუებელ ბოთლხაფანგში ჩაისხას 0,5 ლ ლუდში გახსნილი 1-2 კოვზი თაფლი. კრაზანების რიცხოვნობის შესამცირებლად შეიძლება მისატყუარ ნარევებს დავუმატოთ ქლორპირიფსის მცირე დოზაც.
კრაზანის ბუდეების აღმოსაჩენად გულდასმით უნდა დავათვალიეროთ სკებიდან დაახლოებით 250-300 მ-იან დიამეტრზე მდებარე მიწა, ფლატეები, ხეები, ფუღუროები, ხის ანახეთქები, შენობა ნაგებობები, მათი სხვენი და ხის სახლებზე აკრული ფიცრები და შიფერები. თუ კრაზანის ბუდეებს ვერ აღმოვაჩინეთ, შესაძლებელია წვრილი ალისფერი/წითელი ლენტი ფრთხილად შეაბათ დაჭერილ კრაზანას მკერდსა და მუცელს შორის შევიწროვებულ ადგილას, გაუშვათ და ამ მეთოდით აუცილებლად მიაგნებთ კრაზანების კოლონიას.
ონავარა ისედაც საკმაოდ დიდი ზომისაა, კარგად ჩანს და მისი ბუდის მისაგნებად კრაზანა დამატებით მონიშვნას არ საჭიროებს.