ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან ერთად, ძნელია, ჩამორჩე იმას, რაც ყველამ იცის, ყველამ მოისმინა, წაიკითხა, შენ კი სამსახურის ან ოჯახის გამო ამის დრო არ დაგრჩა. როცა აღმოჩნდები გარემოში, სადაც ყველა ერთ კონკრეტულ ფილმზე ან ნაწარმოებზე საუბრობს, მის შინაარსს, ღირებულებებს განიხილავს, შენ კი ამის შესახებ არაფერი იცი, აცნობიერებ, რომ თითქოს ყველაფრის საქმის კურსში ხარ, თუმცა სინამდვილეში, რაღაც მნიშვნელოვანი მაინც გამოტოვე.
ეს საქმის კურსში ყოფნის ინსტინქტი კი უკვე საუკუნეებია, ადამიანებს „გვაიძულებს“, განვვითარდეთ ისე, რომ ინფორმაციის, განათლების, გართობის წყაროები რაც შეიძლება, კომფორტული, მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ - ამის მიზეზია აუდიოწიგნების გამოგონებაც.
დღეს, დატვირთული სამუშაოს შემდეგ, თვალების ზედმეტად დაღლა დისკომფორტს გვიქმნის. არსებობს გამოსავალი - შეგვიძლია, მოვდუნდეთ, აუდიოწიგნი ჩავრთოთ და პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებულ ნაწარმოებს მოვუსმინოთ.
როცა სამსახურიდან გამოსული გრძნობ, რომ გადაღლილობისგან რამდენიმე დღის წინ საგულდაგულოდ შერჩეული ავტორის ნაწარმოებს ყურადღებით ვერ წაიკითხავ, შეგიძლია, ეს წიგნი უბრალოდ, მანქანაში „ჩართო“, მშვიდად მოისმინო და განიტვირთო კიდეც.
როცა ვკითხულობთ, გონება სხვადასხვა სიმბოლოს გაანალიზებით არის დატვირთული, ამიტომ შეიძლება, იმაზე მალე დავიღალოთ, ვიდრე მოსალოდნელია. რა ხდება აუდიოწიგნის მოსმენისას? გრძნობ, რომ პერსონაჟები სადღაც შენ გვერდით საუბრობენ, კონკრეტული სცენის მონაწილე ხდები, თუმცა აღსაქმელად გონების დაძაბვა არ გიწევს, ყველაფერი ისედაც მარტივია. სწორედ ამიტომ გახდა პოპულარული საჭესთან აუდიოწიგნების მოსმენა, განსაკუთრებით, ხანგრძლივი მგზავრობის დროს, როცა ოჯახი დასასვენებლად მიდის. მთელი ეს დრო შეგიძლია, „ინტელექტუალური დასვენებისთვის“ გამოიყენო და გზაში რომელიმე კლასიკოსის ან სულაც ახალბედა მწერლის ნაწარმოები მოისმინო. ადგილზე ჩასული კი აცნობიერებ, რომ შენი და შენი ოჯახის წევრების ცოდნას რაღაც ახალი შეემატა.
აუდიოწიგნების მოსმენისას, შეგიძლია, სხვა საქმითაც დაკავდე. ამ სარგებლის გამო აუდიოწიგნები არამხოლოდ ჩვენი რეალობის, არამედ მომავლის ტექნოლოგიაც არის, რომელიც სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს როგორც უცხოეთში, ისე საქართველოშიც.
ჩვენს ქვეყანაშიც, აუდიოწიგნები ბავშვებსა და მოზრდილებში უკვე პოპულარობით სარგებლობს. ბავშვებს, რომლებიც კითხვას თამაშს ამჯობინებენ ან სკოლისა და სპორტული აქტივობების გამო ამის დრო არ რჩებათ, მშობლები აუდიოწიგნებს ასმენინებენ ხოლმე, რაც ერთგვარ ჩვევაშიც გადაიზრდება.
და მაინც, როგორ უნდა გაატარო დრო, როცა დასასვენებლად წასულს წინ 6-7-საათიანი მგზავრობა გელის? შეგიძლია, შვილებთან ერთად, თუნდაც მხიარულ ზღაპრებს ან ისტორიებს მოუსმინო. ასე არც შენ იფიქრებ, როგორ გაართო გზაში „გაბეზრებული“ ბავშვები და ისინიც დროს ისე გაიყვანენ, ვერც იგრძნობენ.
აუდიოწიგნებზე მოთხოვნის შესაბამისად, ონლაინსივრცეში ქართულად გახმოვანებული წიგნების ვებგვერდი gudabooks.ge გამოჩნდა, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, პირადი აუდიობიბლიოთეკა ჰქონდეს. ვებგვერდზე პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებული წიგნების ჩამონათვალი ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად, შეგვიძლია, ჩვენი ბიბლიოთეკა უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.
უცხოეთში პოპულარული აუდიოწიგნების ვებგვერდების უამრავი მაგალითი არსებობს: Chirp books, Loyal books. Lit2Go, Overdrive და ა.შ, რომელთა მომხმარებლებიც ძირითადად, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მქონე პირები ან ბავშვები არიან.
წიგნსა და აუდიოწიგნს შორის არჩევანი არ არსებობს, რადგან ორივე მათგანი სხვადასხვა გამოცდილებასა და ემოციას გვაძლევს. როგორც ტრადიციული წიგნის, ისე აუდიოწიგნის მიზანია, ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახადოს და განათლებაზე ხელმისაწვდომობა გააუმჯობესოს. დღეს, ტექნოლოგიური განვითარების ძირითადი მოტივატორიც სწორედ ეს არის.
გირჩევთ 3 აუდიოწიგნს:
ალექსანდრე ბელიაევი - ადამიანი-ამფიბია (მოუსმინეთ აქ)
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცნობილ არგენტინელ ქირურგ სალვატორთან,რომელიც ბიოლოგიაში ექსპერიმენტებს ატარებს, კერძოდ კი სახეობათაშორისი ორგანოების გადანერგვა აინტერესებს, ინდიელ ბიჭუნას მიიყვანენ. ავადმყოფს იმდენად სუსტი ფილტვები აქვს, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია. სალვატორი პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას იწყებს და იმარჯვებს კიდეც - ბიჭს ახალგაზრდა ზვიგენის ლაყუჩებს გადაუნერგავს და ის გადარჩება.
ამიერიდან აუცილებელია, ადამიანმა-ამფიბიამ ნახევრად წყალში და ნახევრად ხმელეთზე იცხოვროს. სრულყოფილი სამეცნიერი ექსპერიმენტი ხომ მსხვერპლს მოითხოვს და სალვატორიც ხმას გაავრცელებს,თითქოს პაციენტი გარდაიცვალა,სინამდვილეში კი ბიჭს თავისთან ტოვებს. თუმცა ამქვეყნად რა ამბავი დამალულა,ეს რომ დაიმალოს...
ერნესტ კლაინი - პირველი მოთამაშე, მოემზადე! (მოუსმინეთ აქ)
2044 წელი – სამყარო ღრმა კრიზისს მოუცავს! როგორც კაცობრიობის დიდი ნაწილი, უეიდ უოთსიც, პირქუში გარემოსგან თავდასაღწევად, მთელ დროს ოაზისში ატარებს – უზარმაზარ ვირტუალურ უტოპიაში, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, იცხოვრო, ითამაშო და იპოვო გულისსწორი. და როგორც ყველა, უეიდიც ოცნებობს, მოიპოვოს სანუკვარი პრიზი. რომელიც ამ ვირტუალურ სამყაროშია დამალული.
ელიფ შაფაქი - ღირსება (მოუსმინეთ აქ)
რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რამდენიმე თაობის დიდ თავგადასავალს. ერთდროულად, უდაბნოს მწველი მზის ქვეშ და ინგლისის ნისლში კრიმინალური, რომანტიკული, ყოფითი, მაგიური დრამა თამაშდება, სადაც ყველა დამნაშავეა და ყველა – მსხვერპლი. ელიფ შაფაქი – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდგარი მწერალი – ორი სამყაროს ერთობასა და უცხოობაზე და იმ გულზე, რომელიც ყველაზე ულმობელ სახალხო სამართალს, წეს-განგებას, ტრადიციას, სირცხვილსაც კი არ უშინდება, როცა სიყვარულით ფეთქავს.