თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის არხში 7 წლის ბავშვი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, ძმასთან და მეზობელთან ერთად, ალაზნის სარწყავ არხზე საბანაოდ იყო წასული.
როგორც AMBEBI.GE-ს ადგილობრივებმა უთხრეს, ბავშვები საბანაოდ ოჯახის წევრებისგან მალულად გაიპარნენ. გარდაცვლილი მოზარდი - შალვა თუშიშვილი, სოფელ ვარდისუბნის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.
მაშველებმა არხიდან ბიჭუნას ამოყვანა მოახერხეს, თუმცა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო.
"სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში სარწყავი არხია, სადაც 3 არასრულწლოვანი ოჯახის დაუკითხავად წასულა. მათ შორის, ორი ძმა იყო და ერთ-ერთი, მეორეკლასელი ბიჭუნა დაიხრჩო. ძალიან სამწუხარო ამბავია...
ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა ექიმებმა ვეღარაფერი შეძლეს" - განაცხადა თელავის მერის წარმომადგენელმა სოფელ ვარისუბანში დავით სუმბაძემ.
როგორს AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია 2012 წელს დაბადებული ბიჭი, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.