20-21 ივნისის აქციების საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000- ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.
როგორც ბეჟან ლოთქიფანიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, მან პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის შედეგადაც, ის პატიმრობიდან გათავისუფლდა.
როგორც ბეჟან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 25 ივლისს 5 პირი დააკავეს, მათ შორის მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე. მათ მიმართ წარდგენილი ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. 27 ივლისს კი საქალაქო სასამართლომ ამ ადამიანებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ლორთქიფანიძე ზოოლოგია. მან 1999 წელს დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის "ნაკრესის" ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ზოგადად, კონსერვაციული კვლევითი საქმიანობის გარდა, მისი სამეცნიერო და საველე სამუშაო მსხვილი ძუძუმწოვრების პოპულაციების კვლევა-მონიტორინგს ეხება.
ლორთქიფანიძის დაკავების შემდეგ მის მიმართ სოციალურ ქსელში მხარდაჭერას გამოხატავდნენ და წერდნენ, რომ ის ერთ-ერთია, რომელმაც 13 ივნისის მოვლენების დროს წყალდიდობაში მოყოლილი ცხოველების, მათ შორის ბეჰემოტი ბეგის გადარჩენის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოზე, რომელიც National Geographic-ს ეკუთვნის, ჩანს ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც ბეგის მოსადუნებელ კაფსულს ესვრის.