ავტორი:

მაესტრო გია ყანჩელს დაბადების დღე საავადმყოფოს პალატაში მიულოცეს - ემოციური კადრები კლინიკიდან

მაესტრო გია ყანჩელს დაბადების დღე საავადმყოფოს პალატაში მიულოცეს - ემოციური კადრები კლინიკიდან

გენიალური კომპოზიტორი გია ყანჩელი იუბილარია. დღეს, 10 აგვისტოს, მას 84 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ, ამ დღეს კომპოზიტორი არასადღესასწაულო გარემოში ხვდება - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობს.

კლინიკის მედპერსონალმა გადაწყვიტა, ეს დღე გაელამაზებინათ მაესტროსთვის და მას დაბადების დღე პალატაში მიულოცეს.

მისი უკვდავი ნაწარმოების "ყვითელი ფოთლების" მელოდიის თანხლებით, გია ყანჩელის პალატაში ექიმები ტორტით შევიდნენ და სანთლები ჩააქრობინეს.

"ბატონი გია ყანჩელი იუბილარია და ჰელსიკორის გუნდი შეეცადა, სულ მცირედით მაინც გაელამაზებინა და პირველს მიელოცა დიდი მაესტროსთვის ეს დღე!" - ვკითხულობთ კლინიკის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ტექსტში.

გია ყანჩელმა მადლობა გადაუხადა ექიმებს: "უღრმესი მადლობა თქვენი სახით ყველას, ვინც აქ მუშაობს და ამდენი ხანია მივლის. ძალიან დიდი მადლობა!"

AMBEBI.GE ულოცავს მაესტროს დაბადების დღეს და ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს!

რამდენიმე თვის წინ, ჟურნალ OK!-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გენიალურმა კომპოზიტორმა გულწრფელად ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალისტმა თაკო გვაზავამ ჩაწერა:

"მე გამოვიარე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება... ჯერ მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რას მოვესწარი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ინატრებდა ასეთ ბედ-იღბალს. მე ურთიერთობა მქონდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, შემსრულებლებთან, მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და მოსმენილი მაქვს ჩემი მუსიკა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, რადგან ეს დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედნიერი ცხოვრება.

ჟურნალისტები ძალიან ხშირად მეკითხებიან – თუ ასე ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ასეთ ტრაგიკულ მუსიკას? მე ვპასუხობ: თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა? ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემს სამშობლოში, მსოფლიოში, არასოდეს მაძლევდა უფლებას, დამეწერა სხვანაირი მუსიკა. ამიტომ ის ძირითადად სევდიანი და ტრაგიკულია.

მე მოგიყევით, რას მოვესწარი. ახლა კი მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები. სამწუხაროდ, ვერ მოვესწრები ჩემს ქალაქში ტრადიციული, ფილარმონიული ცხოვრების დაფუძნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოყვარულებმა წინასწარ იცოდნენ, როდის შესრულდება მოცარტი, ბრამსი, ბახი, სტრავინსკი და ასე შემდეგ. იგივეს ნატრობდა ჩემთან ერთად ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ამას ვერ მოესწრო ის და ვერ მოვესწრები მეც. ქვეყანა და ერი, სადაც ეს კლასიკოსები ან თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე წარმომადგენლები არ სრულდება, არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალი კულტურის მატარებელ ერად.

იცით, კიდევ რას ვერ მოვესწრები? რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკოსები და პარლამენტი, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე პიროვნებები არ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, სიძულვილს და გესლს. აი, ამას ვერ მოვესწრები..." წაიკითხეთ ვრცლად

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს