საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ უგრეხელიძე "ფეისბუქზე" წერს.
"დღეს, სასამართლომ 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 სრულად დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ჩემი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. ეკატერინე მესხიძეს დაევალა 5 ტელეკომპანიაში საჯაროდ უარყოს ერთი წლის წინ გაჟღერებული ცრუ, უსაფუძვლო და გამოგონილი ბრალდება, ვითომდა სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელმაც შელახა ჩემი საქმიანი რეპუტაცია და რაც მთავარია, ჩრდილი მიაყენა მისივე ყოფილ კოლეგებს - საჯარო რეესტრის თანამშრომლებს. ვფიქრობ, ამ ტიპის შანტაჟი, ცრუ, გამოგონილი ბრალდებები, ყოველთვის საჭიროებს სათანადო რეაგირებას, ვინაიდან ქალთა უფლებების დაცვას ამოფარებული ჯგუფები, ხშირად საშიშ ტენდენციას უყრიან საფუძველს, ყველა ქალისა და კაცის წინააღმდეგ. მათ არანაირი საერთო არ აქვთ უფლებების დაცვასთან და სულ სხვა მერკანტელური მიზნები ამოძრავებთ, მათ შორის პოლიტიკური აქცენტებით!" - წერს უგრეხელიძე.
ცნობისთვის, 2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმდჯომარე, პაპუნა უგრეხელიძე მისმა ყოფილმა თანმშრომელმა, ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. ახალგაზრდა ქალი მაშინ ამბობდა, რომ უგრეხელიძე სამსახურში ავიწროებდა არამხოლოდ იმ ქალებს, ვინც „მოსწონდა“, არამედ მათაც, ვინც „არ მოსწონდა“, რომ თანამშრომლების ჩაგვრა მისი მუშაობის ბუნებრივი ხელწერა და „სტილია“ და თანამშრომლებს, მათ შორის კაცებსაც სხვადასხვა მიზეზით მუდმივ სტრესში ამყოფებდა.
აღნიშნულის შემდეგ უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა და აღნიშნა, რომ დავას სასამართლოში გააგრძელებდა.