ავტორი:

მასშტაბური სპეცოპერაცია და "პოლიტიკურ არდადეგებზე" დაკავებული ექსპრეზიდენტი - ყირგიზეთში არეულობა დასრულდა?

მასშტაბური სპეცოპერაცია და "პოლიტიკურ არდადეგებზე" დაკავებული ექსპრეზიდენტი - ყირგიზეთში არეულობა დასრულდა?

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სპეცრაზმმა მესამე ცდაზე დააპატიმრა. მანამდე პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი მიიტანა, გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზიც. თუმცა გუშინდელი მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

სოფელ კოი-ტაშში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ერთ-ერთ ოთახში იმყოფებოდა, გათიშული იყო მობილური კავშირი. სპეცოპერაციის დროს ექსპრეზიდენტის მომხრეები თავს დაესხნენ სპეცრაზმელებს და რამდენიმე მათგანი შეიპყრეს, სროლის დროს ერთ-ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა.

ატამბაევის განცხადებით, ის იყო ერთადერთი შეიარაღებული პირი მისი ხალხიდან და თავდაცვის მიზნით მხოლოდ ჰაერში გაისროლა, რადგან არ უნდოდა, "ჟეენბეკოვს დასაკლავი ცხვარივით ჩაჰბარებოდა".

"ჩემს მხარდამჭერებს შურდულებიც კი არ ჰქონიათ. ტელევიზიები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. მე კი მხოლოდ მაშინ ვისროლე, როდესაც ბიჭები მესამე სართულზე ამოვიდნენ. ვცდილობდი, არავისთვის მომერტყა..." - აცხადებს ატამბაევი.

სპეცრაზმელები აცხადებენ, რომ მათ შტურმისას მხოლოდ რეზინის ტყვიები ჰქონდათ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები ესროდნენ.

მოგვიანებით, ატამბაევის მომხრეებმა დაკავებული სპეცრაზმელები გაათავისუფლეს, თუმცა საპროტესტო ტალღა უკვე აგორებული იყო. მთლიანობაში, ყირგიზეთში ექსპრეზიდენტის სახლის შტურმის დროს 52 პირი დაშავდა. ერთი კი – გარდაიცვალა.

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა განაცხადა, რომ "7 აგვისტოს მოვლენების შემდეგ ექსპრეზიდენტის სამართლებრივი სტატუსი შეიცვლება და ამიერიდან სასამართლოში იგი გამოძახებული იქნება, როგოც მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი".

რუსული მედიის ცნობით, სპეცოპერაციის შემდეგ ექსპრეზიდენტის მომხრეები ყირგიზეთის პარლამენტის წინ დღეს, 8 აგვისტოს, აქციას გამართავენ. მათ წინააღმდეგ კი უკვე დაწყებულია გამოძიება მკვლელობის, მასობრივი არეულობის, ხულიგნობის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ მუქარისა ან ძალადობის მუხლებით.

ТАСС-ის ცნობით, ატამბაევი დაპატიმრების შემდეგ დანებდა, ახლა კი მისი მომხრეების ბედი უნდა გადაწყდეს.

novayagazeta.ru-ს ინფორმაციით, ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტი 2011 წლიდან 2017 წლამდე იყო. ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ატამბაევი ახლანდელ პრეზიდენტს სოორონბაი ჟეენბეკოვს აკრიტიკებდა, რომელიც თავის მხრივ ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან სხდასხვა სახის დარღვევებზე საუბრობდა.

გამოცემის ცნობით, მოგვიანებით ატამბაევს "ექსპრეზიდენტის" სტატუსი გაუუქმეს დ ხელშეუხებლობის გარანტიაც მოუხსნეს. მისი სახელი სხვადასხვა საქმეებში ფიგურირებს, თუმცა ის ყველა მათგანზე საუბარს თავს არიდებდა და არც გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

ყირგიზი პოლიტოლოგის სეიტეკ კაჩკინბაის შეფასებით, ატამბაევის დაკავებისთვის ახლა საუკეთესო დროა, რადგან ქვეყანაში ფაქტობრივად "პოლიტიკური არდადეგებია".

"წინ კი მუსლიმური დღესასწაული ყურბან-აითია, რომელიც 11 აგვისტოს იწყება და იმ დროს ქვეყანა ფაქტობრივად ისვენებს. ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ასე ჩუმად ჩაივლიდა, თუმცა შეცდნენ" - ამბობს სეიტეკ კაჩკინბაი novayagazeta.ru-სთან საუბარში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე