სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2017 წლიდან დღემდე, სვანეთში განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე 400 000-მდე დოლარი უკვე დახარჯა, - ამის შესახებ „ნენკრა ჰესის“ საპროექტო კომპანია სს „ნენკრა ჰიდროში“ განაცხადეს.
როგორც „ნენსკრა ჰიდროში“ განმარტავენ, სოციალური პროექტები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, განათლებისა და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, 2017 წლიდან ხორციელდება. 2019 წლის მარტში კი, 3 მასშტაბური პროექტი დაიწყო: მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი, მექანიზაციის პროექტი და მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამა, რომლებშიც სვანეთში მცხოვრები მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული.
პროგრამის ბენეფიციარები აცხადებენ, რომ თავად „ნენსკრა ჰესი“ და კომპანიის სოციალური პროექტები მათ რეგიონის განვითარების იმედს აძლევს.
„ნენსკრა ჰიდროს“ ყველა სოციალური პროექტით ისარგებლა თამარ ვიბლიანის ოჯახმა, რომელიც ქმართან და 4 შვილთან ერთად ხეობაში 25 წელია ცხოვრობს. მისი თქმით, პროექტის დაწყებამ ხეობაში განვითარების პერსპექტივა გააჩინა , „ნენსკრა ჰიდროს„ სოციალური პროექტები კი მნიშვნელოვნად დაეხმარა.
„კომპანიის ტრაქტორი გამოვიყენე, ჩემს ეზოში ძალიან ბევრი ქვა ეყარა, ერთი ბოლოდან მეორეში ვერ გაიხედავდი, ეს ქვები ამოიღეს და გაიტანეს. შემდეგ ორმოები ამოავსეს, ამას ჩემი სახსრებით ვერასდროს გავაკეთებდი. ასევე ერთი წელი ვსწავლობდი ინგლისურს, რომელიც უკვე ჩემ პოლონელ სტუმრებთან გამოვიყენე. მეუღლე მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამაზე სწავლობს. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული პროექტში და მუშაობენ, მეც მაქვს იმედი, რომ როდესაც პროექტი აქტიურ ფაზაში გადავა, დავსაქმდები “, - განმარტავს თამარ ვიბლიანი.
მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტით ისარგებლა 64 წლის ლამარა დევდერიანმა. სოფელ ზედა მარღში მცხოვრები მასწავლებელი ამბობს, რომ „ნენსკრა ჰიდროს“ სოციალურმა პროექტმა მიწის საკუთრების მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარა. „ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და როდესაც არქივში წავედი საერთოდ გამქრალი ვიყავი, მიწის აზომვის პროექტი ძალიან დამეხმარა, ნახაზი მომიმზადეს, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ამის გარდა ზამთარში ტექნიკა გამოგვიგზავნეს და გზა გაგვიკვალეს. აქვე პატარა სკოლა გვაქვს და ძალიან შეგვიწყო ხელი მე და ბავშვებს. პროექტის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, თუ თავის მიწაზე ჰესს არავის ააშენებინებს, ელექტროენერგია საიდან მოვა? მიწის რეგისტრაცია სესხის აღებაშიც დამეხმარება, ყანა, ბოსტანი მაქვს, სათბურს გავაკეთებ. შემიძლია მოსავალი გავყიდო კიდეც“, -აცხადებს ლამარა დევდერიანი.
ცნობისთვის,“ნენსკრა ჰესის” საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ , კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.
რაც შეეხება თავად „ნენსკრა ჰესს“, 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1 200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1,031 მილიარდი აშშ დოლარია.