ავტორი:

მიხეილ კალანდიას მამა - მოსამართლეს, ჩემი შვილის გამტყუნების სანაცვლოდ, საჩუქრად უვადო მოსამართლეობას შეპირდნენ

მიხეილ კალანდიას მამა - მოსამართლეს, ჩემი შვილის გამტყუნების სანაცვლოდ, საჩუქრად უვადო მოსამართლეობას შეპირდნენ

ერთი წელი და 7 თვე პროკურორები, შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის სხდომებზე თვითონ იცავდნენ ჩემს შვილს, რადგან რეალურად არაფერი ჰქონდათ მის წინააღმდეგ. ახლა რა მოხდა, რა შეიცვალა? ამას ვერ ვიგებ! ზაზა სარალიძე რომ გაჩუმებულიყო, ამის სანაცვლოდ დაიჭირეს ჩემი შვილი? - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ განუცხადა.

კალანდია მისი შვილის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის ობიექტურობას ეჭქვეშ აყენებს, ვინაიდან ის უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატია, შესაბამისად, კალანდია მიიჩნევს, რომ მოსამართლე მისი შვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„განაჩენი უკვე გამოტანილი აქვთ, უბრალოდ, რა ვადაც აქვთ, გაწელავენ. ეს მოსამართლე გორიდან ჩამოიყვანეს, ვითომ დააწინაურეს. ისეთი განწყობით ზის, თითქოს, არც გისმენს, რას ლაპარაკობ. მას იუსტიციის საბჭოში გასაუბრება გავლილი აქვს, უვადო მოსამართლეობას შეპირდნენ. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, კალანდია ერთი წელი იჯდება, თუ 13 წელი, მას თავისი გარანტირებული აქვს. ამ საქმეს როგორც კი დაასრულებს, ავტომატურად დანიშნავენ. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს იმის გამო აკეთებენ, რომ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენოს. საჩუქრად მისცემენ იმას, რომ ცხოვრების ბოლომდე მოსამართლე იყოს.

რა თქმა უნდა, ის მიკერძოებულია, მას კალანდიას გამამტყუნებელი განაჩენის სანაცვლოდ სამუდამო მოსამართლეობა გარანტირებული ექნება საჩუქრად. ის სამუდამო აწყობილი ცხოვრებით იქნება და ჩემ შვილს სამუდამოდ ცხოვრება უნდა დაენგრეს“, - აცხადებს კალანდია.

კითხვაზე, მოითხოვს თუ არა მოსამართლის აცილებას, კალანდია პასუხობს, რომ ამის მოთხოვნას აზრი არ აქვს.

„რა მნიშვნელობა აქვს, რომ ავიცილოთ, სხვას მოძებნიან. დღევანდელი სასამართლოსგან, დღევანდელი მთავრობისგან არაფრის იმედი მაქვს და არც იმის მოლოდინი, რომ ჩემი შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება. არაფრის გამო დააკავეს. საქმე ვერ გახსნეს ბოლომდე, რაღაცით ხომ უნდა გამოასწორონ? ჩემს შვილს ახოცავენ ხელს. საქმის განხილვები რომ დასრულდება, საქმის მასალებს გადმოგცემთ და თუ რამეს იპოვით, ჩემი შვილის საწინააღმეგოს, გამოაქვეყნეთ! უბრალოდ, ახლა, პროცესის მიმდინარეობისას უფლება არ მაქვს, ის ვინმეს გადავცე, მეც ცალი ფეხი იქით მაქვს, როცა უნდათ, დამიჭერენ. ჩვენი პროცესი უვადოდაა გადადებული, ვინაიდან იქაც ლაფსუსია, იქაც ვერ შვებიან ვერაფერს, აჭრილები არიან!

არ გამოვრიცხავ, რომ ნებისმიერ დროს დაგვაკავონ, ეს ჩვენი საქმე უდევთ ისე, როცა დაჭირდებათ, მაშინ გამოიყენებენ. ჩემ შვილს დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ისიც ისე უდევთ. თუ მოსამართლე წინააღმეგობაში მოვა მათთთან და გამამართლებელ განაჩენს დააყენებს, მეორე საქმეზე - დანაშაულის დაფარვაზე მიუსჯიან. არც იმ საქმეს ხურავენ და არც ჩვენსას. აქ თუ ჩემი შვილი გამტყუნდება, ჩვენ გაგვამართლებენ. ყველაფერი აწყობილი აქვთ პირამიდასავით, მაგრამ ეს ხუხულა დაენგრევათ. არ მინდა, რომ ჩემი შვილი 2 წელი იჯდეს იმის გამო, რომ ამათ სავარძლის შენარჩუნება უნდათ. ეს საქმე სტრასბურგამდე რომ მივა, თავზე მაინც დაენგრევათ, რადგან საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ბუნებაში არ არსებობს ბასრი საგანი, დანა, ტარი, რაც ჩემს შვილს ხელში ჰქონდა“, - აცხადებს კალანდია.

მისივე განმარტებით, პროკურატურას საქმეში მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და სხდომები დახურულ რეჟიმში ამიტომ მიმდინარეობს.

„პროკურატურას თავისი უნიათობის დამალვა უნდა და ამიტომ უნდათ პროცესების დახურვა, თორემ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. პროკურატურას არაფერი გააჩნია ჩემი შვილის წინააღმდეგ. მინისტრის მოადგილე, რომ გამოვიდა და თქვა, გარბოდნენ, ქვეყანას ტოვებდნენ კალანდიებიო, სასამართლოში მივდიოდით დასაკითხად. იმის გამო იცრუა, დაკავების მიზეზი რომ ჰქონოდა. საბოლო შედეგი ამათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ.

მოსამართლემ თქვა, დაუდგენელ პირებთან ერთად მოკლეს სარალიძეო, რაღა მაინც და მაინც ვიღაც პირი ჩემი შვილი აღმოჩნდა, თუ ერთი წელი და 7 თვე დამნაშავე არ იყო? ზაზა სარალიძე სახლში წავიდეს, თბილად იჯდეს და ჩემი შვილი ციხეში, ამას ასე არ დავტოვებ, სტრასბურგამდე მივიყვან ყველაფერს, უბრალოდ, დროში გამეწელება. 2-3 წელიწადში საქმე თავზე დაენგრევათ, მაგრამ ამასობაში ბავშვი მეღუპება, ცხოვრება ერევა“, - განაცხადა კალანდიამ.

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა