ავტორი:

"ბავშვობაში ყველაზე მეტად მე ვაბრაზებდი, ახლა ძმაკაცები ვართ" - რას ჰყვება შვილიშვილი პაპაზე, რომელსაც 86 წლის ასაკში ზღვა პირველად ანახა

"ბავშვობაში ყველაზე მეტად მე ვაბრაზებდი, ახლა ძმაკაცები ვართ" - რას ჰყვება შვილიშვილი პაპაზე, რომელსაც 86 წლის ასაკში ზღვა პირველად ანახა

ორი დღეა სოციალური სივრცე ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტოებმა დაიპყრო, სათაურით - შვილიშვილმა 86 წლის პაპას ზღვა პირველად აჩვენა... ფაქტი და კადრები ძალიან ემოციური აღმოჩნდა...

AMBEBI.GE ფოტოგრაფს დაუკავშირდა და ამ ფოტოისტორიის შესახებ ექსკლუზიურად ესაუბრა.

ზაქარია ჭელიძე:

- ყველაფერი ასე დაიწყო - ჩემმა მეგობარმა დავითმა მითხრა, რომ ჰყავდა პაპა, რომელიც კახეთში ცხოვრობდა და ზღვაზე არასდროს იყო ნამყოფი... გამიკვირდა - საქართველოში მცხოვრებ 86 წლის ადამიანს ზღვა როგორ არ ჰქონდა ნანახი? მიპასუხა, რომ პაპა მთელი ცხოვრება მუშაობდა, სულ საქმეში იყო და ამისთვის არასდროს ეცალაო. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ასეთი ადამიანები შეიძლება, მართლაც არსებობდნენ...

ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შვილიშვილმა პაპას გახარება გადაწყვიტა - ზღვა ენახებინა. შემდეგ მეგობარს ვუთხარი, - ზღვას პირველად რომ დაინახავს, ის წუთები არ გამომაპარო-მეთქი. მართლაც დამირეკა - პაპა მიმყავსო და ყველანი ერთად წამოვედით ურეკში. მთავარი ამ ისტორიაში, შვილიშვილის დამოკიდებულებაა...

ფოტოს ავტორი: ირმა შარიქაძე

მე გადავიღე ამ ადამიანის თვალები... მან თქვა, რომ ეს დღე ყველაზე, ყველაზე დასამახსოვრებელია მის ცხოვრებაში. როცა 86 წლის ასაკში ადამიანი ამას იტყვის და აქვს ასეთი დასამახსოვრებელი ამბები, ის ბედნიერია... მით უმეტეს, როცა საქმე მის შთამომავალს, შვილიშვილს ეხება. კი, ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია. როდესაც ფოტოები სოციალურ ქსელში გავავრცელე, ხალხზეც სწორედ ამან იმოქმედა...

გუშინ ზღვა ძალიან ღელავდა, დღეს დამშვიდდა, გურგენა პაპა ზღვაში პირველად დღეს ჩავიდა. გუშინ ვუხსნიდით, - ზღვა ასეთი მღელვარეც შეიძლება იყოს და მშვიდიც-თქო. ამ ორ დღეში ორივენაირი ზღვა ნახა.

დათო ზურაბაშვილი, გურგენ ზურაბაშვილის შვილიშვილი, 30 წლის:

"პაპას გაზრდილი ვარ, მშობლები უცხოეთში რომ იყვნენ, მზრდიდა... მე თბილისში ვცხოვრობ, პაპა - თელავში, ქალაქელი ბიჭია, თავის დროზე ფაეტონიც მქონდაო", - ღიმილით გვეუბნება შვილიშვილი.

"მეც არ ვიცოდი იმის შესახებ, რომ ზღვაზე არასდროს იყო ნამყოფი... ახლახან შემთხვევით გავიგე.

მთელი ცხოვრება შრომობდა, დღემდე, ასაკის მიუხედავად, მშრომელია, თელავში მარტო ცხოვრობს და თავის თავს თვითონ უვლის. ასე ყოფნა ურჩევნია, თბილისშიც რომ ჩამოდის, დიდხანს ვერ ჩერდება... შინაგანად ძლიერი კაცია... ცოლი ადრე გარდაეცვალა, მაშინ მე ძალიან პატარა ვიყავი. ორი შვილი ჰყავს - მამიდაჩემი - უფროსი შვილია, მერე მამაჩემია. მამიდას ორი შვილი ჰყავს და ჩვენც ორნი ვართ - უფროსი ძმა მყავს.

პაპას 4 შვილიშვილიდან უმცროსი მე ვარ და ბავშვობაში ყველაზე ძალიან მე ვაბრაზებდი, ცელქი ვიყავი, სპორტულიც (ყოფილი სპორტსმენი ვარ). ადრე კი ვაბრაზებდი, მაგრამ ახლა ძმაკაცები ვართ", - გვიყვება დავითი. მისივე თქმით, პაპას ზღვა რომ დაუნახავს, ძალიან განუცდია, ემოციებში იყო.

"თან, ისე დაემთხვა, რომ მაინცდამაინც გუშინ ძალიან ღელავდა. დიდმა ტალღებმა ცოტა დაძაბა, მაშველები ახლოს არავის უშვებდნენ... დღეს დამშვიდდა, ისევ გამოვედით ნაპირზე და ზღვაშიც შევიყვანე...

ბოლო დროს რაღაც უფრო სხვანაირად დავმეგობრდით. ჩვენ შორის სხვანაირი თბილი სიტუაციაა... ამხელა გზაზე რომ მომყავდა - არ მირჩევდნენ, ვერ გაძლებსო, მაგრამ არავის დავუჯერე. თუმცა პაპასაც უკვე ნათქვამი აქვს, - 2 დღეზე მეტს არ გავჩერდებიო - თავის სახლი და კერა უკვე ენატრება...

რომ არა ზაქარია, ეს ყველაფერი ჩვენში დარჩებოდა... ვერავინ გაიგებდა. ისე, მე ვფიქრობ, ერთი ჩვეულებრივი ამბავია, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, პაპას სურვილი ავუსრულე და ეგ არის... არადა, რამდენი ხალხი გამოგვეხმაურა, სიყვარულს გვიხსნიან, გვეფერებიან... კარგია, თუ ვიღაცას ამ ამბის შემდეგ გაახსენდება, რომ გვერდით მოხუცი ჰყავს და მას როგორც შეძლებს, სითბოს ისე აგრძნობინებს და გაუზიარებს.

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

"მამა, მაპატიე ყველაფერიო... მაშინ პირველად დამიძახა მამა" - სანდრო ბერაძის მშობლები აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

7 წესი, რომელიც ონლაინ შოპინგის უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვათ