ხუთი ქართველი მოსწავლე ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ მსოფლიოს ყველა მეცნიერის საოცნებო ადგილიდან - NASA-დან (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო) დაბრუნდა.
სოფიო, მარიამი, გიორგი, ალექსანდრე და იონა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები არიან. მათი გუნდი - "ობერტონი" მეხუთე გუნდია, რომელიც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში NASA-ს პროგრამაში ჩაერთო და ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრის ერთკვირიანი სასწავლო პროგრამა გაიარა.
ხუთეულმა გამარჯვება პროექტით - „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ მოიპოვა. მათი გამოგონების დახმარებით ხდება მედიკამენტის მოქმედების ქვეშ მყოფ თაგვებზე დაკვირვების ავტომატიზაცია, რაც აადვილებს მეცნიერების შრომას და ზოგავს მათ დროს. გამარჯვებული პროექტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის კურატორობით შეიქმნა.
NASA-ს კოსმოსურ ცენტრში ქართველმა მოსწავლეებმა ააწყვეს მარსის როვერები და გუნდურ შეჯიბრებაშიც მიიღეს მონაწილეობა, ასევე დააპროგრამეს ავტომატური რობოტი, რომელიც სხვადასხვა დაბრკოლებას წარმატებით ართმევდა თავს. მოზარდები შეხვდნენ ასტრონავტ მაიკლ ფორმენს, რომელსაც NASA-ს ორ კოსმოსურ მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული (STS-123, STS-129).
"ობერტონის" წევრებმა - სოფიო ჩიხლაძემ, მარიამ გამრეკელაშვილმა, გიორგი რიგიშვილმა და ალექსანდრე ქაჯაიამ AMBEBI.GE-ს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს (იონა იობიძე, გუნდის მეხუთე წევრი, ინტერვიუს არ დასწრებია):
- როგორ შეხვდნენ თქვენს გამოგონებას აშშ-ში და რა შეფასებები მიიღეთ?
გიორგი: ყველას უკვირდა, ამ თემის მიმართ ჩვენი ინტერესი. სხვათა შორის, პირველები ვართ, ვინც ასეთი რამ შევქმენით, ამიტომ, ყველა აღფრთოვანებით ხვდებოდა ჩვენს პროექტს და კიდევ მეტ წარმატებას გვისურვებდნენ. მართლა გაოცებულები იყვნენ, რომ ამ საქმეში პირველები აღმოვჩნდით, აქამდე არავის უფიქრია „ბარნის სმარტ ლაბირინთის“ შექმნა.
ალექსანდრე: ვაშინგტონში შეხვედრა გვქონდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის თანამშრომლებთან. სამი დღის შემდეგ კი ჰიიუსტონში გავფრინდით, იქ უკვე NASA-ს უნივერსიტეტში ერთი კვირა გავატარეთ.
სოფიო: NASA-ს უნივერსიტეტი, ეს არის სასწავლო ბაზა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველ წელს ეწყობა, სადაც დილის 8 საათიდან დღის 4 საათამდე ვრჩებოდით.
ვაშინგტონში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის თანამშრომლებთან შეხვედრისას პანელი მოეწყო, ის ტექნოლოგიებში ქალების ჩართვას ეხებოდა, რაშიც მონაწილეობა მივიღეთ. ვიყავით შეხვედრაზე მიჩიგანის კონგრესის წარმომადგენელთან, რომელმაც კონგრესის ტური ჩაგვიტარა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კომპაქტის დასრულების აღასანიშნავად საქართველოს საელჩოში მიღება მოეწყო და იქაც მიგვიწვიეს.
მარიამი: ერთკვირიანი პროგრამა მოიცავდა გარკვეულ აქტივობებს, მათ შორის იყო რაკეტის აწყობა-გაშვება, მარსის ჰაბიტატის შექმნა, მარსზემავალი მოწყობილობის შექმნა, სითბოსა და სიცივის მოწყობილობებზე მუშაობა. გუნდებად ვიყავით დანაწილებულები და პატარა შეჯიბრებაშიც ჩავერთეთ.
რაც შეეხება პანელს, იქ ყველამ გამოვხატეთ ჩვენი აზრი. იყო ადამიანი, რომელიც კითხვებს გვისვამდა - როგორ გადავლახეთ დაბრკოლებები, როგორ ჩავერთეთ ტექნოლოგიებში, რა პრობლემა შეგვხვდა, რა გამოწვევები გვქონდა. რას ვფიქრობდით და როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაუმჯობესება, წინსვლა.
- ვიცი, რომ ძალიან საინტერესო ადამიანს, ამერიკელ ასტრონავტს შეხვდით. მოგვიყევით ამ შეხვედრის შესახებ.
გიორგი: მაიკლ ფორმენი ორ მისიაშია ნამყოფი. ასევე ხუთჯერ იყო კოსმოსში გასული. მოგვიყვა თავისი ემოციებისა და მიღწევების შესახებ. გვესაუბრებოდა მის თითოეულ ნაბიჯზე, როგორ მიაღწია ამ შედეგებს.
სოფიო: იმასაც მოგვიყვა, რომ ერთ-ერთ ასტრონავსტს ისე მოეწონა კოსმოსში ყოფნა, რომ იქ დარჩენა უნდოდა, მაგრამ იძულებულები იყვნენ, ეყვირათ, რომ ჟანგბადი უთავდებოდათ და უკან დააბრუნეს.
გიორგი: გვითხრა ისიც, რომ მისიამდე მხარი სტკიოდა და კოსმოსიდან რომ დაბრუნდა, ტკივილი სადღაც გაქრა. ეს იმის ბრალი იყო, იქ ნაკლები მიზიდულობაა, ნული გრავიტაცია, დაწოლა არ ხდებოდა... მნიშვნელოვანია, რომ NASA მუშაობს მარსის თემაზე, რომ იქ ცხოვრება შესაძლებელია.
ალექსანდრე: ჩვენი ერთ-ერთი დავალება მარსზე დასახლების თემას ეხებოდა - ასეთი აქტივობა შემოგვთავაზეს: უნდა გაგვეკეთებინა NASA-ს ჰაბიტატი, უნდა მოგვეგონებინა ისეთი, როგორსაც საჭიროდ ჩავთვლიდით. გუნდებად ვიყავით დაყოფილები - გავაკეთეთ მაკეტი, სადაც ყველა გარემოება გავითვალისწინეთ. მაკეტი მაქსიმალურად სახლთან მიახლოებული უნდა ყოფილიყო, ადამიანს შინ რომ ეგრძნო თავი, ამისთვის წინასწარ ჩაგვიტარდა საუბრები. ყველა გუნდმა კარგად გავართვით თავი.
- სანამ წახვიდოდით რა მოლოდინი გქონდათ?
სოფიო: იმაზე სახალისო იყო ტური, ვიდრე წარმოვიდგენდით. ეს არ იყო მხოლოდ ლექციების კურსი, რეალურად რაღაცებს ვქმნიდით, ვტესტავდით. განსაკუთრებულად მომეწონა შემეცნებითი ტურები. მაგალითად, ვნახეთ 5 რაკეტა, რომლიც მთვარეზე არაერთ წარმატებულ მისიაშია ნამყოფი. ასევე სხვადასხვა რაკეტა და კაფსულა, რითაც ასტრონავტები კოსმოსში იყვნენ.
გიორგი: საკმაოდ კარგად იყო დაბალანსებული ყველაფერი - შემეცნებითი ტურები, დავალებები, ინფორმაციის გაცვლა-გაცნობა, ისე, რომ იქ ყოფნა არ მოგწყინდებოდა. დრო მალე გავიდა.
გიორგი: მუზეუმში კაფსულები დედამიწაზე ზუსტი დაცემის კუთხით იყო გადმოტანილი, ასევე ასტრონავტების ცვილის ქანდაკებები. ვიხილეთ ის აუზი, რომელშიც კოსმოსში გაფრენამდე ასტრონავტები წვრთნას გადიან.
წყალი ყველაზე მეტად ჰგავს კოსმოსს. ერთადერთი წყლის წინააღმდეგობაა განსხვავებული, დანარჩენს, უწონადობიდან დაწყებული, ყველაფერს ქმნიან, რადგანაც დაკავშირებულია ჰაერთან, წნევების ბალანსი ხდება და წონადობას ამ სიტუაციაში საერთოდ ვერ გრძნობენ. იმ აუზში ჩვენც ვიყავით აკვალანგებით ჩასული და დავალებებიც შევასრულეთ.
- პროგრამიდან თავისუფალ დროს როგორ ატარებდით?
გიორგი: ვათვალიერებდით ქალაქს, ღირსშესანიშნაობებს, მუზეუმებს, აქტიურად დავდიოდით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ძალიან მოწესრიგებული ქალაქია და ეტყობა, რომ ხალხი ცხოვრობს და არ არის მიტოვებული. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფენის წარმომადგენელია, თავის გარშემო ყველა ყველაფერს უვლის. გაზონებიც ისეთი მოწესრიგებულია და ისე კარგად გამწვანებული, გაოცებული დავრჩით.
ყველა გიღიმის, ნებისმიერი გამვლელი გესალმება... მადლობა კიდევ ერთხელ მათ, ვინც ჩვენი შრომა დააფასა და ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა.
სოფიო: მომეწონა ვაშინგტონიც, ძველი უბანი ჯორჯთაუნი, ძალიან კარგი შენობები იყო, საინტერესო არქიტექტურით, იქვე მდინარეც ჩამოდიოდა, სადაც ძალიან გავერთეთ. ჰიუსტონიც ულამაზესი ქალაქია - ცათამბჯენები, ოფისები, ბიზნესცენტრები. ქალაქგარეთ სულ საკუთარი სახლები და ლამაზი ბუნებაა...
იქ დაწყებითი სკოლიდან ასწავლიან ბავშვებს გარემოზე ზრუნვას. ამერიკელებს საზოგადოებასთან კომუნიკაცია ეადვილებათ. ჩვენთანაც უპრობლემოდ დაამყარეს კონტაქტი.
- NASA-ში ყოფნისას რამე იდეა ხომ არ მოგივიდათ, რომელსაც განახორციელებთ?
სოფიო: რაც იქ ვნახეთ, ჩვენს პირობებში, რთულია, რამე ისეთი შექმნა, მაგალითად, რაკეტა ავაწყოთ და გავუშვათ. ამას ფინანსები სჭირდება. ისე, მრავალფეროვანი დავალებები იყო, თუმცა ყველაზე მეტად ის მომწონდა, სადაც პროგრამირება იყო საჭირო. ამით მივხვდი, რომ ნამდვილად ჩემი საქმეა პროგრამირება. მინდა, ამ მიმართულებით მუშაობა გავაგრძელო.
მარიამი: მეც უფრო დავრწმუნდი, რომ ამ მიმართულებით მინდა სწავლის გაგრძელება...
ალექსანდრე: მე არქიტექტურა-ინჟინერიაზე ვაპირებდი სწავლას და აზრი არ შემიცვლია. იქ კიდევ უფრო მეტად მივხვდი ამას, რომ სწორი არჩევანი მაქვს გაკეთებული.
გიორგი: ემოციებით ავსებულები ჩამოვედით და გაჩერებას არ ვაპირებთ. როგორც კი რაიმე იდეა დაგვებადება, მაშინვე განვახორციელებთ იმაზე მეტი შემართებით, ვიდრე აქამდე, რადგანაც შრომა ერთხელ უკვე დაგვიფასდა.
NASA-ში ყოფნის შემდეგ, მაქსიმალურად მივხვდი, რომ სამომავლო ცხოვრება STEM მიმართულებებს (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) უნდა მივუძღვნა.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ამ წარმატებაში მხარში გვედგა და ყველა ორგანიზატორს, ვინც მოგვცა შანსი, ასეთი საინტერესო და შემეცნებით ტურში მიგვეღო მონაწილეობა. მათ შორის, ანა ბერძენაძეს, ის ჩვენი თანმხლები იყო ათასწლეულის გამოწვევის გუნდიდან. ასევე მადლობა ჩვენს მენტორს - დავით სონღულაშვილს და სკოლის დირექტორს რუსუდან ბოლქვაძეს.
ქართველი მოსწავლეები NASA-ში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის დახმარებით მოხვდნენ, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.