ავტორი:

ერეკლე ბადურაშვილის ფილმის გადაღება დასრულდა - "ნინის ვუთხარი, მამაშენი აქ არის და ყველაფერს უყურებს-მეთქი..."

ერეკლე ბადურაშვილის ფილმის გადაღება დასრულდა - "ნინის ვუთხარი, მამაშენი აქ არის და ყველაფერს უყურებს-მეთქი..."

რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ფილმის "ხიდი" დასრულება "ქართულმა ფილმმა" თავის თავზე აიღო. რეჟისორი სურათს თურქ კოლეგებთან ერთად იღებდა. ფილმში მთავრ როლს ნინი ბადურაშვილი ასრულებს... პროექტს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელიც მანამდე "ხიდის" პროდიუსერი გახლდათ. გასულ კვირას ტელეკომპანია "იმედის" ეზოსა და პავილიონში დასკვნითი სცენების გადარღება დასრულდა. ამ დეტალებზე "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ხათუნა ხუნდაძე გვესაუბრება.

- "ქართული ფილმი" ყოველთვის ასრულებს დანაპირებს. ვალში ვიყავით ერეკლეს წინაშე, მისი ფილმი უნდა დაგვემთავრებინა და გასული კვირის ბოლოს, საღამოს ბოლოჯერ ჩავრთეთ კამერა ერეკლეს ფილმისთვის. "იმედის" ეზოსა და პავილიონში მოხდა ამ კადრების გადაღება. ყველანი კმაყოფილები ვართ და ჩემი აზრით, ფილმი ღირსეულად მივიყვანეთ ბოლოში. "ხიდი" გიორგი თავართქილაძემ დაასრულა, რომელიც წარმატებული ახალგაზრდა რეჟისორია (მისმა ნამუშევარმა წელს ბევრი პრიზი აიღო და გაგვახარა). გიორგისთვის დიდი გამოცდილებაა ამხელა პროექტზე მუშაობა, რაც არ არის ადვილი, თუმცა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო ეს. ძალიან კარგი და ცნობილი მსახიობი იყო თურქეთიდან ჩამოსული...

- გადაღებული მასალა როდის დამონტაჟდება?

- როგორც ადრე გითხარით, ერეკლეს თავისი ნამუშევარი დამონტაჟებული ჰქონდა, ახლა ამ გადაღებულის მონტაჟი უნდა მოხდეს. საბოლოოდ კი 2 სხვადასხვა მონტაჟი იქნება - ერეკლეს მიერ გაკეთებული და გიორგის გადაღებულის. ახლა სრული კონცენტრაცია გვმართებს, რომ მის სტილში გავაგრძელოთ. მასალა, რაც ვნახეთ, მშენიერია. მონტაჟს აგვისტოს შუა რიცხვებიდან შევუდგებით. ძალიან გვინდა, ყველაფერი ერეკლეს დაბადების დღეს, 17 დეკემბრისთვის მოვასწროთ. ალბათ თურქეთი კვლავაც შემოგვეხიდება (ხმასა და პროდაქშენში), ანუ ჩვენი მონტაჟის შემდეგ, ფერის კორექციისთვის, ხმისთვის და თარგმანისთვის იქ გაიგზავნება, რაც დროს მოითხოვს. შევეცდებით, მოვასწროთ.

- ცნობილია, რომ ფილმში მთავარ როლს ნინი ბადურაშვილი თამაშობს. მამამისმა ის შეარჩია ამ როლზე. ამ ბოლო გადაღებებში ნინი მონაწილეობდა?

- ფილმი ლამაზ, სასიყვარულო ამბავს მოგვითხრობს, დაფუძნებულია ნახევრად ნამდვილ ამბებზე. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ლამაზი კადრებია, საინტერესოა. ნინიმ მშვენიერი სახე შექმნა. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ის პროფესიით მსახიობია, რადგანაც ყველა როგორც მომღერალს, ისე იცნობს. მიმაჩნია, რომ ეს როლი მისი პირველი სერიოზული კინონამუშევარია. რა გადაღებასაც დავესწარი და ვნახე, უდაოდ ღირსეულად ითამაშა და მიხარია ეს ამბავი. ის ქართველი შეყვარებულია თურქი ბიჭის, რომელმაც თურქეთში გაიცნო და რომელიც საქართველოში ჩამოდის. ბიჭი ნახევრად ქართველია.

გადაღება გასულ კვირას მთელი დღე და ღამე მიმდინარეობა. თურქული მხარე ამ საქმეში ძალიან ღირსეულად გამოგვყვა, ყველაფერი გაითვალისწინეს. რაც მთავარია, ისინი "იმედის" ტელევიზიის ასეთმა დამოკიდებულებამ გააოცა. გაუკვირდათ, რომ ტელკომპანიამ ასე და ამდენ ხანს დაუთმო მისი სივრცე. ამიტომ, "იმედის" ტელევიზიას მადლობა ამისთვის. ეს ყველაფერი კი ერეკლეს მიუძღვნეს.

- რეჟისორის გარდაცვალება ცხადია, ყველაზე მძიმე მისი დედისთვის, ქალბატონი ლალი ბადურაშვილისთვის იყო... რამდენად არის ის ამ პროცესებში ჩართული?

- კი, რა თქმა უნდა. რამდენიმე გადაღებაზე იყო კიდეც მოსული, გახარებული და კმაყოფილი იყო, რომ ერეკლეს დაწყებული საქმე ბოლოში მივიყვანეთ. ერთ-ერთი გადაღება წყნეთში გვქონდა. მე არ ვიყავი იქ და "სკაიპით" შემეხმიანნენ, მაჩვენებდნენ გადასაღებ მოედანს. ლალი გახარებული მეუბნებოდა - შეხედე, რა კარგად არის ყველაფერი მოწყობილიო. რაღაცებს განიცდიდა კიდეც, - ხომ არ გაფუჭდება რამე, ხომ არაფერს დავაკლებთო? ყველას აქვს ეს განცდა ამ სიტუაციაში, მაგრამ არაფერი დაგვიკლია. ეს განცდა ბუნებრივიც არის, ყველას ექნებოდა... დარწმუნებული ვარ, ისიც ეგონა, რომ ერეკლეც იქ იყო და თავის შვილს უყურებდა... ნინისაც ვუთხარი, ერეკლე მართლაც აქ არის, დაფრინავს და ამ ყველაფერს უყურებს. ეს ხომ შენც იცი და მეც-მეთქი. ცრემლი მოერია...

ფაქტობრივად, ეს ყველაფერი ვალით გავაკეთეთ და რა დასამალია, თანხები ყველამ დავდეთ იმისთვის, რომ ეს ფილმი დაგვესრულებინა, რადგანაც მოგეხსენებათ, კინო ფულის გარეშე ვერ გადაიღებ.

ჯერ ერთი, ფილმს 2 წელია, ელია ფარსადანიშვილი ამონტაჟებს, ერეკლეს გვერდით ეჯდა და ისევე გააგრძელებს ამ საქმეს აბსოლუტურად ჰონორარის გარეშე, მაგრამ ეს არის ფილმი, რომელიც კომერციულადაც ძალიან საინტერესო იქნება, ბევრი რამ არის მასში სანახავი.

გპირდებით, ერეკლეს ხელწერა ბოლომდე შენარჩუნებული იქნება. მადლობას ვუხდი მთელ შემოქმედებით ჯგუფს - იდეალურად იმსახურა ყველამ და რაც მთავარია, გიორგი თავართქილაძემ, რომელიც ასევე ამ სამუშაოში კატეგორიულად არ იღებს ჰონორარს, იმავეს ვიტყვი ოპერატორზე, ასისტენტზე, ყველაზე... მოკლედ, ძირითად სამუშაოს მოვრჩით და სხვა ეტაპზე გადავედით.

"მოვტრიალდი და პარტერში არც ერთი ადამიანი არ იჯდა... სამთავრობო დელეგაცია გაქრა" - ბესო ზანგური იხსენებს, როგორ შეუვარდნენ სახლში იარაღის მუქარით, პრეზიდენტის როლის გამო

რომელი ცნობილი ბიზნესმენის სარძლოა ნინი ქარსელაძე - მომღერლის შეყვარებულის ოჯახი ქონების წართმევაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდა

ნინი ქარსელაძე ქართველ მილიონერზეა შეყვარებული - ვინ არის მომღერლის რჩეული (ფოტოები)