პირად ცხოვრებას ცნობილი ადამიანების ნაწილი ხშირად საიდუმლოდ ინახავს, ზოგს არ უყვარს პირადზე საუბარი, ზოგი კი ცდილობს მისი მეორე ნახევრის ვინაობა საგულდაგულოდ შეინახოს, თუმცა ამით უფრო მეტ ინტერესს აჩენს მის მიმართ და, შესაბამისად, დაფარული არაფერი რჩება.
AMBEBI.GE იმ ცნობილი ქართველების მეორე ნახევრებით დაინტერესდა, რომლებსაც დაოჯახებულნი არიან, თუმცა მეორე ნახევრებს არასდროს აჩენენ.
მაკა კვიციანი
დიზაინერი მაკა კვიციანი "მასტერ შეფში" გამოჩენის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მის მიმართ ინტერესი მხოლოდ თბილისის გარკვეული წრის წარმომადგენლებს არ აქვთ, მაკა მთელმა საქართველომ გაიცნო. მაკა "ინსტაგრამზე" დიდი აქტიურობით გამოირჩევა.
ახალგაზრდა დიზაინერის ქმარი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია. 2000 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკის მიმართულებით. 1999-2001 წლებში მუშაობდა უოლ სტრიტზე, საკონსულტაციო კომპანია Basic International Development Corporation-ში პროექტის კოორდინატორად. 2002 წელს დაამთავრა Cass Business School London (City University)-ს მაგისტრატურა, კორპორატიულ ფინანსებსა და რისკის მენეჯმენტში. 2002-2003 წლებში მუშაობდა საკრედიტო კვლევის ჯგუფში Elgin Capital-ში. 2003-2008 წლებში მოღვაწეობდა BM Capital-ში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 2009 წლიდან შოთა ბერეკაშვილი BK Capital-ის პრეზიდენტია, 2017 წლიდან კი ასევე "m² უძრავი ქონების" მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.
დალი ჩიტალაძე
დალი ჩიტალაძე ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალის სტატუსით სარგებლობს თბილისში. დამთავრებული აქვს კონსერვატორია, წლების წინ, დალი ჩიტალაძე საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა და მისი მთავარი პროფესია მოდა გახდა.
დალი გლამურული ღონისძიებების ხშირი სტუმარია, გულახდილი რესპოდენტიც გახლავთ, თუმცა საკუთარ მეუღლეზე საუბარს საჯაროდ ერიდება. მისი ქმარი ბიზნესმენი როზმან რუსიაა, რომელსაც საკუთარი ღვინის ქარხანა ჰქონდა, თუმცა წლების წინ ფინანსური პრობლემები შეექმნა და მისი დახურვა მოუხდა.
ანა კოშაძე
ახალგაზრდა მოდელი ანა კოშაძე ბავშვობიდან პოპულარულია, მან საზოგადოების ყურადღება პოდიუმზე გამოჩენისთანავე მიიპყრო. ანას უამრავი ბიჭი ეტრფოდა, თუმცა მისი ცხოვრება, პატარა ასაკში ბიზნესმენ ტოტო კვარაცხელიას დაუკავშირა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.
გიორგი ბოჭორიშვილი
გიორგი ბოჭორიშვილი ბოლო დროის ყველაზე პოპულარული მსახიობია, მის მიერ შესრულებულმა როლმა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ბოჭორიშვილის პოპულარობა ერთი-ორად გაზარდა. გიორგი წარსულში მსახიობ ეკა დემეტრაძეზე იყო დაქორწინებული, თუმცა მათი ოჯახი დაინგრა.
გიორგიმ და თაკო ვალიშვილმა ორი წლის წინ იქორწინეს. მათ ერთი შვილი ჰყავთ. თაკო პროფესიით არქიტექტორია, ის ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში 25%-იან წილს ფლობს. სკანდალში ის პირველად მაშინ გაეხვა, როცა სოცქსელებში მისი და ირაკლი ალასანიას ვიდეორგოლი გამოჩნდა. წყვილი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირეს. ისინი ფეშენებელური სასტუმროს ადმინისტრატორთან ბედნიერი სახეებით დგანან და ნომერს იღებენ. როგორც იმ დროს პრესაში წერდნენ, თავდაცვის მინისტრმა მაშინ საყვარელ ქალს ბრიუსელიდან ჩააკითხა.
ლევან კობიაშვილი
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ყვითელ პრესასთან არც მაშინ თანამშრომლობდა, სანამ დეპუტატი გახდებოდა და მითუმეტეს, ახლა, როცა მმართველი გუნდის ერთ-ერთი სახეა. ლევან კობიაშვილის მეუღლე თამარ წულეისკირია. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ნატალია ქუთათელაძე
ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებს. ის ორი წლის წინ არჩილ ჯაფარიძეზე გათხოვდა. წყვილი ახლა გერმანიაში ცხოვრობს და საქართველოში ხშირად ჩამოდის.
"როგორც კარიერაში, ისე პირადშიც, ძალიან გამიმართლა. ძალიან ბედნიერი ვარ. ქმარი ყველაფერში ხელს მიწყობს და ცდილობს, სტიმული უფრო მომიმატოს, რომ მეტი ვიშრომო და მიზნის მისაღწევად ვიყო ორიენტირებული.
მაქსიმალურად ცდილობს მხარდაჭერას როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ის მთავარი მასტიმულირებელი ძალაა. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ბევრს ვსწავლობ. მიმაჩნია, რომ დიდი შრომა და გაძლება მჭირდება. ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და ფაქტობრივად, ჩემი ქმარი სულ გზაშია", - ამბობს ნატალია ერთ-ერთ ინტერვიუში.