წინასწარი ინფორმაციით, თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის გუნერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, სამაშველო ღონისძიებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„სანამ მაშველები ოფიციალურად არ დაადასტურებენ, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ამოყვანის სამუშაოები თუშეთში რამდენიმე საათია მიმდინარეობს. დაშავებულებს ვერტმფრენით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 400 მეტრის სიმაღლიდან "კამაზი" გადავარდა, თუმცა ამჟამად არსებული ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გადავარდა ხევში. მგზავრების რაოდენობა სავარაუდოდ 12 ადამიანია, რომელთაგანაც 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენი კი ხევში გადაიჩეხა.
მგზავრები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.
შსს-ს ინფორმაცით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.
„ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა. შემთხვევას შედეგად არიან დაშავებულები“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.