ავტორი:

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი დააკავეს

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 2 პირი დააკავა, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილი მორის მაჩალიკაშვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედებათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობას იღებდნენ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ, დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. ხოლო, 1976 წელს დაბადებული გ.ქ., სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია ჯამში 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

მორის მაჩალიკაშვილის დაკავების ფაქტს მალხაზ მაჩალიკაშვილი "ფეისბუქზე" გამოეხმაურა:

"ამ წუთას შემატყობინეს ჩემი ალალი ძმისშვილი რომელიც მყავს ჩემი უდანაშაულოდ მძინარე საწოლში მოკლული თემირლანის ადგილას ამ ბოროტი სისტემის მიერ იქნა დაკავებული ედავებიან 225 მეორე ნაწილს ძალიან ცუდად იქცევით დღევანდელი ნაძირალა სისტემა" - წერს მაჩალიკაშვილი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს