ავტორი:

"დააკავეს ზოოპარკის წყალდიდობის გმირი!" - 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულებს შორისაა ზოოლოგი, რომელმაც "ბეგი" დააძინა

"დააკავეს ზოოპარკის წყალდიდობის გმირი!" - 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულებს შორისაა ზოოლოგი, რომელმაც "ბეგი" დააძინა

20-21 ივნისის აქციის საქმეზე სამართალდამცველებმა გუშინ კიდევ 4 პირი დააკავეს. მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ზოოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის "ნაკრესის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბეჟან ლორთქიფანიძე.

ლორთქიფანიძე ზოოლოგია. მან 1999 წელს დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი და სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესში“ დაიწყო მუშაობა. ზოგადად, კონსერვაციული კვლევითი საქმიანობის გარდა, მისი სამეცნიერო და საველე სამუშაო მსხვილი ძუძუმწოვრების პოპულაციების კვლევა-მონიტორინგს ეხება.

დაკავებული თანამშრომლის შესახებ "ნაკრესმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია წყვეტს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას:

"დღეს დააკავეს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის - „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი ბეჟან ლორთქიფანიძე, 20 ივნისის ღამეს, ე.წ. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით.

რა უნდა ქნას კონკრეტული პროფილის სრულიად აპოლიტიკურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, როცა მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს - ველური ცხოველების კვლევისა და დაცვის საქმეში არა ერთი ინოვაციის საქართველოში შემომტანს და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სპეციალისტს, საუკეთესო მეგობარს, ორი შვილის მამას, ცხოვრებაში ახლოსაც რომ არ გაუვლია არანაირ კრიმინალთან და აქამდე და შემდგომაც ერთადერთ დანაშაულს რომელსაც ჩაიდენს იქნება ის, რომ ვერ აიტანა სულში ჩაფურთხება და გააპროტესტა პატრიოტული ღირსების ფეხქვეშ გათელვა - ციხეში უკრავენ თავს?!

შეუძლებელია ბეჟანი ციხეში იყოს და "ნაკრესმა" ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი ენერგია და ძალისხმევა მის გასათავისუფლებლად მივმართოთ. იმედია, ჩვენი პარტნიორები და დონორები გაგებით მოეკიდებიან ჩვენს მიერ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში გარკვეულ შეფერხებას.

მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, ვისთანაც ნაკრესი თანამშრომლობს, მათ შორის სამთავრობო უწყებებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ერთეულებს, კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს, დაგვეხმარონ ბეჟანის გათავისუფლებაში.

ასევე მივმართავთ პარლამენტარებს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის წევრებს, მხარი დაგვიჭირონ ამ საქმეში და თავმდებად დაუდგნენ ბეჟანს - იქნებ რომელიმემ მაინც გადაწყვიტოს, რომ არც მათ უნდათ ისეთი საქართველო, რომელშიც ბეჟან ლორთქიფანიძე ციხეში იჯდება?" - ვკითხულობთ "ნაკრესის" განცხადებაში.

ბეჟან ლორთქიფანიძის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც და წერენ, რომ ის ერთ-ერთია, რომელმაც 13 ივნისის მოვლენების დროს წყალდიდობაში მოყოლილი ცხოველების, მათ შორის ბეჰემოტი ბეგის გადარჩენის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოზე, რომელიც National Geographic-ს ეკუთვნის, ჩანს ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც ბეგის მოსადუნებელ კაფსულს ესვრის.

"აბა, ახლა ამათ რა უნდა უთხრა?! გინების მეტი არაფერი ეკუთვნით! ბეჟან ლორთქიფანიძეს რომ დაიჭერ - ბუნების ერთ-ერთ საუკეთესო მკვლევარს საქართველოში, დახვეწილ პიროვნებას, ამ საამაყო ქართველ კაცს! ძალიან ცუდი სუნი სდის ამ დაკავებებს - ძალიან ცუდი!" - წერს ნუგზარ ზაზანაშვილი.

"აბსოლუტური შოკი მაქვს! ამ წუთას ჩემი უახლოესი ძმაკაცი ბეჟან ლორთქიფანიძე დააკავეს 20 ივნისის მიტინგზე ყოფნის გამო! ზოოპარკის წყალდიდობის გმირზეა ლაპარაკი! ბეჰემოთი ვინც დააძინა და გადაარჩინა!!!" - წერს ბიოლოგი და ჟურნალ National Geographic საქართველოს მთავარი რედაქტორი ლევან ბუთხუზი.

რაც შეეხება შსს-ს განცხადებას ბეჟან ლორთქიფანიძის დაკავებასთან დაკავშირებით, უწყებამ გაავრცელა კადრები, სადაც ლორთქიფანიძის ქმედებებია ასახული 20 ივნისის აქციის დაშლის დროს.

შსს-ს ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებული ბეჟან ლორთქიფანიძე "გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას".

თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"

სპეცოპერაცია დიღმის მასივში - არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ