დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოს მიმართავს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ცნობილია, ვანო ზადიაშვილს ეთიკის საბჭოს წინაშე განმარტებების გაკეთება მოუწევს როგორც დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ბესელია ე.წ.ვირთხას შეადარა, ასევე სხვა დროს საჯარო სივრცეში გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა, მისი ყოფილი თანაგუნდელი, დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ ინფორმაციის გამოტანაში დაადანაშაულა და მას ე.წ.ვირთხა უწოდა.
“ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია”, - აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
ეთიკის საბჭოს პირველი სხდომა, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დაწყების შემდგომ გაიმართება.