ავტორი:

85 წლის ომარ გამყრელიძეს ყანდაურაში მომხდარ მკვლელობას აღარ ედავებიან

85 წლის ომარ გამყრელიძეს ყანდაურაში მომხდარ მკვლელობას აღარ ედავებიან

ყანდაურაში ცოლის, შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობას აღარ ედავებიან.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძის ადვოკატმა, გილერი ენდელაძემ განუცხადა, ბრალის დაზუსტება მოხდა და ახლა უკვე ომარ გამყრელიძეს არა მკვლელობა, არამედ მკვლელობაში დახმარება ედება ბრალად.

„თითიდან გამოწოვილია, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ომარ გამყრელიძეს მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი და არც ახლა არსებობს რამე მტკიცებულება, რომ ის ვინმეს დაეხმარა. მკვლელი დაკავებული არ არის, არ არსებობს პირი, რომელიც ამბობს, რომ ომარ გამყრელიძე რამით, თუნდაც დაფარვით, ან რამით მკვლელს ეხმარებოდა. ეს მხოლოდ ვარაუდებია და ეფუძნება არა რეალურ ფაქტებს, მტკიცებულებებს, ჩვენებებს, არამედ გამოდის იქიდან, რომ ბრალდების მხარეს არ უნდა თავი შეირცხვინოს და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს და საზოგადოების წინაშე ტყუილად დაკავებული კაცი რომ არ ჰყავდეთ, ედავებიან დახმარებას და იარაღის შეძენა-შენახვას. არავინაა იმის მომსწრე, რომ ომარ გამყრელიძე იარაღს ინახავდა, ის იარაღიც იყო სახლში, რომელიც მის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს ეკუთვნოდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს