ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი წლებია თბილისიდან შავიზღვისპირეთში გადასახლდა და მას შემდეგ მთლიანად ჩამოცილდა იმ პროცესებს, რაც ქვეყანასა და ტელესივრცეში ხდება. დღეს, ურბანული გარემოდან შორს მყოფს, საკუთარი კატის - ვეფხოს და ძაღლის - ბზიკის დავისა და წვრთნის ამბები უფრო აინტერესებს, ვიდრე პოლიტიკური განცხადებები.
ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ კაპროვანში ბედნიერება დაიბრუნა და სხვებსაც მშვიდი და აპოლიტიკური ცხოვრებისკენ მოუწოდებს.
გთავაზობთ ამონარიდებს მამუკა ღლონტის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალმა "თბილისელები" ჩაწერა:
- წლებია თბილისიდან წახვედით და აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორდით. რა აღმოაჩინეთ კაპროვანში ისეთი, რამაც საბოლოოდ დაგავიწყათ ურბანული გარემო და მაშინაც კი, როცა მძიმე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციაა, სოციალურ ქსელში თქვენი კატისა და ძაღლის მოთვინიერების ამბებს გვიყვებით...
- ეს ჩვენი დამახასიათებელი ნიშანია. საქართველო დედამიწის ჭიპი გვგონია და ვფიქრობთ, დაინგრა ქვეყანა. ხშირ შემთხვევაში ყველაფერი გაზვიადებულია, ამიტომაც მგონი სწორია, რომ ადამიანებმა მაინცდამაინც არ უნდა მოიკლან თავი პოლიტიკური ამბებით. პოლიტიკის გარეშეც მშვენივრად გრძელდება ცხოვრება.
ჩემი პოსტებით ვცდილობ, უამრავ ადამიანს, ვისაც დიდი ხანია კარგი არაფერი ესმის, ხალისიანი ამბებიც გავაგონო. მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა სხვებიც გავხადო ბედნიერი.
თბილისში ცხოვრება, ფაქტობრივად, საგიჟეთში ცხოვრება გახდა, იშვიათად ჩამოვდივარ - ორ თვეში ერთხელ.
...რაც კაპროვანში საცხოვრებლად გადმოვედი, დავიბრუნე დაკარგული ბედნიერება. აქ არ ვფიქრობ იმაზე, საიდან შემომიგდებს ბომბს მიშა სააკაშვილი ან საიდან შემომიტევს ბიძინა. აქ ვფიქრობ შვილებზე, შვილიშვილებზე... ქალიშვილი ზაფხულში სვანეთში გადასახლდა, მის მეუღლეს აქვს სახლი და "გესთ ჰაუსი" გააკეთეს. ბიჭი ჩვენთან არის, მესამე შვილი ჯერ პატარაა და სულ ჩვენთანაა. აქ ვზრუნავ ჩემს ძაღლებზე, კატებზე...
ვაქირავებთ კოტეჯებს - ჩემი და ჩემი ახლობლების რამდენიმე სახლს. ესაა ჩემი შემოსავლის წყარო, დღეს ჩემი ოჯახი, ამ შემოსავლებით არსებობს. არ არის საჭირო ბევრი ფული იმისთვის, რომ ბედნიერად იცხოვრო. აქ ჩემი ხელით გავაკეთე ეზო, ყველა ხე და ბუჩქი ჩემი დარგულია. ტურისტები ემოციებს ვერ მალავენ, უყვართ აქაურობა...
- "დიდ მეზობელს" ხშირად ნახულობთ? გაქვთ მასთან ურთიერთობა?
- უი, ჯვარი მეწეროს! ჩვენ არ ვართ მეზობლები, ის შეკვეთილში ცხოვრობს, მე - კაპროვანში. ბიძინა "ვერტალიოტით" დაფრინავს, ჩემი სახლის თავზე გადაიფრენს ხოლმე. იცის რომ ჩემი სახლის თავზე დაფრინავს. ჩვენ ხშირი ურთიერთობაც გვქონდა, ის არ არის ჩემთან ნამყოფი, მაგრამ მე ვყოფილვარ მასთან. ეს ის დრო იყო, როცა მე აქეთ გადმოვედი, ის კი პოლიტიკაში წავიდა.