ავტორი:

„საბკულტურა“ - კითხვის ახალი გამოცდილება

„საბკულტურა“ - კითხვის ახალი გამოცდილება

17 ივლისს „საბას“ ახალი ინიციატივის, პროექტ „საბკულტურის“ პრეზენტაცია გაიმართა. „საბკულტურა“ ეს არის წიგნის მოყვარულთა და მკითხველთა ახალი მოძრაობა, რომლებსაც სჯერათ, რომ კითხვა ცვლის ფიქრებს, ფიქრები - ქმედებებს, ქმედებები კი გარემოს.

„საბკულტურას“ მიზანი ლიტერატურის თანამედროვე თაობების ყოველდღიურობაში იმ ფორმით შეტანაა, რომელიც ამჟამად აქტუალურია. ეს არის ტექნოლოგიები, რომელიც საუკეთესო კითხვის გამოცდილებას ემსახურება და კითხვას სასიამოვნოსა და ყოველდღიურ პროცესად აქცევს.

“საბას“ აპლიკაციის განახლებაზე სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა. აპლიკაციაში გათვალისწინებულია ყველა ტექნიკური დეტალი: სინათლის კონფიგურაცია კითხვისას თვალებს დაიცავს, რომ მალე არ დაიღალოს, Reader-ს ჩანიშვნისა და ავტომობილში აუდიო წიგნის მოსმენის რეჟიმიც აქვს. პლატფორმის გამოწერის შემდეგ, მკითხველს თვიური გადასახადის გადახდა მოუწევს, რის შემდეგაც გარკვეული რაოდენობის წიგნის ჩამოტვირთვა შეეძლება. მათი წაკითხვის შემდეგ კი, შესაძლებელია წაშლა და ახალი წიგნების დამატება.

„აპლიკაციაში შევეცადეთ შეგვექმნა სწავლისა და კითხვის ყველაზე კარგი შთაბეჭდილება. პლატფორმაზე წარმოდგენილია 6 000-ზე მეტი წიგნი, როგორც ხმოვან, ასევე ციფრულ ფორმატში. აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ყველა წიგნზე ჰქონდეს წვდომა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ შევცვალეთ ხელმისაწვდომობის საკითხი, - პლატფორმის თითოეული წიგნი ეკონომიკურად მეტად ხელმისაწვდომი იქნება და დაახლოებით 1 ჭიქა ყავის ფასად, 6 000 -ზე მეტი წიგნის წაკითხვა იქნება შესაძლებელი.“ - განმარტავს „ლივინგსტონის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახო ვახტანგიშვილი.

„საბას“ დამფუძნებელის, რატი ამაღლობელის თქმით, „საბკულტურა“ გულისხმობს თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც წიგნებზე და წიგნებიდან მიღებული ცოდნის გარშემო საუბარი და დისკუსია მარტივი იქნება, როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სივრცეში.

„"საბკულტურა“ პირველყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ახალგაზრდა მკითხველისთვის, ტექნოლოგიებთან ახლოს მყოფი ადამიანებისთვის. ის არის ძალიან გახსნილი, როგორც ტექნოლოგიურად, ისე კონცეპტუალურად. თუ აქამდე ადამიანი, თითო წიგნს ყიდულობდა, ახალი აპლიკაციის მეშვეობით, მათ შეუძლიათ წაიკითხონ მთლიანად „საბას“ ბიბლიოთეკა. ეს სიახლე ქართველ მკითხველს ჰპირდება, ძალიან საინტერესოდ გაატარონ დრო და მნიშვნელოვნად ჩაერთონ ლიტერატურულს სფეროში. „საბკულტურის“ მკითხველი არ იქნება მხოლოდ პასიური მკითხველი, ისინი ლიტერატურული პროცესების შემოქმედი გახდებიან.“ - აღნიშნავს რატი ამაღლობელი.

ლიტერატურული პლატფორმის პრეზენტაცია ლევან ბერძენიშვილის ლექციით დასრულდა. ბატონი ლევანი კიდევ ერთხელ ესაუბრა აუდიტორიას ლიტერატურის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ დიდი ხანია ელექტრონული ბიბლიოთეკის - „საბას“ მომხმარებლები ვართ და ახალი არ არის ლიტერატურის ამ ფორმით კითხვა, თუმცა „საბკულტურა“ ძალიან მაღალი ხელოვნებით გაკეთებული აპლიკაციაა. ის არის, კულტურისა და საბას გადაკვეთა. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რაც საქართველოში ხორციელდება. ეს არის დიდი წვლილი ქართულ წიგნიერებაში, რომელიც თიბისი ბანკმა გაიღო და ვფიქრობ, მაგალითი უნდა იყოს სხვა ბიზნესმენებისათვისაც.

ახალგაზრდობაში ზაფხულობით, როდესაც სახლში, ბათუმში ვბრუნდებოდი, ერთი ჩემოდანი მხოლოდ წიგნებისთვის მჭირდებოდა, ახლა ამდენი წიგნის წასაკითხად, მხოლოდ ერთი გაჯეტია საჭირო. ახალგაზრდებს უნდა უყვარდეთ კითხვა, ეს პლატფორმა კი, მათ სწორედ კითხვის სიყვარულში დაეხმარება.“ - გვიხსნის ლევან ბერძენიშვილი.

ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემია საქართველოში, ელექტრონული წიგნების წამყვანი ინოვაციური ვებპლატფორმა და სოციალურ-ლიტერატურული პროექტები - ასეთია „საბას“ ძირითადი მიმართულებები. „საბა“ თიბისის ხელშეწყობით დაარსდა 17 წლის წინ და მისი მიზანი ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა იყო. 2012 წლიდან ლიტერატურულ პრემია „საბას“ ელექტრონული წიგნების პლატფორმა დაემატა, რომელსაც დღეს 190 000 -ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო მის კატალოგში 6 000 -მდე ელექტრონული წიგნია.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი