21 წლის მირიანმა მარიამთან ერთად, „სამზარეულოს ომები“ დატოვა, კონკურსს გამოეთიშა, თუმცა უკმაყოფილო არ არის. „ეს პროექტი ჩვენთვის ახალი გამოწვევა იყო. თან, სამზარეულო ორივეს გვიყვარს და გვინდოდა, თავი გამოგვეცადა, რამდენად შევძლებდით სირთულეების დაძლევას და ვივარგებდით სამზარეულოში. პირველ ტურში რაც მოხდა, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჟიური გავაკვირვეთ და შემდეგ ტურში გადავედით“, - გვეუბნება მირიან სულაკაური, თბილისელი ექსტრიმისა და როკის მოყვარული ბიჭი, რომლისთვისაც სამზარეულოში ფუსფუსიც დიდი სიამოვნებაა.
„დამიჯერეთ, სამზარეულოშიც შეიძლება ბრძოლა ექსტრემალურად და ამ კუთხით ახალი და საინტერესო გამოცდილების მიღება. ექსტრიმიდან და ადრენალინიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს სხვა ემოციები ახლავს. როცა საჭმელს აკეთებ და როცა შენს მომზადებულს სხვა სინჯავს, ამით ბედნიერი ხარ და ეს გამორჩეული გრძნობაა... ჟიურიზე მკითხეთ და გუგული ავსაჯანიშვილს, როგორც კონდიტერს გამოვყოფ, რადგანაც მეც მასავით მიყვარს საკონდიტრო ნაწარმზე მუშაობა“, - აღნიშნავს მირიანი.
- წინა თაობაში ეს საქმე არ იყო წახალისებული და მოწონებული ისე, როგორც დღეს. როგორ გგონია, რამ გამოიწვია მზარეულობის მიმართ ბოლო დროს დიდი ინტერესი?
- ადრე პოპულარული არ იყო იმიტომ, რომ როგორც ჩვეულებრივ სამუშაოს, ისე უყურებდნენ, დღეს ახალი თაობა უფრო კრეატიულად მიუდგა და ეს განხრა მაგრად აინტერესებთ. ამასთან, ჩვენთან ერთ-ერთ ცნობილ პროფესიადაც ჩამოყალიბდა, რომელიც შეგიძლია აირჩიო, გაყვე და ამ საქმეში იყო პროფესიონალი. ამასთან, ეს ყველაფერი ჩემთვის გარდა საყვარელი საქმისა, შემოქმედებაცაა.
- შემოქმედება ახსენე და თქვენს შემოქმედ ოჯახს მინდა შევეხო. სულაკაურები ხომ ყველანი შემოქმედები და მხატვრები არიან. რა მოგცა ამ ოჯახში დაბადებამ?
- მამა და ბიძა - ზურა და ზალიკო სულაკაურები მხატვრები არიან. მთელი ჩვენი ოჯახი და საგვარეულო ხატავს და ყველა ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს. მეც ვფიქრობდი, ხელოვნებას გავყოლოდი, მაგრამ საბოლოოდ სამზარეულომ გამიტაცა. მხატვრობა არა, მაგრამ მზარეულობა მივითვისე, ისე, არქიტექტორობაზე კი ვფიქრობდი, რადგანაც თვითონაც ვხატავ... ახლა „არქიტექტურა“ თეფშზეც შემიძლია შევქმნა.
მაგალითად, ბიძაჩემი ზალიკო, რომლესაც ხასიათებით ვგავარ, სერიოზული გურმანია, მასთან რომ მივდივარ და ჩემს მომზადებულ კერძებს ვაგემოვნებინებ, გიჟდება, დნება... როგორც ბევრს, მწვადი განსაკუთრებულად უყვარს, ვეუბნები, რომ მხოლოდ მწავდი არ არის, სხვა საჭმელიც არსებობს-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც მწვადზე ვჩერდებით...
- მარიამ ეფრემნიძე - შენი მეწყვილე სად და როგორ გაიცანი? გვესაუბრე მასზე.
- რამდენიმე წლის წინ ახალი ნაყიდი მქონდა მოპედი, ტარებას ვსწავლობდი და შუაღამისას, ვაგზლის ტერიტორიაზე მოვსრიალი - ავარია მომივიდა. მარიამი შემთხვევით იქვე აღმოჩნდა, გადარეკა-გადმორეკა, სასწრაფოს შეატყობინა. ქუჩაში დარეტიანებული ვეგდე, ვრაფერს ვხედავდი. მოკლედ, სასწრაფოთი საავადმყოფოში გამიშვა - პირველადი დახმარება აღმომიჩინა, თუმცა სასწრაფოს არ გამოყოლია. რომ დამეხმარა ადამიანი, ეს მახსოვდა, მაგრამ მისი სახე ბუნდოვნად მახსოვდა... ცოტა ხნის მერე წიგნის ფესტივალზე შემხვდა, თვითონ მიცნო და გამომელაპარაკა. აღმოჩნდა, რომ ბევრი საერთო გვქონია... სამზარეულოთი ისიც გატაცებული ყოფილა. ასე რომ, „ჩავბრატდით“. იმის შემდეგ ხან ერთად ვაკეთებდით საჭმელს, ხან დავდიოდით სხვადასხვა ფესტივალზე, ბარებში, კაფეებში...
ამ პროექტში კი ორივემ სტრესულ გარემოში მუშაობა ვისწავლეთ, ასევე განსაზღვრულ დროში კერძის მომზადება, რაც ცოტა დამთრგუნველია, ყურადღება გეფანტება. არადა, კონცენტრირებული უნდა იყო იმაზე, რას აკეთებ. ამ ყველაფრის გამოცდა არ იყო ცუდი, რადგანაც სამზარეულოში მზარეულობისთვის სიტუაცია სულ სტრესულია. მიუხედავად ყველაფრისა, არ ვნანობთ, რომ პროექტში მოვედით.