დიღმის-ტყე პარკთან დაკავშირებული დავა კიდევ ერთხელ გააქტიურდა. უკვე მრავალი წელია თბილისელებს დროგამოშვებით უწევთ საპროტესტო აქციების გამართვა ამ ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად დარჩენის მოთხოვნით.
ამჯერად, უკმაყოფილების ტალღა თბილისის მერიის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, დიღმის ტყე-პარკში 13 000 კვ/მ ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გაიცა კომპანია „ანაგზე“.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ახალი შენობა, რომელიც საავტომობილო ცენტრ „კიას“ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, ტყე-პარკს რესტორნად და სავაჭრო ცენტრად გადააქცევს. მათი თქმით, პროექტის მიხედვით, საფრთხე შეექმნება სახალხო სივრცესა და არსებულ ეკოსისტემას.
მერიაში კი მიიჩნევენ, რომ „ანაგის“ მიერ შემოთავაზებული წინადადება საუკეთესო ალტერნატივაა, რადგან „კიას“ შენობა, სრულიად შეუსაბამო იყო საპარკო ინფრასტრუქტურისთვის. დიღმის ტყე-პარკში კი დაგეგმილია კომპლექსის - „ორანჟერეას“ მშენებლობა, რომელიც საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი იქნება.
მერიაში ირწმუნებიან, რომ შენობა ორგანულად ჩაეწერება დიღმის ტყე-პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციასა და საზოგადოებრივ-საპარკე ინფრასტრუქტურაში. პროექტის გამო კი არ მოიჭრება არცერთი ხე და განზრახულია 150-მდე ახალი, მათ შორის ეგზოტიკური მცენარეების დარგვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ“ მერიის გადაწყვეტილება მშენებლობაზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის იურისტი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მერიამ ამ გადაწყვეტილებით კანონი დაარღვია.
"ორანჟერეასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა არის შეუსაბამო კანონთან, რადგან ამ ტერიტორიას ადევს სპეციალური გამწვანების ზონის სტატუსი. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 31 მარტის 41 დადგენილებით, ეს ზონა არის სპეციალური გამწვანების ზონა, რაც კრძალავს იქ ყოველგვარ მშენებლობას. ეს დადგენილება ძალაშია დღესაც და ის არავის შეუცვლია.
ამას ადასტურებს ის, რომ მერიამ არაერთხელ თქვა უარი ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებაზე. ამ კონკრეტულ კომპანიას - „ანაგს“ კი მისცა ნებართვა. ეს არის რაღაც ელიტარული კომპანია, რომელიც, როგორც ჩანს, დიდი სიმპათიებით სარგებლობს მერიაში და მასზე დაუშვეს გამონაკლისი. ახლანდელი „კიას“ შენობა არის უბრალოდ რკინა-ბეტონის კონსტრუქცია. იმის მოხსნა და აღება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ხოლო რისი მშენებლობაც არის დაგეგმილი, ის არის კაპიტალური, მიწისქვეშა შენობებით და ა.შ. შესაბამისად, შენობის ფართობი იზრდება დაახლოებით სამჯერ.
ეს საკმარისია იმის არგუმენტად, რომ ვერანაირად ვერ იქნება ეს შენობა უფრო უკეთესი, ვიდრე „კიას“ შენობა იყო. გამოსავალი იყო ის, რომ მერიას ეს შენობები უნდა გამოეცხადებინა შეუსაბამო შენობებად და იქ ახალი მშენებლობის ნებართვები არ უნდა გაცემულიყო. კანონმდებლობაში არის გაწერილი როგორ უნდა შეისწავლოს და გადაწყვიტოს შეუსაბამო შენობების პრობლემის საკითხი სახელმწიფომ და თუ ამას ვერ აკეთებენ, ახალ მშენებლობებს რატომ უმატებენ კიდევ?! ჩვენ შევიტანეთ სარჩელი სამსართლოში, როგორც მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, ისე ტერიტორიის სტატუსის შესახებ" - უხსნის AMBEBI.GE-ს "უსაფრთხო სივრცის“ წარმომადგენელი ნანა რამიშვილი.
"უსაფრთხო სივრცის" დამფუძნებელი ანა გაბრიაძე, რომელმაც დეტალურად შეისწავლა დაგეგმილი მშენებლობის პროექტი, ამბობს, რომ ერთსართულიანი შენობის ნაცვლად, ოთხსართულიანის აგებაა დაგეგმილი, რაც ამ ტერიტორიისთვის დამღუპველი იქნება:
"ფაქტობრივად, ეს იქნება რესტორანი. ამჟამინდელი შენობის ფართი არის 1800 კვ. მეტრი, "კია" ერთსართულიანია და კომპლექსი, რომლის აშენებაც იგეგმება, არის 4-სართულიანი, საერთო ფართი კი იქნება 6500 კვ.მეტრი.
პროექტის მიხედვით, სამზარეულო და სასაწყობე ბლოკი ერთად არის 600 კვ. მეტრი, იქნება აუზი და ბილიკები, სატრანსპორტო, საპარკინგე ადგილი არის გათვალისწინებული 90 ავტომანქანაზე, სატრანსპორტო დასკვნის მიხედვით შენობა გათვლილია 800 ადამიანზე, თუმცა წარდგენილი პროექტით და თანდართული დატვირთულობის ცხრილით 2070 კაცამდეა დატვირთულობა. ითვისებენ არა მხოლოდ იმ ნაკვეთს, რომელზეც არის „კიას“ შენობა, ასევე გვერდზე მდებარე ნაკვეთსაც, რომელიც ჰქონდათ შეძენილი და იქ ჯერჯერობით არაფერია გაშენებული.
ეს ტერიტორია "ანაგმა" 2006 წელს შეიძინა და კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობენ შუაგულ ტყეში, რომელიც 2014 წელსაა შეძენილი. თავიდან გვპირდებოდნენ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში შეეყვანათ ეს ტერიტორია, ბოლო პერიოდში კი შეიცვალა და გენგეგმაშიც შევიდა სხვანაირად. გზისპირა ზოლს, სადაც ბენზინგასამართი სადგურებია და „კიას“ შენობის ტერიტორიას, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში გაბრიაძემ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც მშენებლობის მოწინააღმდეგეები მიუთითებენ, საკანალიზაციო სისტემის არარსებობაა. როგორც ცნობილია, აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ავტოგასამართ სადგურებს და ასევე „კია მოტორსის“ შენობას არ აქვს საკანალიზაციო სისტემა. მედიაში არაერთხელ გავრცელდა კადრები თუ როგორ ჩაედინება ფეკალური მასები პირდაპირ დიღმის ტყეში.
"არცერთ შენობას არ აქვს საკანალიზაციო სისტემა. არც ამ დაგეგმილი მშენებლობის პროექტშია ეს საკითხი გათვალისწინებული. ისე გასცეს ნებართვა, რომ არავის უკითხავს, ექნება ამხელა შენობას კანალიზაცია თუ არა. GWP-ის წერილით როცა მიმართა ჩვენმა ორგანიზაციამ, გვიპასუხეს რომ აქ კანალიზაციის გამართვა არ ხერხდება. რას აპირებენ საინტერესოა“ - აცხადებს ანა გაბრიაძე.
კანალიზაციის სიტემის არარსებობის პრობლემაზე მიუთითებს არქიტექტორი მამუკა სალუქვაძეც, რომელიც ამჟამად მოქმედი თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორია.
"არცერთ შენობას იქ არ აქვს კანალიზაცია, არის უმძიმესი სიტუაცია. კანალიზაციის გარეშე არ შეიძლება არც ერთი ობიექტის მიღება-ჩაბარება. არ მგონია, რომ ასე არაფერი იყოს გათვალისწინებული და ისე ითანხმებდნენ პროექტს მერიაში. ძალიან ცუდია, თუ ასე ხდება" - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.
რაც შეეხება დაგემილ მშენებლობას, მისი შეფასებით, თუ ახალი შენობა უფრო შესაბამისი იქნება რეკრეაციული ფუნქციისთვის, ვიდრე არის „კია მოტორსის“ შენობა, ის ამას მიესალმება.
“ადამიანი, რომელიც მთელ დღეს ატარებს პარკში, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იკვებოს კიდეც, საპირფარეშოშიც შევიდეს და ა.შ. ავტოფარეხი არის სავსებით მიუღებელი, რაც იყო. მე არ ვეთანხმები აზრს, რომ დაიღუპა ტყე-პარკი, პირიქით გადარჩა! ვინც ჩახედავს გენერალურ გეგმას, ნახავს რა სტატუსი მიენიჭა ტყე-პარკის მთელ ტერიტორას. პარკში არსებული ნაკვეთები, რომლებიც გასხვისებული იყო სხვადასხვა დროს, ყველას მიენიჭა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ეს არის ყველაზე მკაცრი დაცვის სტატუსი.
ჩემი ინფორმაციით, მერიამ გამოისყიდა ბევრი მიწის ნაკვეთი მესაკუთრეებიდან, მიმდინარეობს გადაცვლის შესახებ მოლაპრაკებებიც. იმ ზოლის გარდა, რომელზეც ავტოგასამართი სადგურებია და ასევე „კიას“ ტერიტორიის გარდა, ყველას მიენიჭა ეს სტატუსი. ამათ კი მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი, რადგან იქ არის უკვე შენობები და ჰყავს კანონიერი კერძო მესაკუთრეები. მერიამ ასე გადაწყვიტა, ეს არის მერიის პრეროგატივა. ამ ობიექტის შესახებ ყველამ შეიძლება იდაოს, რამდენად სწორია იქ ამის აშენება. მე ამ იდეას მხარს დავუჭერდი. თუ „პროფილაქტიკა“ უნდა მოიშალოს, მაშინ გაკეთდეს ისეთი რამ, რაც დამსვენებლებისთვის და სარეკრეაციო ფუნქციისთვის შესაბამისი იქნება" - უთხრა AMBEBI.GE-ს სალუქვაძემ.
რამდენად არის კანონთან შესაბამისობაში მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვა და როგორ მოხდა, რომ 2019 წლის 15 მარტის დადგენილებით „საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის“ სტატუსი მიენიჭა ტერიტორიებს, რომლებსაც თბილისის საკრებულოს მოქმედი დადგენილებით "სპეციალური გამწვანების ზონის" სტატუსი უკვე ჰქონდა მინიჭებული? - AMBEBI.GE-მ ამ კითხვებით მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა.
უწყების ხელმძღვანელის, მამუკა ბოლოთაშვილის მტკიცებით, მერიას კანონი არ დაურღვევია, ვინაიდან საკრებულოს დადგენილება ამ ტერიტორიისთვის სპეციალური გამწვანების ზოლი მინიჭების შესახებ გაუქმებულია.
"ქალაქს აქვს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც საზღვრავს კონკრეტულ ფუნქციურ ზონებს. თავის დროზე, გასხვისდა ეს ნაკვეთები და ასევე დიღმის ტყის დააახლოებით ნახევარს 2009 წელს მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, მერიას მშენებლობის არცერთი ნებართვა არ გაუცია აქ.
დღევანდელი მდგომარეობით ამ ტერიტორიას არანაირი გამწვანების ზონის სტატუსი არ აქვს. ამას ადასტურებს გენერალური გეგმა, რომელშიც წერია, რომ ამ ტერიტორიას აქვს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი. კიდევ ერთი მტკიცებულება არის ამ მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთებთან დაკავშირებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომელშიც წერია, რომ ეს ზონა არის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა" - განაცხადა ბოლოთაშვილმა.
დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით მერიის არქირექტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მოცემულ სიტუაციაში „ანაგის“ მიერ შეთავაზებული პროექტი უფრო მისაღებია, ვიდრე ის რაც ტერიტორიაზე აქამდე იყო:
"გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტყე-პარკი. ეს ითვალისწინებს კერძო მესაკუთრეებისგან ნაკვეთების გამოსყიდვასაც, რასაც ჩვენ ვაკეთებთ აქტიურად. ტყე-პარკში არაცერთი შენობა არ აშენდება! „კიას“ შენობა, რომელიც არამხოლოდ შოურუმია მანქანების, ასევე არის ავტომობილების მომსახურების ცენტრიც, არ ჯდება ამ საპარკო ინფრასტრუქტურაში. კომპანიამ შემოგვთავაზა ამ შენობის ჩანაცვლება სხვა ფუნქციის, უფრო შესაბამისი შენობით და ბუნებრივია რომ გვირჩევნია იქ იდგეს ზონისთვის შესაფერისი შენობა, იქნება ეს საგამოფენო-საკონცერტო თუ სადღესასწაულო ცენტრი. ასე რომ, ჩვენ ერთი დიდი რესტორნის აშენების ნებართვა არ გაგვიცია" - აღნიშნა თემურ ბოლოთაშვილმა.
საკანალიზაციო სისტემის პრობლემასთან დაკავშირებით კი მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ასე გვიპასუხა:
"როდესაც გაიცემა ნებართვა, არავინ ამოწმებს იმას, ექნება თუ არა კანალიზაციის სისტემა. კანონი არ ითხოვს ამას. როდესაც შენობა კანალიზაციის ცენტრალურ სისტემაზე უნდა იყოს დაერთებული ან საკუთარი გამწმენდი ნაგებობა უნდა ჰქონდეს, ამას უკვე აკონტროლებს მერიის ზედამხედველობის სამსახური, როდესაც შენობა შედის ექსპლუატაციაში" - გვითხრა ბოლოთაშვილმა.
დიღმის მასივის მოსახლეობამ მშენებლობის წინააღმდეგ პეტიციისთვის ხელმოწერებიც შეაგროვა. პეტიციით მათ დიღმის ტყე-პარკის მთელი ტერიტორიისთვის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის აღდგენა, კომპანია "ანაგისთვის" მიცემული ნებართვის გაუქმება და მიწის ნაკვეთის დედაქალაქისთვის დაბრუნება მოითხოვეს.