ავტორი:

პროკურატურამ დააკავა შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც 20 ივნისის აქციის მონაწილეს დამიზნებით ესროლა

პროკურატურამ დააკავა შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც 20 ივნისის აქციის მონაწილეს დამიზნებით ესროლა

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოძიების შედეგებს ეტაპობრივად აცნობებს საზოგადოებას,” - აცხადებენ პროკურატურაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს