20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საქმეზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კახა ღავთაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებული აქციის დროს ცდილობდა პოლიციელები დაძაბულობას გაერიდებინა.
ღავთაძის ახლობლები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებიან, სადაც დაკავებულია გადმოყვანილი. როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, ღავთაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შემთხვევით მოხვდა.
„შემთხვევით მოხვდა მიტინგზე. ძმაკაცის ქორწილისთვის რაღაცები უნდა მოეგვარებინა და შემთხვევით გაიარა იმ ადგილზე. თუმცა წინა პოზიციაზე როგორ მოხვდა, არ ვიცი. დაკავებამდე ამბობდა, რამდენიმე პოლიციელი, რომლებისთვისაც შეიძლებოდა აქციის მონაწილეებს რამე დაეშავებინათ, გამოვარიდეო, რომ არ გაელახათო", - განაცხადა კახა ღავთაძის დედამ შორენა ბიწაძემ.
დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
დუმილის უფლებას იყენებს ასევე 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ვატო გელაშვილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა განუცხადა, ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ დაცვის მხარე მტკიცებულებებს გაეცნობა და საქმის დეტალებზე ვრცლად ამის შემდეგ ისაუბრებს.
"შეხვედრა ვერ მოვახერხე ამ ეტაპზე, რადგან გვიანი საათები იყო როცა დააკავეს და შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. დღეს მოხდება მისთვის ბრალის წარდგენა. ამის შემდეგ გადმოგვეცემა გამოძიებაში არსებული ყველა ის მტკიცებულება, რომელზეც გამოძიება ბრალდებას აფუძნებს", - განაცხადა თედლიაშვილმა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ვატო გელაშვილისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა დღის პირველ ნახევარში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავა. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია.
უწყების განმარტებით, 1979 წელს დაბადებული ვ. გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
შსს-ს მტკიცებით, 1996 წელს დაბადებული ი. მ. სამართალდამცველს ურტყამდა რეზინის ხელკეტს და შეკრებილებს მოუწოდებდა პოლიციელებზე თავდასხმისკენ.
რაც შეეხება, 1997 წელს დაბადებულ მ. ფ. - ს, უწყების ინფორმაციით, იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით, პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა მათზე.