ერთი წლის წინ გიორგი კელაპტრიშვილს ვერც წარმოედგინა, თუ ცნობილ კონკურსს "მხოლოდ ქართულს" მოიგებდა. გიორგიმ ცოტა ხნის წინ სოფო ნიჟარაძესთან ერთად, სიმღერაზე "ძველი ჰანგი" დუეტი ჩაწერა, რომლის ვიდეოვერსია ინტერნეტში პოპულარობით სარგებლობს.
"შარშან ამ დროს ჩემს ცხოვრებაში რადიკალურად სხვა სიტუაცია იყო, წარმოუდგენელი იყო იმაზე ფიქრი, თუ მეგაპროექტში გავიმარჯვებდი. მოკლედ, წარმატებას მივაღწიე იმ სფეროში, რომელიც ძალიან მიყვარს. სიმღერა და მუსიკა ჩემთვის განსაკუთრებულად აღმაფრთოვანებელი ამბავია. რაც შეეხება ჩემს ამ სფეროში განვითარებას, ნელ-ნელა ვქმნი საკუთარ პროგრამას, რაღაც კონცერტებისთვის ვემზადები, სიმღერებს ვამატებ, ვფიქრობ ალბომზე, კლიპი უნდა გადავიღო. სიმღერის ავტორი მაია კაჭკაჭიშვილია, ლექსი მამაჩემმა, მიხეილ კელაპტრიშვილმა შექმნა. მგონი, მამაჩემსა და მაია კაჭკაჭიშვილს შორის კარგი კოლაბორაცია შედგა. აქამდე ჩემი სიმღერები უფრო მინორული იყო, ამიტომ ცოტა მაჟორულით შევცვალე, გავამხიარეულე, რადგან გარშემო ისედაც ამდენი სევდაა და მინდა, 2-3 წუთი ცოტა გავხალისდეთ. ამ სიმღერაზე კლიპს "კობი" გადაიღებს, მან გამარჯვებისას დამასაჩუქრა".
- რას იტყვი შენი და სოფო ნიჟარაძის დუეტზე "ძველი ჰანგი", რომელზეც კლიპიც გადაიღეთ...
- კი, ამ პროექტზე მუშაობისას კარგი ადამიანები შეიკრიბნენ, კომპოზიციის ახალი ვერსია ზვიად ბოლქვაძეს ეკუთვნის, კლიპი ნიკა ლომიძემ გადაიღო.
"რუსთავი 2"-მა შემომთავაზა, გვინდა, შენი კლიპი გადავიღოთო. ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა, გაკეთებულიყო და ასეთი აზრი მოვიდა, სოფოსთვის მადლობის გადახდა მომინდა. მე ხომ მისი "ოქროს ღილაკი" ვარ?! მხოლოდ მადლობაც არ იყო, ჯერ ის, რომ მასთან ერთად კლიპში იმღერებ, მგონი, პატარა ამბავი არ არის. ამ საქმეში ნიკა გვარამია გვერდში დაგვიდგა, პროექტის პროდიუსერი იყო. მოკლედ, მადლობა ყველას! მადლობა ჯგუფს "ნიუტონი" და მესაყვირე კემოს.
- როგორი იყო სოფოსთან მუშაობა?
- სოფოსთან მანამდეც მიმუშავია, მაგრამ სიმღერის ჩაწერისას თანამშრომლობა კიდევ სხვა რამ იყო. ყველაფერს პროფესიონალურად უდგება. მეც ჩემი გემოვნებით ვახერხებდი, რომ მისთვის რაღაც შემეთანხმებინა და შემეთავსებინა. ასე შედგა ჩვენი კოლაბორაცია. სიმღერა "ბრავორეკორდსში" ძალიან მალე ჩავწერეთ. ხმის რეჟისორი ალეკო ბერძენიშვილია. ასევე მალე გადავიღეთ. მიხარია, რომ დუეტი აღჟერებისთანავე ბევრმა აიტაცა და ინტერნეტში უკვე პოპულარულია. ბევრი მწერდა, რომ მისამღერი გვაქვს აკვიატებულიო.
- ახლა რა გეგმები გაქვს?
- ბათუმში კონცერტებია ჩანიშნული. ოდესაში ვაპირებ გამგზავრებას, პროდიუსერის ინიციატივით მივემგზავრები. თბილისში კონცერტის გაკეთებას არ ვჩქარობ... მინდა, მანამდე მაქსიმალურად მოვასწრო ის, რაც გეგმაში მაქვს. მერე უკვე თბილისში კონცერტს დავგეგმავ.