მოსამართლე ილონა თოდუა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ილონა თოდუა ჯანეზაშვილის ბრალდებებს განცხადებით პასუხობს და განმარტავს, რატომ გადააფორმა წლების წინ მის კუთვნილებაში არსებული ბინა დედაზე და რატომ უხდიდა 3 წლის განმავლობაში ბინის ქირას იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
„მოგახსენებთ, რომ წარმოვადგენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს. 1999 წელს დევნილობის საწყის და უმძიმეს პერიოდში, ჩემი მშობლების უმძიმესი შრომისა და გარჯის შედეგად, შეძენილ იქნა ქ. თბილისში, მე-8 ლეგიონის დასახლებაში ოროთახიანი (ხრუშოვკის) ტიპის 49 კვ.მ. ბინა, რომელიც ჩემს საკუთრებად დარეგისტრირდა, ვინაიდან სხვა შვილი ჩემს მშობლებს არ ჰყავთ. საგულისხმოა, რომ 1999 წელს ვიყავი სტუდენტი და არათუ უძრავი ქონების შეძენის, არამედ, რაიმე ტიპის საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის შესაძლებლობაც არ გამაჩნდა, რადგან სრულად ვიყავი დამოკიდებული ჩემს მშობლებზე, ვიმყოფებოდი მათ კმაყოფაზე და აღნიშნული უძრავი ქონების შეძენისას არც ერთი თეთრით ჩემი მშობლებისათვის დახმარების გაწევა არ შემეძლო“, - ნათქვამია მოსამართლის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მშობლებისთვის ბინის გადაფორმების გადაწყვეტილება დაოჯახების შემდეგ მიიღო, ვინაიდან მის მეუღლესაც არ ჰქონდა საკუთრებაში უძრავი ქონება დარეგისტრირებული.
„მე და ჩემი მეუღლე ქირით ვცხოვრობდით ჯერ გლდანის მე-6 მკ.რნ-ში, შემდეგ მე-3 მკ.რნ-ში. ამ პერიოდში, ვინაიდან უკვე ვიყავი მოსამართლე და არ გამაჩნდა საკუთარი საცხოვრებელი, მივმართე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, რომელმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, უზრუნველყო ჩემთვის საცხოვრებელი ფართის ქირავნობის საფასურის ნაწილის გადახდა (თანხის ნაწილს ვიხდიდი თავად). აღსანიშნავია, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვისთანავე, დაუყოვნებლივ ვაცნობე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტს, რათა შეწყვეტილიყო ჩემთვის საცხოვრებელი ბინის დაქირავების თანხის გადახდა და ასევე, დაუყოვნებლივ დავაბრუნე ჩემთვის სამსახურეობრივად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალება. აქვე მოგახსენებთ, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, მოსამართლედ ხელახლა გამწესებამდე და გამწესების შემდგომ, ჩემივე ხარჯით (ქირით) გავაგრძელე ცხოვრება ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად დაქირავებულ ბინაში, საკუთარი საცხოვრებელი ბინის შეძენა კი მოვახერხე მხოლოდ 2018 წლის ნოემბერში, საბანკო კრედიტის დახმარებით. სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანონით მისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად მოსამართლის დისკრედიტაციას ეწევა მიუღებელი ფორმით. ზემოაღნიშნული ცილისმწამებლური კამპანია, ჩემი მოსაზრებით, მიზნად მხოლოდ ერთ რამეს, ჩემი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის დისკრედიტაციას ისახავს,“- ნათქვამია მოსამართლე ილონა თოდუას განცხადებაში და იქვე მითითებულია, რომ ის მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს დეპუტატებს გააცნო უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია. 50 კანდიდატიდან ერთ-ერთი მოსამართლე ილონა თოდუაა. ჯანეზაშვილის ინფორმაციით, თოდუამ 2014 წლის 12 თებერვალს კუთვნილი ბინა გადააფორმა დედაზე, 5 დღეში კი ლევან მურუსიძის ხელმოწერით მიმართა, დაენიშნა მისთვის ბინის ქირა, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა და ჯამში 20 ათასი ლარი შეადგინა. ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ყურადსაღები და შესასწავლია.