სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ კელიებიდან ხატები მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გამოიტანეს.
როგორც კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აზერბაიჯანული მხარის გადმოცემით, მათი თვითმიზანი არ ყოფილა ხატების კელიებიდან გამოტანა იმ მიზნით, რომ ამ ხატებს იქ არაფერი ესაქმება.
"მათ განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ხატები ზიანდებოდა, როგორც ქარის, ასევე წვიმის შემთხვევაში და ბრალდებები რომ არ ყოფილიყო მათი მისამართით, რომ ეს მათ დააზიანეს, ამიტომ ამოიტანეს ხატები აღდგომის მონასტერში და გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს", - განაცხადა კუპატაძემ.
როგორც თეიმურაზ კუპატაძემ განმარტა, იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი და თავიდან იქნას აცილებული პროვოკაციები და დაძაბულობა, ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "რამდენიმე დღე მოქალაქეები ზემოთ არ ავიდნენ".
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რამდენიმე დღის შემდეგ აღდგომის მონასტერზე მისვლა შესაძლებელი იქნება. კუპატაძის თქმით, აზერბაიჯანული მხრისგანაც "არის მზაობა, რომ დაბრუნდეს ის რეჟიმი, რაც იყო წინა დღეებში".
ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს 14 ივლისს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და საქართველოს ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი ინციდენტი.
"შეხვედრა დასრულდა. ჩვენ განვიხილეთ გუშინდელი ინციდენტი აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. გავცვალეთ ინფორმაცია, ასევე განვიხილეთ ის პერიოდი, რა პარიოდშიც იქნება აკრძალვა ამ საზღვრის შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება ახსნილი და დაუბრუნდება ძველ რეჟიმს სიტუაცია. მოქალაქეები და ასევე მომლოცველები, ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე. რაც შეეხება ინციდენტს, გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან. მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი, თუმცა სიტუაცია მათ შორის ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად დროულად იქნა განმუხტული. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. არის მშვიდი ვითარება", - განაცხადა კუპატაძემ.
მისი თქმით, შსს მოუწოდებს საზოგადოებას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აყვებიან პროვოკაციებს და სადელიმიტაციო კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცენ, ვინაიდან დროულად გადაწყდეს არსებული პრობლემა და ეფექტური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.