უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 16-18 ივლისს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, დღის მეორე ნახევრიდან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
„ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ქრის, რაც მთელი დღე შენარჩუნდება, ოღონდ დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს. სანაპირო რაიონებში ქარი მიმართულებას შეიცვლის და გადავა სამხრეთ დასავლეთის ქარზე. ასევე, დასავლეთსა და აღმოსავლეთში დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 16-18 ივლისს, ამ სამი დღის განმავლობაში, ღამისა და საღამოს საათებში უმეტეს რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა მაინც მოსალოდნელია. შედარებით მაღალი ტემპერატურა იქნება აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში 30-35 გრადუსია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში ხვალიდანვე, 16-18 ივლისს 24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება ჰაერის ტემპერატურა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, დღის მეორე ნახევარში ბარსა და თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,“ - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.