თითქმის ერთი კვირაა საბერძნეთის ქალაქ ათენში 16 წლის ქართველ გოგონას ეძებენ. არასრულწლოვანი ლ.მ-ს ძიების საქმეში ჩართულია საბერძნეთის უშიშროების სამსახური და სამართალდამცავი უწყებები.
გაუჩინარებული გოგონას მშობლები საქართველოში, ქობულეთის რაიონ სოფელ სამებაში ცხოვრობენ, ხოლო საბერძნეთში იგი დედამთილთან, მულთან, მეუღლესა და ხუთი თვის შვილთან ერთად ცხოვრობს. არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ განსხვავებული ვერსიები აქვთ გოგონას მშობლებსა და ქმრის ოჯახს.
დაკარგულის მული AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ გოგონა სავარაუდოდ სახლიდან გაიპარა და უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად მიიმალა.
6 დღის წინ დაკარგული გოგონას მული ირწმუნება, რომ მათ ხელთ აქვთ პაკისტანის მოქალაქე ალი ჰასანისა და მათი რძლის მიმოწერის ამსახველი სქრინები, რომელიც მოწმობს, რომ გოგონა მამაკაცთან ახლო ურთიერთობაში იყო და სავარაუდოდ, მასთან ერთად აპირებდა გაქცევას. პოლიციამ გამოაცხადა ძებნა პაკისტანის მოქალაქეზეც და აღმოჩნდა, რომ ისიც რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა.
რაც შეეხება არასრულწლოვანი გოგონას მშობლებს, ისინი მომხდარს ოჯახურ კონფლიქტს უკავშირებენ და ამბობენ, რომ აქვთ საეჭვო ვერსიები, რომელზეც საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს გოგონას ქმრის და. ის AMBEBI.GE-სთან დეტალებს ყვება:
"არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია მეუღლესთან. ექვსი თვის წინ ჩამოვიყვანეთ, ორსული იყო და აქ იმშობიარა. ცხოვრობდა ცოლ-ქმარი ჩვეულებრივად. ოჯახური კონფლიქტი არ ყოფილა, რასაც ამბობენ ჩემი რძლის მშობლები. დატოვა ჩვილი, ხუთი თვის ბავშვი და გაიქცა.
ჩვენ ვნახეთ მისი "ფეისბუქი" და აღმოვაჩინეთ მიმოწერები პაკისტანელ ბიჭთან. სავარაუდოდ, მასთან ერთად არის გაქცეული. მთავარია გამოჩნდნენ და მშვიდობა იყოს. პოლიციამ ვერც ეს ბიჭი იპოვა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი გარკვეულ უკანონო საქმიანობაშია ჩართული. კერძოდ, ყიდდა უაქციზო სიგარეტებს, - ამბობს დაკარგული არასრულწლოვნის მული.
რაც შეეხება არასრულწლოვანი გოგონას მშობლებს, ისინი გამორიცხავენ რომ, მათი შვილი 5 თვის ჩვილის გარეშე სადმე წასულიყო და გაუჩინარებას კონკრეტული მიზეზი აქვს:
"მაგათ როგორც აწყობთ ისე ლაპარაკობენ. ჩემი შვილი ხუთი თვის შვილს არაფრით არ დატოვებდა და არავის გაეკიდებოდა! ბოლო პერიოდში ხშირად მწერდა, წამიყვანეთ აქედან, ვეღარ ვძლებო. რადგან არასრულწლოვანია, მწერდა საზღვარზე არ გადმომიშვებენ, ბავშვს არ გამომატანენ და მის გარეშე თავს მოვიკლავო. შენახული მაქვს ეს მიმოწერები, ყველაფერი.
რამ აიძულა ბავშვი სახლიდან უტელეფონოდ წასულიყო, თავისი შვილის გარეშე?! აქ სხვა ამბავია. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ გვეჩვენება, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დანარჩენს პროკურატურა დაადგენს. ძალიან არადამაჯერებელ რაღაცეებს გვეუბნებიან" - გვითხრა დაკარგული გოგონას დედამ.
მოზარდის მეურვე, ოჯახის ნათესავი, ელენე ლორთქიფანიძე კი AMBEBI.GE-ს თან საუბარში აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ადრეც გაუჩინარდა, თუმცა მალევე დაბრუნდა.
"ორი კვირის წინ, სამუშაოდ იყო წასული მისი მეუღლე და მული, გოგონა კი ბავშვთან ერთად იყო წასული მთელი ღამე. მეორე დღეს მოვიდა საღამოს, გავუბრაზდი, თუ არ მეტყვი სად იყავი, დეპორტით გაგიშვებ საქართველოში-მეთქი. ახლა კი, ორშაბათს დილით 7 საათზე გადავიდა აივნიდან და მის შემდეგ ვეძებთ“, - ამბობს ლორთქიფანიძე.
იმის გამო რომ, დაკარგული გოგონას ახლობლები მის შესახებ ბევრ პირად ინფორმაციას აჟღერებენ და რადგან ის არასრულწლოვანია, AMBEBI.GE შეგნებულად არ აჩვენებს მის სახეს და არ წერს სახელს და გვარს.
გაუჩინარებული გოგონას მამა ჯ.მ ემიგრანტებს სთხოვს, რომ თუკი რაიმე ინფორმაციას ფლობენ ათენში დაკარგული 16 წლის გოგონას შესახებ, დაუკავშირდნენ ნომერზე: 571757920