დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადასახდელად ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა შეეძლება.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ერთთვიანი აბონიმენტის დანერგვა 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.
- „სქემა ისე უნდა აეწყოს, რომ პატარა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დიდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომის ძალიან კომფორტული მოდელი გვქონდეს, მათ შორის, გადახდის სისტემასთან დაკავშირებითაც. ადამიანს ექნება ან აბონიმენტი, ან დილით აიღებს ბილეთს, რომელიც დაფარავს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსს და ასევე დაფარავს იმ მცირე ზომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც იმოძრავებს დამაკავშირებელ ქუჩებზე. ანუ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ ინტეგრირებული გადახდის სისტემით გადაიხადონ ერთხელ და გადაჯდომა მოახდინონ ახალი ე.წ. „მარშრუტკიდან“ ავტობუსში, თუ დასჭირდებათ ავტობუსიდან მეტროში. აღარ იქნება დუბლირება, როგორც დღეს არის. ხალხს არ უნდა მოუწიოს ცალკე მეტროში, ცალკე ავტობუსებში და სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის საფასურის გადახდა, არამედ, გადაიხადონ ერთხელ, იმ ბილეთის ვალიდაცია გააკეთონ და ეს ერთი ბილეთი გამოიყენონ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
- მათ შორის ვგეგმავთ ამ სქემაში საბაგიროს ჩართვასაც. როგორც საზღვარგარეთ არის „ოფციები“ ასარჩევი, ისე იქნება აქაც, რასაც გინდა იმას იყიდი. გექნებათ საშუალება, რომ ერთი ავტობუსის ბილეთი იყიდოთ, თუ ერთი ავტობუსით გადაადგილდებით ძირითადად, ან იყიდოთ ავტობუსს პლუს მეტრო, ან ავტობუსს პლუს სამარშრუტო ტაქსი. თქვენ თავად აირჩევთ „ოფციას“. თუ იცით, რომ ყოველდღე მოდიხართ მერიაში, იყენებთ „დელისის“ მეტრომდე სამარშრუტო ტაქსს, შემდეგ ავტობუსს ან მეტროს, იყიდი ამ მარშრუტის ბილეთს. ასევე გვექნება ერთჯერადად ბილეთების ყიდვის საშუალებაც სხვა მიმართულებებზე. მიზანი არის ის, რომ ზუსტად იცოდეს მოსახლეობამ რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ადგილზე მისასვლელად. მეტროდან რომ ადამიანი ამოვა, მან უნდა იცოდეს რა დროში მოვა ავტობუსი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს“, - განაცხადა ბითაძემ.
ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თბილისის მერია ჯართში ჩააბარებს.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, „ბოგდანის“ ავტობუსების უმრავლესობა ჩამოსაწერია.
- „ავტობუსები, რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას ჩანაცვლების მომენტში, ან ისეთი ავტობუსები, რომლებიც ვიცით, რომ ხშირად ექვემდებარებიან შეკეთებას, რაც არახარჯთსარგებლიანია როგორც გარემოს დაცვის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი ავტობუსები, ბუნებრივია, ჩამოიწერება საერთოდ და მოხდება ჯართში ჩაბარება. ხოლო ავტობუსები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა კიდევ ითვლის 5-6 წელიწადს, შემოწმების შედეგად, შესაძლებელია გადანაწილდეს. თუმცა, წინასაწრი მონაცემებით, არსებულ ავტოპარკზე, ყვითელი „ბოგდანის“ ავტობუსებზე, დიდ იმედებს არ ვამყარებთ. პრაქტიკულად, უმრავლესობა ჩამოსაწერია“, - განაცხადა ბითაძემ.
გარდა ამისა, ტურისტები თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხდიან.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, სერვისით სარგებლობა მოსახერხებელი განსაკუთრებით ტურისტებისთვის იქნება.
- „ერთიანი გადახდის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში ჩართული არის ქართული ბანკების უმრავლესობა. ვაპირებთ ამ სისტემაში უცხოური ბანკებიც ჩავრთოთ. მაგალითად, „დოიჩე ბანკი“ და სხვა ბანკები. ამით ტურისტებს გაუადვილდებათ გადახდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. ფაქტია, რომ ეს თუ არ გავაკეთეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება არ გავაუმჯობესეთ, საცობები ისე არ განიტვირთება. უნდა მივეჩვიოთ წესრიგს. ყველგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გააჩერებს და შესაძლოა, 100-150 მეტრი გაჩერებიდან ფეხითაც მოგვიწიოს გადაადგილება. ახლა მოთხოვნაა, რომ ნაგვის ურნა ყველას სახლთან ედგეს, ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი სახლთან ჩერდებოდეს. ეს ასე ვერ იქნება და ამას უნდა შევეგუოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად დაგეგმილ, თბილისის მერიის ინიციატივებზე „ინტერპრესნიუსმა“ მაია ბითაძესთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.