საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) 20 წლის იუბილეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავს. აქტივობები მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი. ამჯერად კი 9 და 11 ივლისს გაიმართება ორი ღონისძიება, რომელთა მიზანიც საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირება და ამ სფეროში ცნობიერების გაზრდაა.
როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე განმარტავს, Harvard Law School/ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობით, თსუ-ის სტუდენტებს წელს უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა საავტორო სამართალში და გაევლოთ ჰარვარდის პროფესორის უილიამ ფიშერის საავტორო სასერტიფიკატო კურსი. „9 ივლისს კურსდამთავრებულებს დავაჯილდოვებთ. გარდა ამისა, ჰარვარდის სამართლის სკოლასთან მოვაწერთ ხელს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც 3 ყველაზე წარმატებულ სტუდენტს ჩვენი სახელობის სტიპენდია დაენიშნება. ეს სტუდენტები საავტორო სამართალს ჰარვარდის კურსის შესაბამისად სწავლობენ და ჩვენი მიზანია, რომ მათ მეტი დაინტერესება შევუქმნათ საავტორო სამართლის მიმართ. რაც მეტი სტუდენტი და ახალგაზრდა გაიღრმავებს ცოდნა ამ მიმართულებით, მით უკეთესი ჩვენი საქმისთვის,“ - განმარტავს გიგა კობალაძე.
საავტორო სასერტიფიკატო კურსი მოიცავდა როგორც დისტანციურ, ისე ლოკალურ მეცადინეობას. დისტანციურ კურსს უძღვებოდა პროფ. უილიამ ფიშერი, ხოლო ლოკალურ მეცადინეობებს, რომელიც ყოველკვირეულად ტარდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი მარიამ ღუბიანური და ქეთევან ურიდია. კურსი გრძელდებოდა 12 კვირის განმავლობაში. 60-მდე სტუდენტს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს დასკვნითი გამოცდა, გადაეცემათ ჰარვარდის სამართლის სკოლის მიერ დამზადებული სერტიფიკატები. კურსის დახურვა თსუ-ს პირველ კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართება. ამასთან, აფილირებული კურსის ფარგლებში გააფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და პალიტრა მედია ჰოლდინგთან / Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი. ამ პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აფილირებული კურსის კურსდამთავრებულები. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 11 ივლისს კიდევ ერთ ღონისძიებას გეგმავს. როგორც გიგა კობალაძე განმარტავს, 6 საათზე ვაკის პარკში მდებარე მედიათეკაში 4 სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ეს იქნება თავისუფალი საღამო - 20 წელი ხელოვნებისთვის, რომელზე დასწრებაც უფასოა.
18:00 საათზე გაიმართება სანდრო ყანჩელის თავისუფალი ლექცია მუსიკის ინდუსტრიის სამყარო და შემოქმედი. ყანჩელი ისაუბრებს მუსიკალური გამომცემლობებისა და რექორდ ლეიბლების როლზე მუსიკალურ ინდუსტირიაში.
19:00 საათზე ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე ისაუბრებენ თემაზე „ქართველი ქალები თანამედროვე ელექტრო-აკუსტიკურ მუსიკაში“.
20:00 საათზე გაიმართება ალბომის პრეზენტაცია, სახელად, „წითელი რეპრესიები - 20 ქართველი ხელოვანი“. ალბომში შედიან ავტორები, რომლებიც რეპრესიებს შეეწირნენ. აქვე იქნება ამ ადამიანების ფოტოები და მოკლე ბიოგრაფია. ღონისძების ამ ნაწილზე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც არიან მოწვეულები.
21:00 საათზე დაიწყება LIVE სეტი Nikakoi & Tusia Beridze. ნიკა და ტუსია დამსწრე საზოგადოებისთვის დაუკრავენ.
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია წლის განმავლობაში კიდევ არაერთ ღონისძიებას გეგმავს.