ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მაუწყებლობას დროებით წყვეტს. შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება იქამდე იმოქმედებს, ვიდრე არხის უსაფრთხოება დაცული არ იქნება.
მანამდე „რუსთავი 2“-თან შეკრებილებსა და ამავე არხის ჟურნალისტებს შორის, რომლებიც აქციას აშუქებენ, ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფებს მუშაობაში პრობლემებს უქმნიან და მოუწოდებენ მათ, დატოვონ ტელეკომპანია.
აქციაზე პერიოდულად სკანდირებენ „წადი“, „არ გვინდა ბოდიში“. მოქალაქეები ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.