ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, „ღირსების მარში“ 8 ივლისს გაიმართება.
„ერთი მხრივ გასაგებია, რატომ არ სახელდება ღონისძიების ადგილი და დრო. მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლებას ამით ხელში უგდებენ პირდაპირ ინსტრუმენტს, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი და პრაიდი ერთმანეთში აზილოს. უკვე ისმის მოწოდებები, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეებმა გაავსონ რუსთაველი. ეს არის ძალიან ბინძური თამაში, რომელშიც ნებსით თუ უნებლიედ პრაიდის ორგანიზატორებიც მონაწილეობენ. თუ ეს ასე არ არის, დაასახელონ დრო და ადგილი. ის მაინც თქვან, რომ ეს რუსთაველზე არ მოხდება“, - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
"ღირსების მარში" 8 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს.
„22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში. ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად "ღირსების მარშს" გავმართავთ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს "ღირსების მარშის" თითოეული მონაწილის უსაფრთხოება“, - ნათქვამია განცხადებაში.
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ვაკის პარკში უკვე შეიკრიბნენ. როგორც გურამ ფალავანდიშვილმა შეკრებამდე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ, რათა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აიკრძალოს.
ამასთან, ისინი 8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ "ღირსების მარშს" გააპროტესტებენ. შეკრებილების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, სად და რომელ საათზე გაიმართება "ღირსების მარში", ისინი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და შეკრებას ხვალ დილიდან, 10:00 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან.