ავტორი:

"შავი ხავერდის გამო  კოტე მარჯანიშვილმა ცეკას მდივანი "მძევლად" აიყვანა... მთავრობას ულტიმატუმი გაუგზავნეს" - ლანა ღოღობერიძის საინტერესო მოგონებები

"შავი ხავერდის გამო  კოტე მარჯანიშვილმა ცეკას მდივანი "მძევლად" აიყვანა... მთავრობას ულტიმატუმი გაუგზავნეს" - ლანა ღოღობერიძის საინტერესო მოგონებები

საქართველოს სახალხო არტისტი, კინორეჟისორი, დიპლომატი, მხატვარი, მთარგმნელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პუბლიცისტი ლანა ღოღობერიძე 90 წლის ასაკშიც ენერგიითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას თავისი წიგნების ოთხტომეული წარუდგინა. ამჟამად, ფილმ "მინდვრის ყვავილების" საბოლოო დამუშავების პროცესშია ჩართული. გადაღებები უკვე დამთავრებულია და ფილმი მზად შემოდგომაზე იქნება. ქალბატონ ლანას მოგონებების სკივრიდან რამდენიმე ეპიზოდს გთავაზობთ:

მთავარი კითხვა

- ბავშვობაში განცდილი ერთ-ერთი უძლიერესი შოკი იყო პირველი ჩხრეკა ჩვენს სახლში. უცნობი კაცები ფურცელ-ფურცელ შლიდნენ ჩემს რვეულებს, იატაკზე ყრიდნენ და ჩექმიან ფეხსაც აბიჯებდნენ. მე უკან მივდევდი, დაყრილ რვეულებს ვკრეფდი და გულმოდგინედ ვაწყობდი საწერ მაგიდაზე. ეს ჩემი გაუცნობიერებელი პროტესტის გამოვლინება იყო. ვუყურებდი, როგორ კრავდნენ წიგნებს, მათ შორის, საბავშვოსაც და წასაღებად სადარბაზოში ალაგებდნენ. უცებ ძალიან შემეშინდა, რომ მამაჩემის მიერ როსტოვიდან გამოგზავნილ პედლებიან მანქანასაც წაიღებდნენ, რომელიც ქვეყანას მერჩივნა. ჩუმად გავიპარე დერეფანში და მანქანა საგულდაგულოდ გადავმალე, ანუ კუთხეში მივაყუდე, ჩემი პალტო მივაფარე და თვითონ წინ დავუდექი. ამოვისუნთქე მხოლოდ მაშინ, როცა კაცებმა დერეფანი ჩაიარეს და მანქანას ზედაც არ შეხედეს. ჩემი პირადი ავლადიდების დაცვასთან ერთად, არ მასვენებდა მთავარი კითხვა, რომელზეც აუცილებლად და იქვე უნდა მიმეღო პასუხი. დედაჩემს ფეხდაფეხ დავდევდი და ვეჩურჩულებოდი: დედა, მამა მართლა ტროცკისტი იყო? დედა ღელავდა, არ იცოდა როგორ გავეჩუმებინე. რა თქმა უნდა, თვითონ ეს სიტყვა - "ტროცკისტი" არაფერს ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ ამ შეკითხვით ქვეშეცნეულად მინდოდა ამომეცნო არსი იმისა, რაც ხდებოდა, ანუ გამეგო ყველაზე მთავარი, სად იყო სამართალი, რომლის მიმართაც ბავშვს თანდაყოლილი ინტუიციური მისწრაფება აქვს.

მამა და კოტე მარჯანიშვილი

- ახალგაზრდა როცა ვიყავი, ჩვენი ოჯახის ახლობლები და ნაცნობები სხვადასხვა ამბავს მიყვებოდნენ მამას შესახებ. ეს მომწონდა. მამა ცეკას მდივანი იყო. მარჯანიშვილის თეატრს რომელიღაც დადგმისთვის დიდი რაოდენობის შავი ხავერდი სჭირდებოდა. თხოვნით მიმართეს მთავრობას, მაგრამ არავინ შეიბერტყა ყური. მაშინ კოტე მარჯანიშვილმა (ჩემი მშობლების დიდი მეგობარი იყო და მოგვიანებით ჩემი ნათლიაც გახდა, სახელი ლანაც მან დამარქვა) და მამამ მოილაპარაკეს, მამაჩემი მისივე ნებით მძევლად აიყვანეს და მთავრობას ულტიმატუმი გაუგზავნეს: სანამ 100 ან 200 მეტრ შავ ხავერდს არ გამოგვიყოფთ, თქვენს ხელმძღვანელს არ გავათავისუფლებთო. ორი თუ სამი დღე მთელი დასი, გამოკეტილი ცეკას მდივანთან ერთად, მარჯანიშვილის მეთაურობით თეატრში იჯდა, მსახიობებისთვის ჩვეული მხიარულებით ატარებდა დროს და ულტიმატუმზე პასუხს ელოდა. ხელისუფლებაში აყალმაყალი ატყდა, მაგრამ მარჯანიშვილი იმ დროს უკვე საქვეყნოდ აღიარებული ავტორიტეტი იყო და თავის სიტყვას არ გადადიოდა. ბოლოს მთავრობამ დათმო, საიდანღაც ასიოდე მეტრი შავი ხავერდი გამოაჩინა, რითაც მამა ნებაყოფლობითი ტყვეობიდან დაიხსნა. თბილისელები მოწმენი გახდნენ, როგორ მიდიოდა რუსთაველის გამზირზე მსახიობებისა და ხელმძღვანელი მუშაკებისაგან შედგენილი მხიარული პროცესია, მარჯანიშვილის თეატრიდან ცეკას მიმართულებით და როგორ მიიმალა ის მთავრობის შენობაში.

პასტერნაკი

- ბევრ რუს პოეტს უყვარდა საქართველო, მაგრამ მგონია, რომ პასტერნაკის სიყვარულს მაინც სხვა ფესვები ჰქონდა. მახსოვს ერთი ადრინდელი საღამო საქართველოს მწერალთა კავშირში. პასტერნაკი კითხულობდა ქართველი პოეტების თავისეულ თარგმანებს და დარბაზი სულგანაბული უსმენდა. მწერალთა კავშირის საღამოს შემდეგ რამდენჯერმე შევხვდი პასტერნაკს მოსკოვში, მამიდაჩემის ოჯახში. პოეტი დარეკავდა, მოვიდოდა და მაშინვე კომუნალური ბინის დერეფანი და დოლიკოს (ელენე) ოთახი იმსჭვალებოდა მისი სრულიად განსაკუთრებული თავაზიანობით და ყურადღებით, მართლაც ყოველი ადამიანის მიმართ. დოლიკო სკეპტიკურად შესცქეროდა დიდი პოეტის ხალხში გასვლებს და ცდილობდა, პასტერნაკი სასწრაფოდ შეეყვანა თავის ოთახში. შემოვიდოდა პასტერნაკი და მას მონუსხულივით თვალს ვერ ვაცილებდი. მისი პიროვნება ისევე მაჯადოებდა, როგორც მისი პოეზია. ერთხელ მამიდაჩემმა უთხრა, რომ მე ვთარგმნე უიტმენი და თაგორი. უხერხულად ვიგრძენი თავი მისი აღელვების გამო. მთხოვა რამე წამეკითხა. წავიკითხე თაგორი ქართულად "როდესაც ჩაქრა სასთუმალთან ლამპარი მნათი..." ცხადია, არც ერთი სიტყვა არ ესმოდა, მაგრამ თვალდახუჭული მისმენდა, დიდხანს იყო გაჩუმებული, მერე ბორძიკით თქვა: ყოველთვის ვიცოდი, რომ ქართული ენა პოეზიისთვის არის გაჩენილიო. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ზუსტად ვიცოდი, რომ იმწუთას თავის მეგობრებზე - ტრაგიკულად დაღუპულ ტიციანსა და პაოლოზე, მათ ლექსებზე ფიქრობდა. იმ დროიდან დამრჩა რელიკვია - პასტერნაკის ხელით გადაწერილი "ჰამლეტი" წარწერით - ელენე ღოღობერიძეს. ის დღე ლურსმანივით ჩამეჭედა მეხსიერებაში.

მეცამეტე ნომერი

- 20 წლის ასაკში თავს დამატყდა მთელი ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი დიდი სიყვარული. ბაკურიანში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები. ერთ ოთახში გოგოები ვცხოვრობდით, გვერდით - ბიჭები, შუაში საშინლად მხრჩოლავი შეშის ღუმელი გვედგა. ბოლი თვალებს გვიწვავდა და გვახრჩობდა, მაგრამ მაინც ვანთებდით, რომ არ გავყინულიყავით. იმ საღამოს დიდი მღელვარება გვქონდა, მეორე დილას სლალომისა და სწრაფდაშვების შეჯიბრებაში უნდა გამოვსულიყავი. იქამდე არც ერთ თბილისელ გოგოს არ მიეღო სათხილამურო შეჯიბრებაში მონაწილეობა, მხოლოდ ბაკურიანელი და სვანი გოგოები ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობაში. მთელი ღამე არ მეძინა. დილას, ჩვენი გოგო-ბიჭებით გარშემორტყმული მივედი პარკში, იქ უკვე საზეიმო განწყობა სუფევდა. ჯერ ბიჭების შეჯიბრება უნდა ჩატარებულიყო, მერე გოგოების. სამკერდე ნომრების დარიგების დრო დადგა. გაირკვა, რომ ნომრები ყველას არ ჰყოფნიდა, ამიტომ ისინი ჯერ ბიჭებს დაურიგეს და მერე იმავე ნომრებით, ჩვენ უნდა გამოვსულიყავით. მე მეცამეტე ნომერი შემხვდა და იგივე ნომერი - ლადო მესხიშვილს!..წაიკითხეთ სრულად

"თუ ამას ვერ მიხვდება ჩვენი მოსახლეობა, ისევ გველის კარანტინი და ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა" - ბიძინა კულუმბეგოვი

„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

"გამიმართლა ცხოვრებაში, რომ ჯერ მარიამს შევხვდი, შემდეგ კი ბატონი პაატას ოჯახს" - რას ყვება პაატა იმნაძის ოჯახის დამხმარე?