"გახარია სინდისიც კარგი საქონელია", "ის ვინც არ იბრძვის ვერ იმარჯვებს",- ამ ლოზუნგებით ბათუმში ევროპის მოედანზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ევროპის მოედანზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდების გაერთიანება "ბათუმი თავისუფლებისთვის" წევრები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეებმა, ევროპის მოედანზე საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანებისა და 2008 წელს ომის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლების სია გამოფინეს. ასევე აქციაზე ქართველი მწერლების და პოეტების ფოტოები გამოფინეს, მათ ერთი თვალი აქვთ ახვეული წარწერით "20% ოკუპირებულია".
"პროტესტის მე-14 დღეა და ცხადია, ჩვენც ევროპის მოედანზე ვდგავართ. დღეს კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რომ რის გამო დაიწყო პროტესტი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა როგორ დაიკავა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. დღეს გამოვიფინეთ მეფის რუსეთსა და ბოლშევიკებს შეწირული ქართველი მამულიშვილების, საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების ფოტოები წარწერით - "20% ოკუპირებულია". მშვიდობიანი გზებით ვებრძვით ოკუპაციას და ასევე ვებრძვით ხელისუფლების იმ ქმედებებს, რომლითაც დაირღვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ გახარია უნდა გადადგეს",- განაცხადა აქციაზე მყოფმა მალხაზ ჭკადუამ.