სულ მალე, ხაშურელი რამაზ გრიგალაშვილი სარეალიზაციოდ "თვალახვეულ" ჩიტის სახლებს გამოიტანს. ოკუპაციის თემაზე შექმნილი ამგვარი ფერადი სახლების რამდენიმე ეგზემპლარი უკვე მზადაა. ახალ ნამუშევრებს "ახვეულ თვალზე" 20% აწერია, რაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილს აღნიშნავს, ამას დაემატება მავთულხლართიც, შემდეგ კი მის შეძენას მომხმარებლებიც შეძლებენ.
"ოკუპაციის თემაზე ჩიტების სახლების შექმნის იდეა ახლახანს გამიჩნდა. მინდოდა, ამ ფორმით გამომეხატა ერთგვარი პროტესტი ოკუპაციაზე და გარდა ამისა, ხაშურში გამვლელი ტურისტებისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.
რაც შეეხება "თვალახვეულ" დეტალს, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, ბუნებრივია, ოკუპაციას ვაპროტესტებ, თუმცა, არც ის მინდა, ვინმემ ისე გაიგოს ჩემი იდეა, თითქოს, მიმდინარე აქციების თემას ვეხმაურები ან ვინმეს მხარს ვუჭერ. თემატურად სხვა დროსაც შემიქმნია ნამუშევრები, მაგრამ ამგვარი ხაზი - არასდროს. ჩიტების სახლებს ვაკეთებ ზაფხულის თემაზე, ხშირად ფიგურირებს მზე, ჩიტები, მთვარე, ხილი, ყვავილები...
გავაკეთე საქართველოს დროშის გამოსახულებითაც და სხვათაშორის, რუსი ტურისტები არ იძენენ საქართველოს დროშიან სახლებს, თავს არიდებენ, სხვები კი ყიდულობენ. ზოგადად, ბევრი მომხმარებელი გვყავს, ყველა ეროვნების ვიზიტორი ჩერდება გზად ჩიტების სახლების, ჰამაკების თუ საქანელების შესაძენად, ახლა კი, ძირითადად, მხოლოდ ფერად სახლებს ვაკეთებ. იმდენად დიდი მოთხოვნაა, ჰამაკებისთვის და საქანელებისთვის დრო აღარ მრჩება“, - ამბობს რამაზ გრიგალაშვილი.
ის პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია და ძირითადი საქმიანობაც სულ სხვა სფეროს და კომპანიას უკავშირდება. ჩიტების სახლების გაკეთება კი, დაახლოებით 6 წლის წინ გადაწყვიტა.
"თავდაპირველად, მეუღლემ მთხოვა, რომ ჩვენი ეზოსთვის დამემზადებინა ჩიტის სახლი, შემდეგ, ისე მოეწონა, გადაწყვიტა, გასაყიდად გაეტანა გზაზე, ხაშურში. მოთხოვნა მალევე გაჩნდა, ერთ სახლს მეორე მოჰყვა და ასე, ნელ-ნელა დაიხვეწა დიზაინიც და ტექნოლოგიაც, მერე მიმბაძველებიც გამოგვიჩნდნენ და ახლა ბევრია დაკავებული ამ საქმიანობით, თუმცა, ჩვენი ეს წამოწყება თავიდან არასერიოზულად ჩათვალეს.
ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები მაინც გამორჩეულია. მაგალითად, არ ვღებავ ჩვეულებრივი საღებავით, რომ მალე არ გახუნდეს და არ დაზიანდეს მზეზე, წვიმასა თუ თოვლში. ვიყენებ მდგრად საღებავს, რომლითაც მანქანებს ღებავენ. ბევრი დრო არ მაქვს და როცა სამსახურში ვარ, მაშინ მეუღლე ღებავს პატარა სახლებს, ხატავს, მე კი, ძირითადად, დილით და საღამოთი ვმუშაობ" - გვეუბნება რამაზ გრიგალაშვილი და დასძენს, რომ ეს ხელობა და ჩიტების ფერადი სახლების რეალიზაცია, საკმაოდ შემოსავლიანიცაა. ზუსტად არ დაუთვლია, თუმცა, ფიქრობს, რომ ამ 5-6 წლის განმავლობაში, 5 000-დან 10 000-მდე სხვადასხვა ფორმისა და ზომის სახლი დაამზადა.
"გზებზე რომ ყიდიან ჩიტების სახლებს, ბევრი თავად არ არის ამ ხელობით დაკავებული და ჩემგან მიაქვთ, წინასწარ მითანხმდებიან, რომ ვთქვათ, 10 ან 20 ცალი შეხვდეთ. დიდი მოთხოვნაა, არის შემთხვევები, როცა კომპანიები მიკვეთავენ მათი ლოგოთი“, - აცხადებს რამაზ გრიგალაშვილი.
ერთსართულიანი თუ ორსართულიანი, სხვადასხვა ფერის და ზომის პატარა სახლები სახელოსნოში უკვე მზადაა სარეალიზაციოდ, თუმცა, ჩიტების სახლების ოსტატს ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეების თუ ქვეყანაში ჩამოსული ვიზიტორების რეაქცია აინტერესებს და ოკუპაციის თემაზე შექმნილი "თვალახვეული" ჩიტის სახლების მყიდველამდე მიტანა ეჩქარება...
მოამზადა ია თინიკაშვილმა