19 წლის მაკო გომურს დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა, რის გამოც ის გერმანიაში სხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ 20-21 ივნისის აქციის დარბევის ღამეს დაშავებული გოგონას დამ ია გომურმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პაციენტი კლინიკაში მოთავსებული არც ყოფილა და გერმანიაში ჩასვლის შემდეგ საავადმყოფოში მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა.
"ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე საქართველოდან წასულს აღარ ჰქონია. აქაურმა ექიმებმა გააკეთეს ის, რომ მაკოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაკოს გაუკეთდა ოპერაცია. თვალში ჩაუდგეს ფირფიტა, რომელიც ხელს შეუშლის თვალის მთლიანობის დახშობას.
იყო საშიშროება, რომ პროთეზი ვეღარ ჩაედგათ და ეს ფირფიტა ამისთვის ჩაუდგეს, რომ საშიშროება განეიტრალებულიყო. მას ახლა აღმოაჩნდა დამატებითი პრობლემა ცხვირის ღრუში, რომელიც გამოვლინდა გამოკვლევების შემდეგ. ეს წარმოქმნილია დარტყმის შედეგად. აღნიშნულ პრობლემაზე დღეს მიაკითხავს სხვა კლინიკას“, - განაცხადა მაკო გომურის დამ ია გომურმა.
დეპუტატი სალომე სამადაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მაკო გომურის და აქციის დარბევის ღამეს დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდის - გიორგი სულაშვილის ფოტოს ავრცელებს. ორივე მათგანს თვალის დაზიანება აქვს მიღებული და ამჟამად გერმანიაში იმყოფება სამკურნალოდ.