დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ალ მაკტუმის ცოლი ქვეყნიდან გაიქცა. BBC-ს ინფორმაციით, პრინცესა ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი ლონდონში იმალება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
69 წლის მილიარდერმა შეიხმა მოჰამედმა „ინსტაგრამზე“ ლექსი გააზიარა, სადაც გაურკვეველი ვინაობის ქალს ღალატსა და გაცემაში ადანაშაულებს, თუმცა ყველა ფიქრობს, რომ ადრესატი მისი ცოლია.
45 წლის ჰაია, რომელიც იორდანიაში დაიბადა და განათლება ბრიტანეთში მიიღო, შეიხის მეექვსე ცოლია. ალ მაკტუმს სხვადასხვა მეუღლისგან 23 შვილი ჰყავს.
პრინცესა ჰაია თავდაპირველად გერმანიაში გაიქცა, ახლა კი ლონდონში, კენსინგტონის სასახლის ტერიტორიაზე, 107 მლნ დოლარად ღირებულ სახლში ცხოვრობს და სასამართლო დავისთვის ემზადება.
ყველას აინტერესებს, რამ აიძულა პრინცესა მიეტოვებინა უზრუნველი ცხოვრება დუბაიში და რატომ ფიქრობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ჰაიასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ის დაკავშირებულია შეიხა ლატიფას დუბაიში დაბრუნების საქმესთან - ლატიფა ალ-მაკტუმის ერთ-ერთი შვილია. გოგონა ფრანგი მეგობრის დახმარებით გაერთიანებული საემიროებიდან გაიქცა, თუმცა ინდოეთის სანაპიროსთან მის გემს შეიარაღებული პირები დახვდნენ და დუბაიში დააბრუნეს.
პრინცესა ჰაიამ ამის შემდეგ ირლანდიის ყოფილ პრეზიდენტთან მერი რობინსონთან ერთად დუბაის რეპუტაციის დაცვა საკუთარ თავზე აიღო.
გაერთიანებული საემიროების სამართალდამცველების თქმით, ლატიფა დუბაიში უსაფრთხოდ გრძნობს თავს, თუმცა ადამიანის უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ის ქვეყანაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დააბრუნეს.
ამის შემდეგ კი, როგორც ირკვევა, პრინცესა ჰაიამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე გასაიდუმლოებული ფაქტის შესახებ შეიტყო და შესაბამისად, ქმრის ოჯახი მის მიმართ მტრულად განეწყო. ჰაია დუბაიში თავს დაცულად აღარ გრძნობდა. ახლა კი შიშობს, რომ შესაძლოა, ლონდონიდან გაიტაცონ და გაერთიანებულ საემიროებში დააბრუნონ.
ჰაიასა და ალ-მაკტუმის დაპირისპირებამ შესაძლოა, უფრო ფართო, საერთაშორისო მასშტაბის პრობლემები გამოიწვიოს. თუ ქმარი მოისურვებს პრინცესა სამშობლოში დააბრუნოს, ბრიტანეთისთვის ეს დიპლომატიური თავის ტკივილი იქნება, რადგან ორ ქვეყანას საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს.
წყვილის დაპირისპირება არანაკლებ უხერხულობას ქმნის იორდანიისთვის, რადგან იორდანიის მეფე, აბდულა ჰაიას ძმა არის, ასობით ათასი იორდანიელი კი სამუშაოდ გაერთიანებულ საემიროებში იმყოფება და შემოსავალს სამშობლოში გზავნის. შესაბამისად, იორდანიისთვის დუბაისთან დაპირისპირება ძალიან მტკივნეული იქნება.