გეგმავთ ზაფხულის საქართველოში გატარებას, თუმცა, არ იცით, სად დაისვენოთ? თქვენთვის უცნობი და გასაოცარი პეიზაჟების შერჩევაში AMBEBI.GE და გამომცემლობა „პალიტრა L” დაგეხმარებათ, რომლის ფოტოგრაფებმაც საქართველო მოიარეს და საუკეთესო ადგილები ფირზე აღბეჭდეს.
ამჯერად, კახეთის რეგიონის 5 ადგილი შევარჩიეთ, რომლებსაც, შესაძლოა, რამდენჯერმე გვერდი ისე აუარეთ, შეჩერება და მონახულება არც გიფიქრიათ, ამ ფოტოების ნახვის შემდეგ კი აზრს შეიცვლით:
1. შავი კლდეების ტბა
შავი კლდეების ტბა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს. ცოტა ხნის წინ, შავი კლდეების ტბის მიმართულებით ბილიკიც გაიხსნა.
ტერიტორია მოიცავს ფართოფოთლოვან ტყეს, რომლის სიგრილე ცხელ ზაფხულში დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ასევე, დაცულ ტერიტორიაზე შეგხვდებათ რცხილნარისა და წმინდა წიფლნარის კორომი, მდინარე ლაგოდეხის ხევი, პატარ-პატარა ჭაობები შეგხვდებათ, ამ გზის გავლის შემდეგ კი ულამაზეს შავი კლდეების ტბას მიადგებით.
აღნიშნული ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, სათავგადასავლოა.
ტერიტორია კავკასიონის მთები ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. კახეთის რეგიონში ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილს წარმოადგენს.
2. ღვინის საცავი „გვირაბი“
რთულია, კახეთის რეგიონში ჩასული, რომელიმე მარანში არ აღმოჩნდე. ყველა გამორჩეულია, თავისი სპეციფიკით ხასიათდება და საუკეთესო ქვევრის ღვინოს გვთავაზობს.
„გვირაბი“ ყვარელში მდებარეობს. ის ალაზნის ველის განაპირასაა აშენებული და უნიკალური ღვინის საცავს წარმოადგენს. საცავი შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს, რადგან გვირაბი სრულად კლდის მასივშია გამოკვეთილი.
ღვინის საცავი „გვირაბი“ 1962 წელს სპეციალურად ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისთვის გაიხსნა და ამჟამად ერთ-ერთი კერძო კომპანიის საცავს წარმოადგენს.
ამავე საცავში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ინახება კახეთის რეგიონის საუკეთესო ღვინოები. მასში მთელი წლის მანძილზე შენარჩუნებულია ბუნებრვი ტემპერატურა - 12-14 გრადუსი.
3. კვეტერა
კვეტერა, იგივე კვეტარი ან კუეტერი ისტორიული ციხე-ქალაქია კახეთის რეგიონში, კერძოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტში. ციხე-ქალაქი მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს მდებარეობს.
ციხე-ქალაქში ბევრი შთამბეჭდავი სანახაობა გელით - შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და ყველაზე მნიშვნელოვანი - გუმბათოვანი ეკლესია
1968 წელს კვეტერაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, სამუშაოებისას აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა არტეფაქტები, რომლებსაც დუშეთის მუზეუმში ნახავთ.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს ულამაზესი ადგილი თქვენს საზაფხულო მოგონებებიდან დაუვიწყარი იქნება, რადგან შთამბეჭდავი ხედები გელით.
4. ყვარლის ტბა
ყვარლის ტბა კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთების ქვეშ მდებარეობს. ტბაზე მისულებს ულამაზესი სანახაობა გელით: ასწლოვანი ხეები, ტბა, რომელშიც მდინარეები ბურსა და ჩაგურგულა ჩაედინება; ტბის უკან ალაზნის ველია, რომელიც შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.
აქვე, შეგვიძლიათ, ტბაში წყლის ველოსიპედით ან კატერით გაისეირნოთ.
5. ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი
ეს შთამბეჭდავი ჩანჩქერი სოფელი გურგენიანიდან 5 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ნინოსხევზე მდებარეობს.
ადგილი ლაგოდეხთან ახლოს არის, ამიტომ თუ საკუთარი ავტომობილი არ გყავთ, ჩანჩქერთან მოხვედრას სამარშრუტო ტაქსითაც შეძლებთ.
ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო კი ისაა, რომ მსურველებს შეუძლიათ, ჩანჩქერის თავზე მოექცნენ და 40 მეტრის სიღრმეზე თავად ჩაიხედონ. ეს შთაბეჭდილება კი დაუვიწყარი ხდება.
ჩანჩქერამდე მისასვლელად შეიძლება, რამდენჯერმე მოგიწიოთ მდინარის გადაკვეთა იმ შემთხვევაში, თუ გაზაფხულზე, წვიმის შედეგად ადიდებულია. ჩანჩქერის მიმდებარედ ნახავთ ამ მიდამოსთვის დამახსიათებელ ფლორას, როგორც ჯონჯოლს, ისე იულიას ფურისულას, წაბლს, ლაგოდეხის ნაღველას და სხვა მცენარეებს. თუ სამშობლოს ეკონომიკის მხარდასაჭერ კამპანიაში ჩაერთეთ და ულამაზეს და იშვიათ ადგილებს ეძებთ, ნინოსხევის ჩანჩქერი თქვენი აღმოჩენა გახდება.
კამპანიაში, რომელიც რუსეთის სანქციების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო, "პალიტრა მედიაც" ჩაერთო. მათ შორის: ტელეკომპანია "პალიტრანიუსი", პორტალი AMBEBI.GE, გაზეთი "კვირის პალიტრა". სასტუმროების მფლობელები შეძლებენ საკუთარი ბიზნესის შესახებ გაავრცელონ ინფორმაცია და მეტ ქართველს მიაწვდინონ ხმა, იმისთვის რომ შიდა ტურიზმით მეტი ადგილობრივი დაინტერესდეს.
"#ქართულიზაფხული არის სამოქალაქო სოლიდარობის აქტი, რომელსაც გვსურს ჩვენთან ერთად შეუერთდნენ ჩვენი მაყურებლები და მკითხველები. თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ #დავაფასოთ საკუთარი და მოვიწყოთ #ქართულიზაფხული" - აცხადებენ "პალიტრა მედიაში".
ახალი კამპანიის შესახებ, დამატებით იდეტალებით დაინტერესებულები დაგვიკავშირდით: 0322196013