გუშინ პარლამენტის წინ აქციაზე ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი მივიდა და იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან აქციაზე "ჰერიო ბიჭებო" და საქართველოს ჰიმნი შეასრულა. აქციაზე ანიტას გამოსვლას ოპერის კიდევ ერთი მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"საპროტესტო აქციაზე ანიტა რაჭველიშვილის სიტყვით გამოსვლამ და სიმღერამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობაში და იმავე წუთში ჩართეს მათი 7 წლის განმავლობაში ერთადერთი წარმატებული იარაღი - ტროლები, რომლებმაც ჩვეული მონდომებით და უხვი შეურაცხყოფით შეამკეს ანიტა.
აქ ახალი არაფერი არ არის, რადგან ამას ჩვენი მთავრობიდან შეჩვეულები ვართ, მაგრამ მინდა ერთ კომენტარზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც გადავამოწმე და ტროლი არ არის. ერთმა ქალბატონმა მიწერა ანიტას: "ანიტა, ერთი ყროყინი შეგიძლია და რამდენს ბედავ". უცებ გამახსენდა ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა და დავინახე ის სამწუხარო რეალობა, რომ ანიტას სიმღერა მათთვის მართლა ყროყინის ტოლფასია.
ჩემო საყვარელო ანიტა, ღმერთს ვთხოვ, რომ მრავალი წელი ასე "გაყროყინოს" ჩვენი ქვეყნის საბედნიეროდ. გკოცნი", - წერს პაატა ბურჭულაძე.
დღეს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მე-11 დღეა, აქციის მონაწილეები კვლავ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
გუშინდელი დღის მსგავსად, დღესაც სცენა ძირითადად, ხელოვნების წარმომადგენლებს დაეთმოთ.