პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს. მმართველი ძალა შს მინისტრ გიორგი გახარიას მხარდამჭერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კონტრაქციის გამართვისგან.
"პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ხედავს და რეალურად აფასებს შექმნილ მდგომარეობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიტანილი შეტევების რეალურ მიზნებს.
განვითარებული მოვლენების ფონზე, საზოგადოებაში ხშირად ისმის კონტრაქციის ორგანიზების მოწოდებები.
ხაზგასმით ვაცხადებთ, საქართველოში დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჩვენი მოქალაქის პოზიციას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩვენი მოქალაქეების ეს უფლება იყო, არის და იქნება დაცული.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ასევე განუხრელად არის და იქნება დაცული ქვეყნის კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუტები ყოველგვარი აგრესიისა და ძალადობისგან.
სახელმწიფო იცავს როგორც მოქალაქეებს, მათი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციას და საზოგადოებრივ მართლწესრიგს.
არსებულ ვითარებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც განიცდიან და ემოციურად რეაგირებენ უკანასკნელ დღეებში შექმნილ სურათზე, თავი შეიკავონ ყოველგვარი კონტრაქციისგან და იმგვარი ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა დამატებითი დაძაბულობა შემოიტანოს და საფუძველი შეუქმნას დესტრუქციულ ძალებს პროვოკაციებისა და დაძაბულობის ინსპირაციისთვის", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.